1728420497
Exclusive: „ჩემი ნამუშევარი გამოფენილი იქნება რომში" - გაიცანით, ნიუ-იორკში მოღვაწე ფოტოგრაფი საქართველოდან
ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი ფოტოგრაფი „Dvaliphotography“-ს დამფუძნებელი ხათუნა დვალი, რამდენიმე ხნის წინ, რომში, ინტერნაციონალურ კონკურსის „YICCA“ (International Contest of Contemporary Art) გამარჯვებული გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში მონაწილეობას იღებდა უამრავი ნიჭიერი და წარმატებული სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე ხელოვანი, ნიჭიერმა ფოტოგრაფმა, ათასობით მონაწილეს გაუწია კონკურენცია და 18 საუკეთესო ფინალისტს შორის, ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
ქართველ ფოტოგრაფს „პრაიმტაიმი“ აშშ -ში დაუკავშირდა და წარმატებულ კარიერაზე და მომავალ გეგმებზე, ექსკლუზიურად ესაუბრა:
დავიბადე 1978 წელს. შვიდი წელია ვცხოვრობ ამერიკაში, ნიუ-იორკის შტატში. ჩემი მიზანია, ვიყო წარმატებული ფოტოგრაფი.
- ბევრმა გამოჩენილმა მხატვარმა, ან თუნდაც მოყვარულმა, ხატვას თავი დაანება და ფოტოგრაფიის შესწავლა აირჩია - თქვენ შემთხვევაში, როგორ არის?
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საერთოა ფოტოგრაფიას და მხატვრობას შორის, ხატვა არასდროს მიცდია, სამწუხაროდ, ხატვის ნიჭი არ მაქვს.
- რამდენი წელია, ამ სფეროში მოღვაწეობთ?
თხუთმეტ წელზე მეტია, რაც ფოტოგრაფიაში ვმოღვაწეობ, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სულის განუყოფელი ნაწილია.
- ფოტოგრაფიაში რა ჟანრი გამოგიცდიათ და ამჟამად, როგორია თქვენი სტილი?
ფოტო გადაღებისას მომწონს ბუნებრივი ჩარჩოების შექმნა - მთავარი ობიექტის ჩარჩოდ, ბუნებრივ ელემენტებს ხეებს, ფოთლებს ვიყენებ, რაც ჩემს ნამუშევრებს უფრო მხატვრულ იერს ანიჭებს. ანარეკლების გამოყენებით, მთლიანად ვცვლი მარტივიდან უფრო მდიდარ, აბსტრაქტულ, ან სხვაგვარად, უფრო მხატვრულ გამოსახულებაზე.
ფოტოგრაფიაში, ანარეკლები არის ერთ-ერთი საინტერესო და საოცარი ეფექტები, რომელიც რეალურად ხდება და ჩემს დიდ ინტერესსა და ყურადღებას იპყრობს.
- რამდენად მნიშვნელოვანია ცნობისმოყვარეობა და განწყობა ფოტოგრაფიაში?
ვცდილობ, ჩემ ფოტოებში ადამიანებმა დაინახონ ცნობილი და ჩვეულებრივი ადგილები, უჩვეულო და განსხვავებული პერსპექტივიდან.
ფერთა სპექტრი, ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია ჩემს ნამუშევრებში, რომელიც მნახველთა სასიამოვნო ემოციებს იწვევს.
ადამიანებს, რომლებსაც მუდმივად აქვთ შინაგანი მოთხოვნა, აკეთონ რაღაც განსხვავებული, მათ ბუნებრივად უვითარდებათ თვით მოტივის უნარი, რაც პირდაპირ აისახება განწყობაზე.
მნიშვნელოვანია, იცოდე რა გინდა და რის გაკეთება შეგიძლია.
- რა ქმნის ყველაზე დიდ დისკომფორტს ფოტოგადაღების დროს?
ფოტოგადაღების დროს, ბევრჯერ შეიძლება შეგექმნას დისკომფორტი - ეს შეიძლება იყოს გამოწვეული უამინდობისას, ბევრ ადამიანს უხერხულობას უქმნის კამერა და მათთან მუშაობა, არც ისე იოლია.
ფოტოგადაღების დროს, რამდენჯერმე მომიწია ექსტრემალურ სიტუაციაში ყოფნა, რაც ნამდვილად არ იყო კომფორტული, მაგრამ ეს ჩემი საყვარელი საქმეა და ხშირად არც ისე კომფორტული, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
- პროფესიით მათემატიკოსმა, რატომ აირჩიეთ ფოტოგრაფია?
ფოტოგრაფიაში, მათემატიკა ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამ ორი პროფესიის კავშირი, ხშირად მეხმარება შევქმნა უნიკალური პერსპექტივა. ვთვლი, რომ ფოტოგრაფისთვის ტექნიკური ცოდნა, ისევე აუცილებელია, როგორც ხედვის უნარი.
- ფოტოგრაფია, მათემატიკის ნაწილია - რა კავშირია მათემატიკასა და ფოტოგრაფიას შორის...
ფოტოგრაფია, დაფუძნებულია სხვადასხვა ელემენტებისა და პრინციპების ცოდნაზე, ხშირად ვიყენებთ მათემატიკურ გამოთვლებს, სწორედ ეს უნარები განსაზღვრავს წარმატებულ კომპოზიციას ფოტოში.
ფოტოგრაფიის ჩემს დიდ ინტერესს, საფუძვლად უდევს მათემატიკური აზროვნება, რამაც სრულიად შეცვალა ჩემი ხედვა.
- პირველი გამოფენა...
ჩემი პირველი გამოფენა, შოტლანდიაში, ედინბურგის გულში „Stills Centre for Photography” გაიმართა - გალერეამ, კონკურსის შედეგად გამარჯვებულ ფოტოგრაფებს უმასპინძლა და „დიჯიტალ“ ჩვენება მოაწყო.
ამ წარმატებამ, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კონკურსში გამარჯვებული ფოტო - „Dream of Brooklyn Bridge”, მოტივაციის წყარო გახდა - გამიჩნდა სურვილი, ყველასთვის მეჩვენებინა ჩემი ფოტოები, ხმამაღლა მეთქვა, რას ვგრძნობ, როცა კამერის მიღმა ვდგავარ და თუ როგორია, ჩემი დამოკიდებულება გარე სამყაროსთან.
- როგორ გახდით ლიცენზირებული ფოტოგრაფი, რამდენად რთული იყო თავის დამკვიდრება, რა ბარიერების გადალახვა მოგიწიათ?
დავამთავრე ნიუ იორკის ფოტოგრაფიის ინსტიტუტი -„New York Institute of Photography“ და გავხდი სერტიფიცირებული ოფიციალური ფოტოგრაფი ნიუ იორკში, შემდეგ მიმიწვიეს ამერიკის პროფესიონალი ფოტოგრაფების ასოციაციაში - „PPA Professional Photographer of America” და დღემდე ამერიკის პროფესიონალი ფოტოგრაფების ასოციაციის წევრი ვარ, სადაც განვაგრძე სწავლა და გავხდი სერტიფიცირებული ლიცენზირებული პროფესიონალი ფოტოგრაფი სრულიად ამერიკაში.
ბარიერი იყო უამრავი - გამოცდები, ფოტო პროექტები, ტესტები, ძალიან რთულია გაუმკლავდე ემიგრანტის ცხოვრებას და უარი არ თქვა საკუთარ ოცნებებზე, ხანდახან მიკვირს როგორ შევძელი.
- ამ ეტაპზე გაქვთ საკუთარი კომპანია „Dvaliphotography“- როგორ მოახერხეთ ამ კომპანიის შექმნა?
ხუთი წლის წინ შევქმენი საკუთარი კომპანია -„Dvaliphotography LLC“, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა სახის ფოტოგადაღებას აწარმოებს ნიუ-იორკის შტატში და ასევე, ვირჯინიის შტატში.
ამერიკელებმა კარგი მეგობრობა იციან, აფასებენ გულწრფელ დამოკიდებულებას. მათი მხარდაჭერის მადლიერი ვარ.
- ფიქრობთ, რომ ამერიკაში წასვლით, სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ?
მადლიერი ვარ, რომ ამერიკაში ვიმყოფები, მადლიერი ვარ ამ ქვეყნის, რომ მომცა უსაზღვრო შესაძლებლობა, დავიმკვიდრო თავი, როგორც ხელოვანმა ფოტოგრაფმა.
- რამდენიმე ხნის წინ გაიმარჯვეთ ინტერნაციონალურ კონკურსში - „YICCA International Contest of Contemporary Art“ - სად გაიმართება გამოფენა და რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება თქვენთვის?
ჩემი მორიგი წარმატება უკავშირდება რომს, სადაც გავიმარჯვე ინტერნაციონალურ თანამედროვე ხელოვნების კონკურსში - „YICCA 22/23 International Contest of Contemporary Art“.
დიდი კონკურენცია იყო, რადგან სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული ხელოვანი იღებდა მონაწილეობას, როგორც ფოტოგრაფები, ასევე მხატვრები, მოქანდაკეები.
მოვხვდი 18 საუკეთესო გამარჯვებულთა შორის და ჩემი ნამუშევარი შავ-თეთრი ფოტო - „Women and Childrin” გამოფენილი იქნება რომში „PIAZZA DI PIETRA - FINE ART GALLERY“ -ში.
გამოფენის გახსნა 14 იანვარს შედგება და 27 იანვრამდე გაგრძელდება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება პრესით და ასევე ჩემი ფოტო დაიბეჭდა „YICCA 22/23 International Contest of Contemporary Art“ კატალოგში, რაც ძალიან მახარებს და მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის.
- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ და რა არის საჭირო, ახალი იდეების განსახორციელებლად?
მომავალ გეგმებს რაც შეეხება, გპირდებით, რომ ხშირად გაგახარებთ ჩემი წარმატებით და ჩემი ფოტო ხელოვნება, ყოველთვის საამაყო იქნება ჩემი ქვეყნისთვის.