,,გენიალური ოპერატორი იყო, ძალიან გაუხარდა ფილმზე რომ დავუძახე... გულდასაწყვეტია მისი წასვლა" - ელდარ შენგელაია ლევან პაატაშვილს იხსენებს

eldari

ქართული საოპერატორო სკოლის პატრიარქად მონათლული ლევან პაატაშვილი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მას დიდ იტალიელ ოპერატორებს - ვიტორიო სტორაროსა და პასკუალინო დე სანტისს ადარებდნენ.

ლევან პაატაშვილი გახლდათ დამდგმელი ოპერატორი ფილმებისა - "სხვისი შვილები", "დღე უკანასკნელი დღე პირველი", "ნეილონის ნაძვის ხე", "საკუთარი მიწა", "ნახვამდის, ბიჭებო","ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი", "რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა", "კედელი"... რა თქმა უნდა, ეს მცირე ჩამონათვალია ფილმებისა, რომლითაც მისი შემოქმედება შედგება. მას გადაღებული აქვს ფილმები რუსეთშიც. 

სწავლობდა მოსკოვის სერგეი გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ე.წ ვგიკში. 

ოსტატმა თეატრალურ ინსტიტუტში მუშაობა მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე დაიწყო. პაატაშვილის  პირველ ნამუშევარზე, თენგიზ აბულაძის "სხვის შვილებზე" ამბობდნენ,  კინოში თბილისი ასე არავის გადაუღიაო. 

რეზო ესაძის ფილმების შემდეგ ელდარ შენგელაიას “ცისფერ მთებზე" იმუშავა, სადაც მან გამომცემლობის კაბინეტებში მაგიდებზე სანათები დადგა, სიმყუდროვის შემოსატანად და ადამიანურობას მოკლებული საბჭოთა გარემოს დასათბობად.

ელდარ შენგელაია, როდესაც თავის ამ შედევრზე საუბრობს, ყოველთვის ახსენებს ლევან პაატაშვილს, რომელიც სკურპულოზულად უდგებოდა ყველა კადრის დაყენებასა და გადაღებას. დიდი დრო მიჰქონდა განათების დაყენებასაც, ამიტომაც გაქვს განცდა, რომ ტილოს უყურებ, ტილოს, რომლის ხატვა ეს-ესაა დაასრულა მხატვარმა და გათხუპნული ფუნჯი იქვე შეახვია ტილოში.  

90-იანი წლების დასაწყისში, როცა საქართველოში ყველაფერი აირია, ლევან პაატაშვილი მოსკოვში დაბრუნდა. იქ მას კარგად იცნობდნენ, პატივს სცემდნენ. ოპერატორმა იქ რუსული კინოს კლასიკური ფილმები  - “რომანსი შეყვარებულებზე”, “სიბირიადა”, “სრბოლა” გადაიღო.

მოკლედ, ქართული კინოს ლეგენდარულ ოპერატორს "პრაიმტაიმთან" იხსენებენ.

ელდარ შენგელაია: უდიდესი ოპერატორი და არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. მოსკოვში ცხოვრობდა და იქ მოღვაწეობდა. მარტო ცხოვრობდა. მეუღლე ადრე გარდაეცვალა. შვილი კანადაში ჰყავს.

გენიალური ოპერატორი იყო, თავის საქმის დიდოსტატი.

რეზო ჭეიშვილის რომანის მიხედვით გაკეთებულ სცენარზე ეს ალეგორიული კომედია რომ გადავიღე, დამდგმელ ოპერატორად ლევანი მყავდა.  ერთმანეთი ინსტიტუტში გავიცანით. როგორც ამბობდა, ძალიან გაუხარდა, რომ ფილმზე დავუძახე.

კადრს დიდხანს აწყობდა. შუქ-ჩრდილის დაყენებას იმდენ ხანს ანდომებდა, გადამღები ჯგუფი მას ელოდა. ოპერატორის პროფესიის დაუფლებამდე, ლევანი სწავლობდა არქიტექტურას, ამდენად პირველმა პროფესიამ მისი გამოსახულების წყობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. 

ძალიან გულდასაწყვეტია მისი წასვლა. 

მე ძალიან ვწუხვარ.

თავად დიდი ოპერატორი კი "ცისფერ მთებზე" ასე ჰყვებოდა: "ფილმის მოქმედება თბილისის გამომცემლობაში ხდება. მოგეხსენებათ საჯარო დაწესებულება ვიწრო, ჩაკეტილი სივრცეა, რომელიც გამოტენილია კარადებით, მაგიდებით, მაგიდის სანათებით, საქაღალდეებით, ტელეფონებით, ოთახის მცენარეებით და რა თქმა უნდა ჩაიდნებით. მთელი ეს საკანცელარიო ბაროკო ჭაობივით უძრავ გარემოშია ჩაძირული. ატმოსფერო იმდენად დრომოჭმულია, რომ შენობის ნგრევის მომენტშიც კი მაყურებელი ვერ იგებს რეალობასთან აქვს საქმე თუ მირაჟთან. გარემოსა და მაგიდებისგან არეკლილი რეფლექსური განათება ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ამ დაწესებულებაში არაფერი ხდება, აქ ყველა და ყველაფერი, თავად დროც გაჩერდა" - ლევან პაატაშვილი.

თამაზ ორაშვილმა დიდ ოპერატორთან 90-იან წლებში ითანამშრომლა. პროდიუსერი "პრაიმტაიმთან" მაესტროს იხსენებს.

თამაზ ორაშვილი: - 1991 წელს ზაზა ბუაძემ გადაიღო ფილმი "კედელი". მე ფილმის პროდიუსერი გახლდით. ბატონი ლევანი დაახლოებით 65-66  წლის იქნებოდა, მშვენიერ ფორმაში იყო, შემართული. 

გადაღება სოლოლაკში, ზემო ბეთლემის სახელობის ტაძარში გვქონდა. ტაძარი არ იყო მაშინ მოქმედი.

ფილმი დრამაა. ჟან პოლ სარტრის მოთხრობის მოქმედება გადმოტანილია 1924 წლის საქართველოში. ბოლშევიკების მიერ დაპატიმრებული თავადი წამებისგან თავის დასაღწევად აჯანყებულთა თავშეყრის გამოგონილ ადგილს დაასახელებს. მისთვის მოულოდნელად, აჯანყების ორგანიზატორებს მართლაც ამ ადგილზე მიაგნებენ. სცენარი ზაზა ბუაძეს ეკუთვნის.

ლევან პაატაშვილი კინოოპერატორების პატრიარქი იყო მართლა. ბევრი გამოგონება და მიგნება ჰქონდა.

ტიტულოსანი და ლეგენდარული, ღვაწლმოსილი ოპერატორია. საინტერესო პიროვნება იყო, ცოტა რთული. "ხალტურას" არ იღებდა. უკმაყოფილო იყო უმეტესწილად და რთული იყო მასთან მუშაობა. დიდხანს აყენებდა თითოეულ კადრს, ძალიან პროფესიონალურად უდგებოდა თავის საქმეს. მე გასაღები ვუპოვე და კმაყოფილიც დავრჩი ამ თანამშრომლობით. ხარისხიანად გადავიღეთ ფილმი.  ჩავედი მოსკოვში და ვიყიდე ის ატრიბუტიკა, რაც მითხრა. კოდაკის ფირი იყო რთულად მოსაძიებელი იმ დროს და ვუშოვეთ.  მუშაობაც გაუადვილდა. ხელებ აკაპიწებული ვმუშაობდით. თვითონაც აზარტში იყო. 

მურმან ჯინორია ლევან პაატაშვილს ფილმ "კედლის" გადასაღებ მოედანზე შეხვდა. 

რომან ჯინორია: უდიდესი ოპერატორი იყო. საქართველოში მისი რანგის კინო ოპერატორი აღარ დარჩა. საქმიანად და პროფესიონალურად აკეთებდა თავის საქმეს, თითოეული კადრის დაყენებას. მაღალი კლასის პროფესიონალი იყო, საინტერესო იყო მასთან მუშაობა. გეტყოდა, შეიძლება ასე გააკეთოო? მომთხოვნი იყო, მაგრამ ზუსტად გეუბნებოდა იმას, რაც უნდა გაგეკეთებინა. ძალიან ვწუხვარ.