კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
ბუბა კიკაბიძესა და მის პროდიუსერს, სოსო აბზიანიძეს მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებდათ. უამრავი გასტროლი და კონცერტი, თუ შემოქმედებითი საღამო - შინ თუ გარეთ... სოსო გეგმავდა, ბუბა - მღეროდა. ეს არ იყო ვარსკვლავისა და მისი პროდიუსერის ურთიერთობა, დაძაბული, ანდა ოფიციალური. ეს ორი მეგობრის კავშირი იყო, რომლებიც ერთმანეთს თვალებით უგებდნენ.
ბუბას არანაირი ვარსკვლავური კაპრიზი არ ჰქონია. იყო უშუალო და ძალიან სახალხო. სწორედ ამიტომაც უყვარდათ და ამიტომაც არის, რომ ბატონი სოსო, 15 იანვრის შემდეგ, თავს მხარჩამოვარდნილი გრძნობს.
მან "პრაიმტაიმთან" მეგობარი გაიხსენა ისტორიებით, რომლითაც ბუბას სხვა თვალით დაგანახვებთ.
სოსო აბზიანიძე: იყო ჭეშმარიტი ხელოვანი და პატრიოტი. თავში არასდროს ავარდნია ამხელა პოპულარობა. დაცვას გვერდით არ იყენებდა. ერთ-ორ ისტორიას მოგიყვებით და მიხვდებით, როგორი იყო...
მოლდავეთში გვქონდა კონცერტი. ბუბამ კიშინიოვის საკონცერტო დარბაზში შემოიხედა და მითხრა, ძალიან ცარიელია სცენა და ეგებ რაიმეთი შეავსოთო. ვნახე მუშები, დაველაპარაკე და რაღაც დეკორაციები ამოვატანინე სცენაზე. ვაჩვენე, რაღაცები გადააკეთა და მეუბნება: ახლა იცი, რას გეტყვი, ბიჭო? ოთხი ბოთლი არაყი ამოიტანე, კიდე რაც საჭიროა მოაყოლე და ბიჭებს მიუტანეო. მუშები ერთი რვანი იყვნენ. მოვიტანე ეს ყველაფერი და "კურილკაში" მივიტანე მათთან და გაზეთზე დავუწყე. მერე ბუბასთან მივედი, დავალება შესრულებულია-მეთქი. ახლა ჩამიყვანე მაგათთანო, მთხოვა. კონცერტამდე ხუთი საათია დარჩენილი. მივედით მუშებთან. გადაირივნენ ისინი. ერთი ამბობს, ჩვენ ასეთი ბედნიერება აქამდე არ მოგვცემია. როდესაც ვარსკვლავები ჩამოდიან, დაცვა დაჰყვებათ, ერთი ორმოცი კაცი და ვინ მოგვცემს მათთან მიახლოების უფლებასო. ბუბას დაცვა არ უყვარდა. სულ მაფრთხილებდა, ბიჭო, ვიღაცები არ დაგვახვედრონო. ამხელა ხელოვანს, ასეთი მასშტაბის ადამიანს, თავში რომ არ ჰქონია ეს პოპულარობა ავარდნილი, მსოფლიოში მეორეს ვერ იპოვით. ეს იყო ერთადერთი ბუბა კიკაბიძე. თავი არავისთვის გადაუმეტებია.
მოკლედ, მუშები შოკში იყვნენ, ახლოს ხედავდნენ ბუბას, თავიანთ "კურილკაში". ბუბამ სიმბოლურად დალოცა ისინი, ერთი ჭიქა დალია და მადლობა გადაუხადა. ერთ მუშას ტელეფონმა დაურეკა. გავიდა, ილაპარაკა და მობრუნდა ამ სახელდახელო "მაგიდასთან." ბუბას უყვება, მამას ვესაუბრე და ვუთხარი, ბუბა კიკაბიძე ჩემს გვერდით დგას-მეთქი და არ დამიჯერაო. რატომ არ სჯერა, მოიყვანე კონცერტზეო, უთხრა ბუბამ. ვერ მოვა, მამა ლოგინად არის ჩავარდნილიო. მაშინ, ტელეფონზე დამალაპარაკეო. და ტელეფონზე ესაუბრა იმ კაცს. ის კაციც გაგიჟებულა სიხარულით...
ისრაელში ერთ-ერთ კონცერტზე, 60-65 წლის ქალი მოვიდა, მინდა დედაჩემს შევახვედრო ბუბაო. მოკლედ, დარბაზში ეტლით შემოიყვანა დედა. მოხუცს ალცჰაიმერი ჰქონია და შუშის თვალებით, უმისამართოდ და ურეაქციოდ იყურებოდა აქეთ-იქით. ბუბა მოეფერა, დაელაპარაკა და მოულოდნელად ქალს ცრემლები წამოუვიდა...
შვილმა გვითხრა, ინსულტი აქვს გადატანილი და არ იცით, ახლა რა ბედნიერება მოუტანეთ, მთელი ცხოვრება ბუბაზე იყო შეყვარებულიო...
ასეთი ისტორიები მრავლადაა ბუბას ბიოგრაფიაში.