დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
„თქვენი ინტერვიუს დროს, ისეთ ხასიათზე დავდექი, ისე მომენატრა სცენა, შეიძლება თქვენთან საუბრის შემდეგ, გავიქცე თეატრში, ჩავართვევინო ჩირაღდნები, მე კი, დავჯდები სცენაზე მარტო და ჩემთვის ვითამაშებ...“- იოსებ ჟღენტი.
ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, 2 და 3 თებერვალს, სპექტაკლ „მეფე ლირი თავშესაფარში” პრემიერა გაიმართა.
პროექტის „სცენა, ახდენილი ოცნების” ფარგლებში, თეატრის სცენაზე, არაპროფესიონალმა მსახიობებმა, ოცნება აიხდინეს და მსახიობის ამპლუით წარდგნენ.
პიესის ავტორია - ოთარ ბაღათურია, რეჟისორი - თამარ ხიზანიშვილი, იდეის ავტორი - ხათუნა ასათიანი. სპექტაკლში მონაწილეობდნენ თეატრის მსახიობები - ნინო აბესაძე, გიო გლოველი, ბადრი ტაბატაძე. ასევე არაპროფესიონალი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები - სოსო ჟღენტი, ედისონ სალაძე, ჯემალ ჭანკოტაძე, ნინო აბესაძე, ლელა ხიდაშელი, ეკა ბურჯანაძე, გვანცა ჩხაიძე, გულია ჭუმბაძე, დოდო მერკვილიშვილი, ომარ გველესიანი, ნინო ლელაძე, ირაკლი ბაკაშვილი, გიორგი სირბილაძე, თათული ხუჯაძე, არჩილ მამარდაშვილი.
პროექტის მხარდამჭერია, ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია და პირველი მუსიკალური სკოლა.
სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ზესტაფონის მე -4 საჯარო სკოლის „სამოქალაქო განათლების“პედაგოგი იოსებ ჟღენტია, რომელსაც გასულ წელს, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორის სიგელი გადაეცა.
არაპროფესიონალი მსახიობი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, არჩევანის წინაშე რომ დადგეს, თეატრს აირჩევდა:
ზესტაფონის მე -4 საჯარო სკოლის პედაგოგი ვარ, „სამოქალაქო განათლებას“ ვასწავლი, მთელი ცხოვრება ვოცნებობდი მსახიობობაზე, ბავშვობიდან ვდგამდი სპექტაკლებს, სადაც მსახიობიც მე ვიყავი და რეჟისორიც, მაგრამ ეს, მხოლოდ ოცნება იყო.
ძალიან მომწონდა მსახიობობა, სპექტაკლებს ვესწრებოდი, მაგრამ წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, როგორც ისტორიკოსისთვის, მასწავლებლად აღმოვჩნდებოდი სკოლაში.
მაგრამ წლები გავიდა და ეს ოცნება, ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, თეატრალმა, ქ -მა ხათუნა ასათიანმა ამიხდინა. დამირეკა და მითხრა, რომ არის პროექტი - „სცენა, ახდენილი ოცნება“ და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მინდა გათამაშოთო.
ტელეფონით შედგა ჩვენი საუბარი, დამიბარა მეორე დღეს და გამაცნო პროექტი, ძალიან მომეწონა, რადგან მივხვდი, რომ გავიღვიძე და მთელი ბავშვობის სიზმარი ამიხდა, რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი.
ამიხსნა, რომ დგამდა სპექტაკლს, ბ-ნ ოთარ ბაღათურიას პიესა „მეფე ლირი მოხუცთა თავშესაფარში“ მიხედვით. გამომატანა სცენარი, წავიკითხე, ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ უარყოფით პერსონაჟს ვთამაშობ, ამ პერსონაჟს, სცენარიდან გამომდინარე, გამართლებაც აქვს.
რამდენიმე ხანში, შევკრიბეთ ქალაქის, სხვადასხვა ასაკის და პროფესიის, გამოჩენილი და კოლორიტი ადამიანები. ეს ადამიანებიც ამ ოცნებამ გააერთიანა, სცენა „ახდენილი ოცნება“.
რეპეტიციები, 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, შემდეგ უკვე გადავედით მოქმედებაზე, სადაც თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი, რეჟისორი თამარ ხიზანიშვილი დაგვეხმარა. კვირაში მომზადდა ყველაფერი, ქ -მა თამარმა, დაჩქარებული წესით შეგვასწავლა მეტყველების კულტურა.
- როგორ შეირჩა მსახიობები?
რამდენიმე ხნით ადრე, ზესტაფონის პირველი საჯარო სკოლის 100 წლის იუბილე წავიყვანე. იმდენად დიდი რეზონანსი გამოიწვია, ყველა მეუბნებოდა, სცენისთვის ხარ გაჩენილიო.
ამის შემდეგ, ღია ცის ქვეშ, სამთავრობო საახალწლო კონცერტი წავიყვანე. ხათუნამ მითხრა, იმდენად სასცენო სახე იყავი, სცენაზე, მხოლოდ რომ ჩაიარო, უკვე სპექტაკლში ხარო.
ჩემი არჩევა გამოიწვია, ალბათ ხალხის სიყვარულმა, ჩემმა დამოკიდებულებამ საზოგადოების მიმართ. ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავი, მით უმეტეს ახლა. შევიკრიბეთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. აქედან გამომდინარე, სპექტაკლს არა მარტო ჩემი, არამედ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ
- გამოდის, რომ პრემიერას, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი ესწრებოდა...
ნამდვილად ასე იყო, თითქმის ყველა პროფესიის ადამიანი ვიდექით სცენაზე. ეს იყო სახალხო ტაში, რომელიც საზოგადოებიდან მოდიოდა. მაყურებელი რამდენიმე წუთის განმავლობაში, სცენიდან არ გვიშვებდა. პრემიერა შედგა 2 და 3 თებერვალს, რომელიც სრული ანშლაგით მიმდინარეობდა.
გულწრფელად გითხრათ, მე ხომ პედაგოგი ვარ და თან ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, შეყვარებული ვარ, მაგრამ დღესაც სცენა მენატრება. მინდა, თავიდან დაიწყოს 3 თვიანი სამაგიდო რეპეტიციები, მენატრება ის ტაში, სცენის სუნი, მტვერი და ჩემი არაჩვეულებრივი მეგობრები.
- არჩევანის წინაშე რომ დადგეთ, რომელ პროფესიას აირჩევდით?
არც დავფიქრდები, გულწრფელად ვამბობ, რომ თეატრს ავირჩევდი. პრემიერის შემდეგ, სკოლაში რომ მივედი, ჩემ თავთან ბრძოლა მომიწია, მაგრამ მივხვდი, რომ მომენატრა კოლეგები და ჩემი მოსწავლეები.
ახლო მომავალში, ისევ გაიმართება ეს სპექტაკლი, სადაც ჩემი მოსწავლეებიც დაესწრებიან და გულწრფელად დამიკრავენ ტაშს, იქნება ბევრი ყვავილი. მე მათ შევპირდი, რომ მათთვის, მაქსიმალურად დავიხარჯები სცენაზე.
- სავარაუდოდ, ეს პროგრამა გაგრძელდება...
პროგრამა გრძელდება, არ ვჩერდებით გაზაფხულიდან ვემზადებით ახალი პროექტით, ახალი სახეებით და გამოწვევებით. იგეგმება ასევე გასტროლები, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება.
საქართველოში, პირველად ხორციელდება ეს პროგრამა, პირველი პროექტია - კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო, ამ პროექტის ორგანიზატორ ქ-ნ ხათუნა ასათიანს და რეჟისორ თამარ ხიზანიშვილს.
- თქვენთან ერთად, სამი პროფესიონალი მსახიობი იდგა სცენაზე...
ჩვენთან ერთად, სცენაზე იდგნენ მსახიობები ქ-ნი ნინო აბესაძე, ბ -ნი ბადრი ტაბატაძე და გიო გლოველი. როცა ამ პროექტზე მივედი და მითხრეს, რომ ჩვენთან ერთად სცენაზე პროფესიონალები იდგებოდნენ, ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო.
მაგრამ როცა რეპეტიციაზე დავინახე, ცოტა შევშინდი, მივხვდი, რომ დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა, მაგრამ მოხდა საოცრება, აბსოლუტურად, ყველა კომპლექსი მოგვიხსნეს, მათი გაღიმებული თვალები, შეძახილები - მაგრები ხართ, თქვენ შეუძლებელს შეძლებთ!
როცა თეატრის საგრიმიოროში შევედი, მსახიობმა გიო გლოველმა, საკუთარი საგრიმიორო დამითმო, სადაც მისი სპექტაკლების ბანერებია გამოკრული.
ოთახში დიდხანს ვერ ვჩერდებოდი, ვფიქრობდი, ნუთუ მე ამ მსახიობთან ერთად უნდა ვითამაშო -მეთქი. იმდენად მომწონდა, მასთან ერთად თამაში, ჩემთვის ოცნება იყო.
ნინომ, გიომ და ბადრიმ შეუძლებელი შეძლეს. როცა სპექტაკლი დასრულდა, ვფიქრობდი, რამხელა საქმე გააკეთეს, თავის ნიჭიერება არ გამოაჩინეს და ჩვენ წამოგვწიეს წინა პლანზე.
„პაკლონზეც“ კი, ბოლოს გამოვიდნენ. როცა გიოს ვთხოვე გამოსულიყო, რომელიც ადამიანობის, კაცობის ეტალონია, პირველი თქვენ უნდა გახვიდეთო, მომაძახა.
იგივე გააკეთა ნინომ და ბადრიმ. ტაში, რომელზედაც ჩვენ გამოვედით სცენაზე, არასდროს დამავიწყდება. მითხრეს, ეს ტაში იყო თქვენიო. ეს ადამიანობის, ერთ-ერთი თვისებაა.
მადლობა მინდა გადავუხადო ასევე უ. ჩხეიძის სახელობის თეატრს, ყველას, დაწყებული კარის კაციდან, დამთავრებული დირექტორამდე.
მოდიოდნენ, გვეფერებოდნენ, გვკოცნიდნენ მე და ჩემ კოლეგებს. ვიტყოდი, რომ თეატრი, ჩემთვის უკვე სახლია, სადაც მელოდებიან ძალიან თბილი ადამიანები და მეგობრები.
დიდი ანშლაგით ჩაიარა პრემიერამ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ადგილობრივ თვითმმართველობას, ზესტაფონის მერიას, საკრებულოს დეპუტატებს.
ჩვენ გჭირდებოდა ფინანსები და ხათუნა ასათიანმა შეძლო და მოიძია, რომ ეს სპექტაკლი დაგვედგა.
თავად აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი, ამ თანხად ღირდა - თქვენ გააკეთეთ შეუძლებელი, ეს იყო ქალაქის დღესასწაულიო. ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან, თქვენ ქალაქისათვის, ძალიან დიდი ფეიერვერკი მოაწყვეო.
სცენის მტვერი გადავყლაპე, ისევ მენატრება სცენა. თქვენი ინტერვიუს დროს, ისეთ ხასიათზე დავდექი, ისე მომენატრა სცენა, შეიძლება თქვენთან საუბრის შემდეგ, გავიქცე თეატრში, ჩავართვევინო ჩირაღდნები, მე კი, დავჯდები სცენაზე მარტო და ჩემთვის ვითამაშებ...
- როგორი ემოცია გქონდათ, როცა პირველად დადგით სცენაზე ფეხი... არ გეშინოდათ?
ყველა მეკითხება, რა განცდა გქონდაო. ტექსტი იყო საკმაოდ მოცულობითი და შიში მქონდა, არ დამვიწყებოდა. სცენის შიში არ მქონია, საკუთარ თავს შთავაგონებდი, რომ ვარ რეპეტიციაზე და არა პრემიერაზე. არ არის მაყურებელი დარბაზში. ყველაზე კარგად, სცენაზე ვგრძნობდი თავს, არ მეშინოდა.
ზოგჯერ ტექსტებს ვცვლიდი, იმდენად კარგი კავშირი დამყარდა მაყურებელსა და ჩვენს შორის, მე ხომ არაპროფესიონალი მსახიობი ვარ, რეჟისორმა ლამაზი იმპროვიზაციების საშუალება მოგვცა, რომ მეტად გავთამამებულიყავით სცენაზე.
ეს პროგრამა, კიდევ გაგრძელდება და მომავალში, ახალ სახეებს დაამატებენ.
- რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენ ადგილს დაიკავებენ სცენაზე?
მიუღწეველი არაფერი არ არის, გაითვალისწინონ, რომ საშიში არაფერია. ითამაშე მაყურებლისთვის და მიიღებ უდიდეს ბედნიერებას და აპლოდისმენტებს.
მთავარია, იცოდე შენი როლი და შენ პერსონაჟს კარგად იცნობდე. თავს იგრძნობ ისე, როგორც თევზი წყალში. ოცნება ახდება და მე ეს ოცნება ამიხდა და არ გინდა, რომ ოდესმე დამთავრდეს.
შუა ასაკში ვარ, 52 წლის წლის, ამ ნაბიჯით, მოტივაციას ვაძლევ ჩემ მოსწავლეებს და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს.
- ნახევარ საუკუნეს გადააბიჯეთ და ახალი ცხოვრება დაიწყეთ...
რაც ჩემთვის, წარმოუდგენელი იყო! თეატრთან რომ ჩავიარე, ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს იქ რაღაც დავტოვე, თითქოს ჩემი პერსონაჟი, ისევ სცენაზეა. კიდევ არ მჯერა, რომ ეს ოცნება ამიხდა, მადლობა ჩემ მეგობრებს და ყველა ჩვენ გულშემატკივარს!