დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
რუსთაველის თეატრის მსახიობი თენგიზ გიორგაძე, ქართული ფილმის „ჩიორას“ ერთ-ერთი გმირია. 1980 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, ხოლო 2003 წელს სარეჟისორო ფაკულტეტი.
თენგიზ გიორგაძე 1980 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. აღსანიშნავია როლები: კოტე („ხანუმა”), კუკური დიხამინჯია („ძველი სამრეკლო“), სასიძო („სისხლიანი ქორწილი“), ფრედი („საშობაო სიზმარი“), ედგარი („მეფე ლირი“), ბენკო („მაკბეტი“), ბაკური („წათეს წითელი წაღები“), გრიშა (მოხუცი ჯამბაზები) და სხვ.
ფილმის „ჩიორა“ სიუჟეტში - დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, მარი და ნიკა დაქორწინებას გადაწყვეტენ და მშობლებისგან მალულად, ზღვისპირა ქალაქში გაემგზავრებიან.
თუმცა, იქ არავინ ხვდებათ, ფულიც არასაკმარისი აქვთ და ქუჩაში აღმოჩნდებიან, სადაც გაიცნობენ, ასევე მოხეტიალე და მოხერხებულ ჩიორას, რომელიც მათ დახმარებას მოინდომებს.
ყველასათვის საყვარელი ფილმის „ჩიორას“ გმირი ნიკა (თენგიზ გიორგაძე), პირად ცხოვრებაზე და ფილმის გადაღებების, აქამდე უცნობ ისტორიებზე, „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად ესაუბრება:
იმ პერიოდში დავიბადე, როცა თეთრი პური, ნანახიც არ გვქონდა. ტელევიზორი ჩვენ თვალწინ გაჩნდა, არსებობდა, მხოლოდ რადიო. ტელევიზორში მსახიობებს რომ ვუყურებდი, სულ მაინტერესებდა მათი ცხოვრება.
- მოგვიყევით ცოტა რამ თქვენ შესახებ...
ვამაყობ, რომ ზესტაფონში დავიბადე და გავიზარდე, მამა, სოფელ მეორე სვირიდან იყო და ხშირად დავდიოდი სოფეში. დედა, პირველი სვირიდან სულაქველიძის ქალი, ასე რომ ნაღდი სვირელი ვარ (იცინის).
მსახიობები, მხოლოდ ტელევიზორიდან მყავდა ნანახი და ძალიან მაინტერესებდა მათი ცხოვრება და მოღვაწეობა. სწორედ, ეს იყო მიზეზი, მსახიობი გავმხდარიყავი.
სკოლაში( ზესტაფონის №1 საშუალო სკოლა) რომ დავდიოდი, თუ ყურადღებით არ იყავი, შეიძლება ფეხი მოგეტეხა, ჭიშკარს და ფიცარს შორის, ისეთი დაშორება იყო.
ზესტაფონში დავამთავრე საშუალო სკოლა, მაგრამ გამოცდები, კომაროვის სკოლის ფილიალში ჩავაბარე - სკოლის ატესტატი კომაროვის მაქვს.
ტექნიკური საგნებში წარმატებები მქონდა, მაგრამ პროფესია, მსახიობობა ავირჩიე. დღემდე მიყვარს სახლში მუშაობა. უამრავი ხელნაკეთი ნამუშევრები მაქვს. რაც კი შეიძლება, რომ ადამიანმა საკუთარი ხელით გააკეთოს, ყველაფრის ნიჭი მაქვს.
ძერწვა, ხატვა, ჭედურობა, მშენებლობა, ყველაფერს ვახერხებ. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, დამებადა სურვილი, ჩემი შვილიც პერიფერიაში გამეზარდა. მე და ჩემმა მეუღლემ, თბილისთან ახლოს სოფელ კრწანისში შევიძინეთ აგარაკი და სუფთა გარემოში გადავედით საცხოვრებლად, არ გვინდოდა ასფალტზე გაგვეზარდა.
ახლა კი ცხოვრობს ვაკეში, მაგრამ მიხარია, რომ ყველაფრის კეთება იცის. ჩემი წინაპრებიც, თბილისში, სოლოლაკში ცხოვრობდნენ, მაგრამ კომუნისტების დროს ჩამოგვართვეს სახლი და ზესტაფონში გადავიდნენ საცხოვრებლად.
მოკლედ, ეს ფეროს კვამლში გაზრდილი კაცი, საკმაოდ კარგად ვსწავლობდი, ზოგჯერ კი ვზარმაცობდი, მაგრამ მაინც მოვახერხე ჩემი გეგმების განხორციელება.
- კმაყოფილი ხართ თქვენი არჩევანით? რაზე გწყდებათ გული...
სხვათა შორის, არაფერზე, რა პროფესიაც დამაინტერესებს, იმის გაკეთებას ყოველთვის ვახერხებ, როცა მინდა მშენებელი ვარ, მინდა სხვა საქმით დავკავდები.
მსახიობობა, არაფერში არ მიშლიდა ხელს. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, პირდაპირ რუსთაველის სახელობის თეატრში აღმოვჩნდი, სადაც ბუმბერაზი მსახიობების გვერდით მომიწია მუშაობა.
1978 წლიდან რუსთაველის დასში ვარ. გავიდა დრო და ამ ლეგენდარული მსახიობების პარტნიორი აღმოვჩნდი. თითქმის ყველა ვარსკვლავი, ჩემ პერიოდში გარდაიცვალა. ჩემი გულის ტკივილი, ეროსი მანჯგალაძის გარდაცვალებით დაიწყო და კახიმ დაასრულა.
ყველასთან ძალიან კარგი მეგობრობა მაკავშირებდა. რობერტ სტურუას სკოლა მაქვს გავლილი, მონაწილეობა მაქვს მიღებული ქართული თეატრის რეფორმაში, ჯერჯერობით, ისევ რუსთაველის მსახიობი ვარ.
რუსთაველის თეატრმა, ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩემ ცხოვრებაში - უცებ აღმოვჩნდი საოცარი, ბუმბერაზი ვარსკვლავების გვერდით. ეს ის აღმავლობის პერიოდია, როცა სტურუა, კოსმოსურ ხომალდში იჯდა და პირდაპირ მთვარეზე მიფრინავდა.
ძალიან გამიმართლა, ურთულესი იყო რუსთაველში მოხვედრა და ამ დროს, ეს სვირელი ბიჭი, აღმოვჩნდი ვარსკვლავების გარემოცვაში და დავიწყე, მთელი მსოფლიოს ირგვლივ, მათთან ერთად მოგზაურობა.
ეს იყო შოკის მომგვრელი - ამერიკა, მექსიკა, არგენტინა, თითქმის ყველა ქვეყანაში ვიმოგზაურეთ, როცა იმ პერიოდში, საქართველოდან, რამდენიმე კაცი იყო ნამყოფი.
სამსახიობო ფაკულტეტის (რობერტ სტურუას ჯგუფი) გარდა, სარეჟისორო (გიგა ლორთქიფანიძის ჯგუფი) დავამთავრე. რამდენიმე პატარა, უმნიშვნელო ფილმი მაქვს გადაღებული, სერიოზული არაფერი. ვერც მოვახერხე და რომ არ მოგატყუოთ, არც დიდი სურვილი გამჩენია.
- რომელ როლს გამოარჩევდით?
უდიდესი წარმატება მომიტანა კოტეს როლმა, სპექტაკლიდან - „ხანუმა“. ძალიან დიდი სიახლე შევიტანე - ახალი, თანამედროვე კოტეს სახე შევქმენი.
ძველმოდური კოტე არ ვიყავი, ბ-ნ რობერტსაც უნდოდა, რომ სიახლე შემოეტანა. ქეთოს როლს - ნათია კავსაძე თამაშობდა.
- გარეგნობაც ხელს გიწყობდათ...
აბა რა! „სვირული“ გარეგნობა მქონდა, მაღალი, ლამაზი ბიჭი ვიყავი (იცინის). კოტე, ჩემი პირველი მთავარი როლი იყო. ამ როლს მოჰყვა - ედგარი (სპექტაკლიდან „მეფე ლირი“), რომელმაც ასევე დიდი პოპულარობა მომიტანა.
- მოგვიყევით, როგორ მოხვდით ფილმში „ჩიორა“...
27 წლის ასაკში, უკვე რუსთაველის თეატრის მსახიობი ვიყავი . ფილმში „ჩიორა“ 19 წლის ბიჭს ვთამაშობ, ასაკი არ მეტყობოდა და ამიტომ ამირჩიეს. ჯიშად მაქვს, არც მამას ეტყობოდა ასაკი და არც ჩემ შვილს. ახალგაზრდულმა გამომეტყველებამაც მიშველა.
სინჯებზე, ჩემზე ბევრად ცნობილი მსახიობები იყვნენ, მაგრამ ასაკის გამო დაიწუნეს. მათ შორის - ლევან უჩანეიშვილი, ზურა ყიფშიძე, ვახტანგ ფანჩულიძე, და კიდევ ბევრი.
მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩემი პარტნიორები ჩიორა და მარი, სრულიად შემთხვევით იპოვეს. ხათუნა ჩაგელიშვილი (მარი), ფარაჯანოვთან იყო მიწვეული სინჯებზე და შემთხვევით აღმოაჩინა რეჟისორმა. ნიკას როლზე, ლევან უჩანეიშვილი მოიაზრებოდა, ამ შემთხვევაში, მე ჩიორა უნდა მეთამაშა.
- ჩიორას როლიც შემოგთავაზეს?
ჩიორას გმირის შერჩევა, ძალიან გაუჭირდათ, ამიტომ თავიდან, ჩემზე გააკეთეს არჩევანი. მაგრამ სრულიად შემთხვევით, ქუჩაში აღმოაჩინა რეჟისორმა გოჩა აფციაური და ეგრევე როლზე დაამტკიცა.
მე ნიკას როლი შემომთავაზეს. ისეთი ბოხი ხმა მქონდა, რომ ჩემი გმირისთვის არ გამოდგებდა, ამიტომ გახმოვანებაზე, რეზო ჩხიკვიშვილი მოიწვიეს.
ხათუნამ და რეზომ სწორედ, აქ გაიცნეს ერთმანეთი. რეზო იმ პერიოდში, გახმოვანების ოსტატი იყო, საოცარი გარდასახვის უნარი ჰქონდა, კარგად გამოსდიოდა. ჩიორას კი, რუსთაველის თეატრის მსახიობი კახა თავართქილაძე ახმოვანებდა.
გადაღებები აფხაზეთში, კერძოდ ქ. სოხუმში მიმდინარეობდა. სოხუმის ბოლო კადრებია გადაღებული, რამდენიმე კადრის გადაღება თავიდან მოგვიწია, ამიტომ ზამთარშიც ბევრი კადრია გადაღებული.
- თქვენ გმირზე, ნიკაზე მოგვიყევით...
ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს. ადრე სხვა წარმოდგენა მქონდა ნიკაზე, მაგრამ რაც დრო გადის, ძალიან შეიცვალა ჩემი შეხედულებები.
მოსკოვის კინოფესტივალზე, როცა ჩემ გმირზე კითხვა დამისვეს, ვუპასუხე, ნიკა არის ძალიან სუფთა სულის ადამიანი, ჩიორა არის ნაძირალა-მეთქი.
გასაგებია რომ შეუყვარდა, მაგრამ მაშინ ეს წარმოუდგენელი იყო, თუ გაჰყევი, ე. ი. ცოლი იყავი უკვე, ჩიორა „მურმანის ეკალივით“ ჩაგვეჩხირა, მარიც მის მხარეს გადავიდა და მიატოვა ახლად შექმნილი ოჯახი.
მე ჩემი „სვირსკი“ მორალით, ვერ წარმომედგინა, რომ ასეთ მოკლე დროში, თან როცა ქალი კაცზე გიჟდება ისეთი შეყვარებულია, ქალს მიეტოვებინე.
ჩემთვის ეს გაუგებარი ისტორია იყო. ჩემი ტრადიციები ყოველთვის თან მომყვებოდა. ოჯახის დანგრევა, შეყვარებულის მიტოვება, იმ დროს ძალიან იშვიათობა იყო, მაშინ ასეთი აზროვნება იყო. თან მე რეალურად, ფილმის გმირებზე 10 წლით უფროსი ვარ.
- ფილმში არ გეტყობათ...
მაგიტომაც მათამაშეს, რომ არ მეტყობა (იცინის). მსახიობისთვის, ყოველთვის რთულია უარყოფითი როლის შესრულება. ყოველთვის შინაგანად თამაშობ, მთავარია, მაყურებელს მოაწონო და დააჯერო. ჩემი ამოცანა იყო მაყურებელს, ჩემზე უარყოფითი გავლენა მოეხდინა.
- საკმაოდ კარგად გამოგივიდათ...
მიხარია თუ ასეა, თეატრში შესრულებული ჩემი როლები, სრულიად განსხვავებული იყო, ხიბლს ვიწვევდი მაყურებელში. ჩიორა, რაც სინამდვილეში იყო, ზუსტად იმ როლს თამაშობდა.
ძალიან საინტერესო სახე შექმნა, რაშიც გარეგნობაც ხელს უწყობდა. სხვათა შორის, ვახტანგ ფანჩულიძეს („სიყვარული ყველას უნდა“ - ბურნუთა) ჰგავდა, მაგრამ ასაკის გამო დაიწუნეს.
ფილმის რეჟისორები - ნელი ნენოვა, გენო წულაია და სცენარისტი გივი (ბესო) ოდიშარია, უძლიერესი ადამიანები იყვნენ. მუსიკა, უნიჭიერეს კომპოზიტორ ბ-ნ ალექსანდრე ბასილაიას ეკუთვნის. ფილმის ასეთი წარმატება, სწორედ მათი დამსახურებაა, ძალიან კარგად იყო შერჩეული მსახიობები.
მას მერე სოხუმში, რამდენჯერმე ვიყავი ჩასული, მაგრამ აფხაზეთის ომამდე. გოჩა (ჩიორა) აფხაზეთის ომის მონაწილეა, თუ რამე ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ყველა ამ ომის შემდეგ დაემართა. ტყვედ იყო ჩავარდნილი.
გულის ოპერაციაც გაუკეთეს, ამ ეტაპზე, უკეთ არის. ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ, სიგიჟემდე მიყვარს, ძალიან სუფთა, წესიერი, უბრალო ადამიანია.
ხათუნას (მარი), იშვიათად ვხვდებოდი, დიდი ხანია გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად და აღარ შევხვედრივარ.
გოჩა აფციაური 17 წლის იყო. შეიძლება, როგორც მსახიობს, ჩიორას როლი უფრო მოსაწონი იყო, მაგრამ ამას მყარად ვამბობ, რომ ეს ფილმი, ამ დონის არ გამოვიდოდა, რომ არა გოჩა.
საოცარი ხიბლი ჰქონდა, მისმა გმირმა, მოახერხა, რომ მაყურებელი, მის მხარეს ისე გადაიყვანა, რომ საზოგადოებას, საკუთარი მორალი დაავიწყა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ფილმით.
- პირად ცხოვრებაზე მოგვიყევით...
გაცნობიდან, 17 წლის შემდეგ დავოჯახდით. ჩემი მეუღლე ცნობილი მწერალი, ექიმი - ირმა კეკელიძეა, რომელიც აკადემიკოს კორნელი კეკელიძის შთამომავალია. ერთმანეთი ჩემი ბიძაშვილის სახლში გავიცანით, ჩემი ყველაზე დიდი თავხედობა იყო, რომ გუმბათიანი ვერცხლის ბეჭედი ეკეთა და მოვხსენი.
რა ლამაზია- მეთქი, გამოვართვი, ბეჭედს გუმბათი მოვტეხე და რგოლი დავუბრუნე. თან მივაძახე, უკვე დანიშნული ხარ-მეთქი (იცინის).
ეს ჩემი თავხედური საქციელი, წინასწარმეტყველება აღმოჩნდა. მოხდა ისე, რომ არც ირმა გათხოვდა, არც მე დავქორწინდი და 17 წლის შემდეგ, შევუღლდით.
- 17 წელი შეყვარებულები იყავით?
არა, უბრალოდ ვმეგობრობდით, ჯამში ალბათ, 30-35 -ჯერ ვართ შეხვედრილი. ჩვენი ქორწინებაც უცნაურად მოხდა. ყოველგვარი სასიყვარულო ისტორიების გარეშე, არც მიკოცნია, დისტანციური ურთიერთობები გქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, ტვინის უჯრედში იჯდა ის, რასაც უფალი აკონტროლებდა.
ჩემ დაოჯახებაზე, ჩემ ოჯახს და ნათესავებს, უკვე გადაწურული ჰქონდა იმედი. ერთ დღეს, ქ-ნ ირმას შემთხვევით შევხვდი რუსთაველზე, უცებ წამომიარა „სვირულად“ და ვეკითხები - შენ მართლა ირმა ხარ კეკელიძე, თუ მატყუებ-მეთქი (იცინის).
არ გატყუებ, მართლა ირმა ვარო, მიპასუხა. მაჩვენე პასპორტი-მეთქი. ისე დაიბნა, მართლა მომაწოდა. დავიწყე კითხვა - ირმა კეკელიძე. ყოჩაღ, არ მოგიტყუებივარ-მეთქი, ხელკავი გამოვდე და წავიყვანე მმაჩის ბიუროში.
- სავარაუდოდ, არც ქალბატონი ირმა იყო გულგრილი...
ყოველგვარი თანხმობის გარეშე, შევედით ბიუროში განცხადების დასაწერად. საბედნიეროდ, ირმაც დამთანხმდა და ასე მოულოდნელად გადავწყვიტეთ დაოჯახება. ამის მერე, ერთ-ორჯერ შევხვდით ერთმანეთს, ჩვენმა ოჯახმაც გაიგეო და მოხდა ისე, რომ დავქორწინდით.
რამდენიმე ხანში, აკაკი წერეთლის დაბადების დღეზე ოქროსფერ თმიანი, ლურჯთვალება ვაჟი შეგვეძინა და პატივსაცემად, მისი სახელი დავარქვით, თან მამასაც აკაკი ერქვა.
შეუღლებამდე, რამდენიმე ხნით ადრე, ირმას სცენარით და დაფინანსებით გადაღებულ სატელევიზიო ვიდეო ფილმში - „მაგრამ რა მერე?!“(1997 წ.) ვითამაშე - საქართველოში, პირველი სატელევიზიო ფილმია.
ფილმის სცენარის ავტორი და პროდიუსერი ირმა კეკელიძეა, რეჟისორი - რამაზ იოსელიანი.
40 წლის ვიყავი, როცა შევუღლდით. ძალიან ახალგაზრდა ასაკში „გამათამამა“ მსოფლიომ. თითქმის მთელი ქვეყანა მქონდა შემოვლილი. ძალიან ბევრი სამუშაო მქონდა რუსთაველის თეატრში, ბევრ სპექტაკლში ვიყავი დაკავებული.
შესანიშნავი სპექტაკლები იდგმებოდა, გენიალურ მსახიობებთან ერთად, ეროვნულ საქმეს ვაკეთებდით, რუსთაველის თეატრი და რობერტ სტურუა, მთელ მსოფლიოში განთქმული იყო. ფილმში რომ მიწვევდნენ, ხშირად უარს ვამბობდი, არ მქონდა დრო და საშუალება.
თენგიზ გიორგაძის მეუღლე ირმა კეკელიძე:
თენგოს ბიძაშვილი, ჩემი კურსელი იყო და ერთმანეთი, მის ოჯახში გავიცანით. არც მიმიქცევია ყურადღება, რატომღაც არასერიოზულად აღვიქვი. ამის შემდეგ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს.
პროფესიით ექიმი ვარ, ოპერის უკან, სამედიცინო კლინიკაში ვმუშაობდი, თენგო რუსთაველის თეატრში, მაგრამ არასდროს შევხვედრივართ შემთხვევით.
ბ-ნი მერაბ კოსტავა რომ გარდაიცვალა, პანაშვიდზე შევხვდით ერთმანეთს. ეროვნულ მოძრაობაში აქტიურად ვიყავი ჩართული, ზვიად გამსახურდია მხარდამჭერი ვიყავი და რამდენიმე წლით, ემიგრაციაში მომიწია ყოფნა.
რომ დავბრუნდი, ჩემი საავტორო გადაცემები მქონდა ტელევიზიაში. ერთხელ ტელევიზიაში შევხვდით ერთმანეთს და ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, რომ მგონი ეს ბიჭი შენს მიმართ, არ არის გულგრილიო.
ისრაელში და კანადაში მომიწია დიდხანს ყოფნა და რომ დავბრუნდი, მას მერე გადავიღეთ, ჩემი სცენარით ფილმი „მაგრამ რა მერე“, მოხდა ისე, რომ რამაზ იოსელიანს მოუწია რეჟისორობა. ამ ფილმში მონაწილეობს თენგო.
ამის შემდეგ, უფრო ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ მეგობრულად. განცხადება ისე შევიტანეთ, არავინ არაფერი იცოდა. ოჯახში მივედით და განვაცხადეთ, რომ ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. რას იზამდნენ, მე 37 წლის ვიყავი და თენგო 42 -ის.
ქორწინებიდან ორი წლის თავზე, შეგვეძინა ვაჟი - აკაკი. ძალიან მინდოდა მამის პროფესია აერჩია, ძალიან ნიჭიერი ბავშვია, მონაცემებიც აქვს, მაგრამ ტექნიკური საგნები აირჩია, სკოლა წარჩინებით დაამთავრა და ახალი ტექნოლოგიები და ინფორმაციული მეცნიერების ფაკულტეტი აირჩია.
ამჟამად, მესამე კურსის სტუდენტია. ექიმის პროფესიას, დღემდე არ ვღალატობ, 2019 - 2021 წლებში აფხაზეთის მთავრობაში, განათლების და კულტურის მინისტრის მოადგილე ვიყავი.
- ბ-ნო თენგიზ, უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის კინო, თუ თეატრი?
რა თქმა უნდა, თეატრი ჩემთვის ყველაფერია, არასდროს მიღალატია თეატრის და არც ბ-ნი რობერტისთვის. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ სპექტაკლის გამო, ფილმი გამიწირავს.
უფლის მადლობელი ვარ, რა ისტორიაც შემძინა და რა გარემოცვაშიც გავიზარდე. ძალიან საინტერესო ცხოვრება გავიარე, უამრავი მეგობარი შევიძინე,
- რას ურჩევდით დამწყებ მსახიობებს...
წმინდა გაბრიელის ფრაზას გამოვიყენებ - მოთმინება! თუ მაქსიმალურად ითმენ, მოიგებ კიდეც, თუ არადა ბევრს დაკარგავ. ქრისტიანულად უნდა იცხოვრო.
ქართულ თეატრს, ყოველთვის, ერთგული მაყურებელი ჰყავდა, მარტო მსახიობი და რეჟისორი, ვერაფერს იზამს, თუ მაყურებელმა არ მოინდომა. ამიტომ საზოგადოებას ვთხოვ, დაუბრუნდეს თეატრს - სპექტაკლს მაყურებელი აცოცხლებს!