„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
1977 წელს, კოსმოსურმა ხომალდმა - „ვოიაჯერი“, ოქროს ფირფიტა, რომელზედაც „ჩაკრულო“ იყო ჩაწერილი, მზის სისტემაში გაიტანა.
ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“ „NASA“-მ კოსმოსში გასაგზავნად შეარჩია, როგორც დედამიწის ვარსკვლავთშორისი გზავნილი, უცნობ ცივილიზაციებს.
ორი ქართველი მომღერლის, ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოები „ჩაკრულო“, მთელ საბჭოთა კავშირში ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც მსოფლიოს 27 საუკეთესო სიმღერასთან ერთად, „ნასამ“ კოსმოსში „ვოიაჯერებს“ გაატანა.
ქართული სიმღერა „ჩაკრულო“, რომელმაც 1977 წელს გალაქტიკა „გაარღვია“ და მზის სისტემაში გაიჭრა, 2001 წელს ქართული პოლიფონია იუნესკოს მიერ აღიარებულ იქნა, როგორც კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრი, რომელიც იუნესკოს არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეიტანეს.
გაგზავნილი ხმების სიაში წერია - „ჩაკრულო“, ქართული, და საბჭოთა კავშირის ინიციალები - Chakrulo. Georgian (USSR) Folk Chorus“. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ორივე ხომალდი მზის სისტემას გასცდა და თითქმის 46 წელია კოსმოსში მოგზაურობს.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პირველად ისტორიაში, ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, ბრუნო ვეფხვაძის ნამუშევრებიც კოსმოსში გაიგზავნება.
თანამედროვეობის ქართველი მხატვრის, ბრუნო ვეფხვაძის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია - „მარსის საკურთხეველი“, „დავით აღმაშენებელი“, „გათავისუფლებული იერუსალიმი“, „ლევან დადიანი“ და სხვა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, მისი ნამუშევარი - „მარსის საკურთხეველი“, რეალისტური ფერწერის ამერიკის მე-12 საერთაშორისო კონკურსის ერთ-ერთი გამორჩეული ნახატი გახდა.
ეს გახლავთ თანამედროვე რეალისტურ ფერწერაში ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ტარდება შეერთებულ შტატებში, სადაც მონაწილეობენ მთელი მსოფლიოს პროფესიონალური ფერმწერები, გრაფიკოსები და მოქანდაკეები.
რამდენიმე თვის წინ, ბრუნო ვეფხვაძის ორი ნატურმორტი - „რომაული გაზაფხული“ და „ჰარი პოტერი“ რეალისტური ფერწერის ამერიკის მე-16 საერთაშორისო კონკურსის ფინალში გავიდა, სადაც წარდგენილი იყო
5 400 ნამუშევარი, 75 ქვეყნიდან. ფინალურ ეტაპზე ბრუნო ვეფხვაძის ორივე ნამუშევარი გავიდა.
ფინალი 2023 წელს გაიმართება „სოთბის“აუქციონზე, ნიუ-იორკში და შემდეგ ლოს-ანჯელესში.
ამ სასიხარულო ექსკლუზიურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ვეფხვაძეების სამხატვრო დინასტიის (ივანე, ალექსი და ჯოვანი) წარმომადგენელი, ჰიპერრეალისტური ნახატების ავტორი ბრუნო ვეფხვაძე „პრაიმტაიმს“ ესაუბრა:
მახსოვს პირველი ინტერვიუ „პრაიმტაიმთან“, 2019 წელს ჩავწერე, მას მერე 4 წელი გავიდა და უკვე კოსმოსში მოვხვდი (იცინის). პირველად 1977 წელს გაუშვეს „ჩაკრულო“ გალაქტიკაში და 46 წლის შემდეგ კი ჩემი ნამუშევრები იქნება.
- ორი ნამუშევარი, „ჰარი პოტერი“ და „გაზაფხული“ გაგზავნეთ ამერიკაში და ორივე ნახატმა გაიმარჯვა, საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეთ, რომ დაგეხატათ „ჰარი პოტერი“?
მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომწონს ეს ნაწარმოები, ჯერ ფილმი ვნახე და შემდეგ წიგნი წავიკითხე. ბევრად საინტერესო აღმოჩნდა წიგნი, ვიდრე ფილმი.
ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, დამეხატა ნატურმორტის სახით. ერთის მხრივ, საინტერესო იქნებოდა, მეორე - ჩემ თემასთან ახლოს არის, ბოლო ხანებია, ნატურმორტებზე ვმუშაობ. წიგნის კითხვა რომ დავასრულე, ნოსტალგიის გრძნობა დამეუფლა და მომინდა დამეხატა.
დავიწყე ჰარი პოტერის თემაზე, საგნების შეგროვება. მინდოდა, რომ შვიდივე წიგნი ერთ ნახატში წარმომედგინა - დაწყებული წერილებიდან, დამთავრებული ჯადოსნური ჯოხით.
ყველა წიგნიდან თითო დეტალია, რაც მნახველს ნაწარმოებში ამოგზაურებს. მას შემდეგ, რაც „ჰარი პოტერი“ წავიკითხე, ერთი წელი გავიდა და უკვე მეორედ ვკითხულობ.
- უამრავი შესანიშნავი ნამუშევარი გაქვთ, რატომ გააკეთეთ არჩევანი ამ ორ ნახატზე, კონკურსზე გასაგზავნად?
კონკურსზე გასაგზავნი ნახატების რაოდენობა შეზღუდული არ არის, მაგრამ შეზღუდულია „ასაკი“ - ნამუშევრები ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა იყოს შესრულებული, ამიტომ ამ პერიოდის ნამუშევრები შევარჩიე.
რეალისტური ფერწერის ამერიკის მე -16 საერთაშორისო კონკურსში (16th international ARC Salon) მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათასობით მხატვარი მონაწილეობდა 75 ქვეყნიდან. 5 400 ნამუშევარი იყო წარდგენილი.
ჩატარდა ნახევარფინალი, შემდეგ მეოთხედფინალი და ბოლოს ფინალი, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული ფოტოები.
აქ არის 11 კატეგორია, სხვადასხვა ჟანრის მიხედვით. ყოველი კონკურსის შემდეგ, ეწყობა გამოფენა, სადაც მონაწილეობს დაახლოებით 100 -მდე საუკეთესო ნამუშევარი.
გამარჯვებული ნამუშევრები, 2023 წლის ივლისში, ნიუ-იორკში „სოთბის“ გამოფენაზე გაიგზავნება, სადაც ჩემი ეს ორი ნამუშევარი - „ჰარი პოტერი“ და „რომაული გაზაფხული“ იქნება წარდგენილი.
ჩემი ორი ნამუშევარი, გამარჯვებულ ნახატებს შორის, სამეულში მოხვდა, მაგრამ უპირატესობა „ჰარი პოტერს“ ენიჭება. „სოთბის“ აუქციონზე ეს ნახატი გაიგზავნება, კოსმოსში კი, ორივე ნამუშევარი.
- კოსმოსში თქვენი ნამუშევრების გაგზავნა მართლაც საოცარი ამბავია, როგორ გაიგე პირველად?
კონკურსის შედეგები რომ გამოქვეყნდა, საიტზე შევედი, რომ მენახა, თუ რა ბედი ეწია ჩემს ნამუშევრებს. შედეგით გახარებული, მთავარ გვერდზე გადავედი და აღმოვაჩინე, რომ „ჰარი პოტერმა“ საპატიო ადგილი აიღო, მეორე ნახატიც, გამარჯვებული იყო.
ეს ინფორმაცია, რომ ჩემმა ნახატებმა, არა მარტო წარმატებას მიაღწია, არამედ კოსმოსში გაიგზავნება, „ნასას“ გვერდზე იყო გამოქვეყნებული, სადაც ყველა მსურველს შეუძლია დეტალური ინფორმაციის მიღება.
- ეს ინფორმაცია, უკვე გადაწყვეტილი და დაზუსტებულია?
- რა თქმა უნდა, ეს უკვე დაზუსტებული ინფორმაციაა, თუ არ ჩავთვლით გლობალურ პრობლემებს. „სოთბის“ აუქციონზე, მიწვევა უკვე გამომიგზავნეს ნიუ-იორკიდან.
- შენი ნახატები ფოტოებს ჰგავს, ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ ეს ნახატია, გიფიქრია როდისმე ფოტო ხელოვნებაზე?
არასდროს მიფიქრია, სიმართლე გითხრათ, ხატვის გარდა, დრო არაფერზე მრჩება. ამასთანავე, გადაღება არ მეხერხება, ტექნიკასთან შორს ვარ.
- პირველი ნახატი გახსოვთ?
2 წლის ვიყავი, მამამ საღებავები და ტილო მომცა და რაღაც დავხატე, კარგად არ მასოვს. ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი ნამუშევარი აბსტრაქციაში.
- რას გადმოგვცემს თქვენი ნახატები...
ყველა ნახატი ინდივიდუალურია. სხვადასხვა ჟანრში და თემაზე მიწევს მუშაობა. ისტორიული, ყოფითი, ნატურმორტები, პეიზაჟები, კომპოზიციები... რეალურ სამყაროსთან მაქვს შეხება.
- რომანტიზმის მნიშვნელობა მხატვრობაში – მოთხრობა ან ლექსი თუ დაგიწერიათ?
სამწუხაროდ არა, არ მაქვს ნიჭი, მაგრამ მამა წერდა მემუარებს, სამი წიგნი აქვს დაწერილი. ბაბუაც არ წერდა, ალბათ მას ვგავარ.
- საოცარი სამი თაობის წარმომადგენელი ხარ, რომელიმეს ხომ არ გამოარჩევდით?
ვერ გეტყვით, სამივეს თავისი მნახველი ჰყავდა, ნამდვილად ვერ გამოვარჩევ რომელიმეს. ბაბუა (ალექსი ვეფხვაძე), საოცარ კომპოზიციებს ხატავდა, მე ვერც მივალ მასთან, სამაგიეროდ, ნატურმორტებს ვხატავ კარგად.
მამა, (ჯოვანი ვეფხვაძე) უფრო თბილისის პეიზაჟებს და ნატურმორტებს ხატავდა. ყველას განსხვავებული სტილი გვაქვს.
- რა გაძლევთ სტიმულს ხატვის დროს?
- ინტერესი იმისა, რა გამოვა ბოლოს
- თქვენი ხასიათი, თუ გამოიხატება ნამუშევრებში?
- რა თქმა უნდა, მხატვრის ყველა ნამუშევარი, მისი სავიზიტო ბარათია.
- რომელს გამოარჩევდით?
„მარსის საკურთხეველი“, რომელზედაც ასახულია რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობა. სწორედ, ამ ნახატმა გაიმარჯვა რეალისტური ფერწერის ამერიკის მე -16 საერთაშორისო კონკურსში და „ჰარი პოტერი“- ამ ორს გამოვარჩევდი.
ასევე, ლევან დადიანის პორტრეტს, ძალიან საინტერესო იყო ამ პორტრეტზე მუშაობა. ვეცადე, ნახატზე გადამეტანა მისი ხასიათი.
ძალიან რთული პროცესი იყო, რადგან არ ვიცოდი ეს პიროვნება. მოვიძიე ჩანაწერები და მისი ხასიათი შევისწავლე. საინტერესო პროცესი იყო - მისი ტანსაცმლის შეკერვა მომიწია, რომ დამეხატა, რადგან ყველაფერი ნატურიდან რომ ყოფილიყო. ამ სამოსს, დღემდე ვინახავ.
- ყველაზე დიდი დრო რომელ ნამუშევარზე დაგჭირდათ?
ყველაზე დიდი დრო, „რომაულ აბანოს“ მოვანდომე. თითქმის ერთი წელი დამჭირდა, რომ ნახატი დამესრულებინა. თან პანდემიის პერიოდი იყო და უფრო გამიადვილდა, რადგან სახლში ჩაკეტილი ვიყავით, გარეთ არ გავდიოდით.
- ოჯახზე მომიყევით...
მყავს მეუღლე და ერთი წლის ქალიშვილი. მისმა დაბადებამ ბევრი რამ შეცვალა ჩემ ცხოვრებაში, მეტი სტიმული მომცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვანი ადამიანისთვის. უფრო გამილამაზა ცხოვრება, მიხარია სახლში მისვლა.
- რთულია გკითხო, რა გეგმები გაქვთ მომავალში, მაგრამ საინტერესოა...
- ნამდვილად რთული კითხვაა, პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ძალიან მინდა გამოფენა მოვაწყო, მაგრამ ახლო მომავალში ვერ შედგება.
- როგორც თქვენი ინტერვიუდან მახსოვს, 2006 წელს გქონდათ გამოფენა...
- მას მერე არ მქონია, ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი გამოფენა. ძალიან დიდი დრო მიაქვს ნახატის შექმნას და რთულია, საკმარისი რაოდენობის ნახატების მოგროვება.
ეს დამოკიდებულია მხატვარზე. მაგალითად, ბაბუაჩემს, ალექსს, არასდროს ჰქონია პერსონალური გამოფენა. გამოფენას, გარკვეული რაოდენობის ნამუშევრები სჭირდება. როცა ყიდი ნახატებს, ძალიან რთულია მისი შეგროვება.
2019 წელს, ხელოვნების სასახლეში ოთხი თაობის გამოფენა თბილისის მერიის დაფინანსებით მოეწყო, რომელზედაც ვეფხვაძეების ოთხი თაობის გამოფენა და ვეფხვაძეების წიგნის პრეზენტაციასთან ერთად გაიხსნა. ჩემი ბევრი ნამუშევარი პირად კოლექციებში, მუზეუმებშია, შეკვეთებზეც ვმუშაობ.
- როდის უნდა გაგზავნოთ აშშ-ში თქვენი ნახატები?
ამერიკაში ჩემი ნახატების ფოტოები გავაგზავნე და სოთბის გამოფენაზე, ერთი ნამუშევარი „ჰარი პოტერი“ მიმაქვს, სადაც დაჯილდოების ცერემონია და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ფოტოებს აშშ-ში გავაგზავნი, კოსმოსში ჩემი ნახატების ფოტოები გაიგზავნება.