დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ვეფხვაძეების ოჯახის ხელოვანთა მეოთხე თაობის წარმომადგენელი, მხატვარი ბრუნო ვეფხვაძე, ამერიკის 16th international ARC Salon კონკურსის ფინალისტი გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას, 36 წლის უნიჭიერესი მხატვარი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
„გარიკა ფინალშია
ორივე ჩემი ნატურმორტი - „რომაული გაზაფხული“ და „ჰარი პოტერი“, გავიდა, რეალისტური ფერწერის ამერიკის მე -16 საერთაშორისო კონკურსის (16th international ARC Salon) ფინალში.
მხოლოდ, ეს ორი ნამუშევარი იყო წარდგენილი, არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი ამიერკავკასიიდან. კონკურსის ფინალის გაიმართება ზუსტად ორ თვეში“, - წერს ვეფხვაძე.
შეგახსენებთ, რომ ბრუნო ვეფხვაძე დაიბადა 1986 წლის 20 თებერვალს თბილისში, მხატვარ ჯოვანი ვეფხვაძის ოჯახში. იგი ვეფხვაძეების ოჯახის ხელოვანთა მეოთხე თაობას ეკუთვნის.
ტრადიციას სათავე დაუდო დიდმა ბაბუამ, საქართველოს სახალხო მხატვარმა ივანე ალექსის ძე ვეფხვაძემ (1888-1971). მისი საქმიანობა შემდგომში გააგრძელეს შთამომავლებმა: საქართველოს დამსახურებულმა მხატვარმა ალექსი ვეფხვაძემ (1921-1982) და მისმა ვაჟმა ჯოვანიმ (1949).
ბრუნომ ბავშვობიდანვე დიდი ინტერესი გამოიჩინა მხატვრობაში. 1993 წელს იგი ჩაირიცხა ბავშვთა სამხატვრო სკოლაში, რომელშიც 3 წლის განმავლობაში სწავლობდა.
საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე კი, ბრუნო შევიდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელში, ცნობილი ქართველი მხატვრის თ. ჩხუტიშვილის კლასში.
ამ პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში. 2005 წელს მან შექმნა სადიპლომო ნამუშევარი „გათავისუფლებული იერუსალიმი“, 2006 წელს კი გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
2009 წელს ბრუნო ვეფხვაძემ დაამთავრა ა.ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სპეციალობით ფერწერის რესტავრატორი. მისი ნამუშევრები დაცულია პირად კოლექციებში როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში, თურქეთსა და აშშ-ში.