ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
„ბატონო ყვარყვარე, შენი სახელის ჭირიმე, ერთი სათხოვარი გვაქვს! ეს საცოდავი კაკუტა უღელში გაება, ქალი ითხოვა. კაცად არ დეიწუნება… თქვენს იქით გზა არა გვაქვს… შენ სახელს ვენაცვალე ყვარყვარე, შენ მუხლებს ვენაცვალე. შენი მუხლების ჭირიმე. ბატონო ყვარყვარე, ახალი ჯვარდაწერილები ვართ, შენი მუხლების ჭირიმე, ნუ დამაშორებ! კაკუტა, ქუჩარა, მიშველეთ კაცებო!…“
პოლიკარპე კაკაბაძის ნაწარმოები – „ყვარყვარე თუთაბერი“, 1917 წლების პოლიტიკური მოვლენების დროს, ერთი ავანტიურისტი კაცის თავგადასავალს მოგვითხრობს, რომელიც შემთხვევითი გარემოებების შედეგად, სახალხო გმირად იქნა აღიარებული.
რეჟისორ დევი აბაშიძის ფილმი „ყვარყვარე“, 1978 წელს გამოვიდა ეკრანებზე, სადაც მთავარ როლებს, მეოცე საუკუნის ლეგენდარული მსახიობები დოდო აბაშიძე, ეროსი მანჯგალაძე, შოთა გაბილაია, კახი კავსაძე და სხვები ასრულებენ.
ბევრმა არ იცის, რომ ფილმის ერთ-ერთ გმირს, კაკუტას მეუღლე ლირსას, ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი ქეთევან შარიქაძე ასრულებს, რომელიც დღემდე მოქმედი მსახიობია. „პრაიმტაიმი“ ქ-ნ ქეთევანს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:
ეს ფილმი, დიდი ხანია არავის მოუკითხავს, ჩემთან ინტერვიუც პირველი შემთხვევაა. ფილმის გმირების სახელები, ბევრმა არ იცის, განსაკუთრებით ჩემი. ეს იყო, ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლები.
ეთერში ხშირად გადის, მაგრამ ამ ფილმის შესახებ, ნაკლებად იწერება. ბევრჯერ ვუყურე ბ-ნ დოდოს და ეროსის გახსენებას, მაგრამ „ყვარყვარეს“ შესახებ, ნაკლებად საუბრობდნენ. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ეს ფილმი სოციალურ ქსელში აიტვირთაო, მაგრამ როგორც აღმოვაჩინე, ჩემი გვარი არ წერია.
– ბევრმა არ იცის თქვენი გმირის სახელი ფილმიდან „ყვარყვარე“…
ძველი თაობის წარმომადგენლებს, ყველას ახსოვს – ლირსა, მაგრამ ახალგაზრდებს ნაკლებად. ჭიათურაშიც კი არ იციან, რომ ჩემ გმირს – ლირსა ჰქვია.
– როგორ მოხვდით ფილმში?
მხატვრული ფილმის „ყვარყვარე,“ გადაღებები ჭიათურაში მიმდინარეობდა. რეჟისორი დევი აბაშიძე, ჭიათურის თეატრის სპექტაკლს „კომბლეს“ ესწრებოდა, სადაც მეც ვთამაშობდი. სწორედ, ამ სპექტაკლში აღმომაჩინა რეჟისორმა. მაშინ, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი.
მამაკაცის როლი მქონდა, კომბლეს ძმისშვილი -კუწო. პირველი მოქმედება რომ დამთავრდა, ჩემმა პედაგოგმა ბიჭიკო ანდრონიკაშვილმა დამიბარა, რომელმაც თურმე დევისთან რეკომენდაცია გამიწია. რეჟისორმა ფილმში გადაღება შემომთავაზა. მეორე დღესვე დამიბარეს და სცენარი გადმომცეს. ყოველგვარი სინჯების გარეშე დამამტკიცეს როლზე. ჩემი სცენა, ჭიათურის სოფელ ქვაციხეშია გადაღებული, სადაც დეკორაციები იყო აშენებული. ციხის კადრები კი, თბილისის პავილიონშია.
– პირველი შეხვედრა „კაკუტა“ და „ქუჩარასთან“…
როცა გადაღებებზე დამიბარეს, პირველი ჩემი შეხვედრა ეროსი მანჯგალაძესთან იყო. დოდო აბაშიძემ მიმიყვანა ეროსთან და უთხრა, „გაიცანი შენი მეუღლეო“ (იცინის). საოცარი, უსაყვარლესი ადამიანი იყო. ორივეს ძაღლები გვყავდა – ეროსის ძაღლი ტანგო და ჩემი ლინდა.
ძირითადად, ძაღლებმა დაგვაახლოვეს, მეტი სალაპარაკო თემა არ გვქონდა. ფილმში, კაკუტას (ეროსი მანჯგალაძე) მეუღლე ვიყავი. ეროსი ძალიან მორიდებილი ადამიანი იყო. როცა საუბრობდა, თვალებში არ გიყურებდა. ქუჩარა (შოთა გაბილაია) საოცარი, უკეთილშობილესი ადამიანი იყო.
ძალიან თავმდაბალი ადამიანები იყო. ახლა რომ ვუყურებ მსახიობებს, ბევრი რამე მიკვირს. ჩემი აზრით, რაც უფრო დიდი ადამიანი ხარ, უფრო თავმდაბალი და კეთილი ხარ. საუკეთესო კოლექტივი იყო, ბევრი ბუმბერაზი მსახიობი თამაშობდა ამ ფილმში. ამ ქვეყანაზე არაფერი რომ აღარ გავაკეთო, ეს სწორედ ის ფილმია, რომელმაც ლეგენდარულ მსახიობებთან ერთად, უდიდესი სიამოვნება და წარმატება მომიტანა. მადლობელი ვარ ღმერთის! იღბალიც იყო ალბათ, რომ ასეთი მსახიობების გვერდით მოვხვდი. იმ პერიოდში, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და კარგად ვერ ვაფასებდი. ახლა ვხვდები, რომ ეს ჩემი ყველაზე ბედნიერი წლები იყო.
– რომელიმე კურიოზს ხომ არ გაიხსენებდით ფილმიდან?
ფილმის გადაღება იყო დანიშნული, ბ-ნ დოდოს ხელში თეფში ეჭირა და საჭმელს მიირთმევდა. ვუთხარი, დავიწყოთ გადაღება, სანამ მზე გადავა მეთქი, მაგრამ სანამ სადილი არ დაასრულა, არაფრით დაიწყო. ერთ-ერთ კადრში, სადაც ყვარყვარეს ფეხებში ვარ ჩავარდნილი და ვეხვეწები, „ყვარყვარე, შენი მუხლების ჭირიმე მეთქი“, დევიმ მითხრა – ქეთევან, მუხლებზე რომ მოვხვდი, რაც არ უნდა იძალადოს, დიდხანს ხელი არა გაუშვაო.
მივვარდი დოდოს, მოვეჭიდე ფეხებზე და ვყვირი – „შენი მუხლების ჭირიმე, მიშველე ყვარყვარე“. დოდო იქნევს წიხლებს და მე ხელს არ ვუშვებ. ძალიან გამხდარი ვიყავი და როგორ შევძელი არ ვიცი. ქვიშიანი ადგილი იყო, თავი ვეღარ შეიკავა და ამხელა კაცი თავზე წამომემხო. განერვიულდა დოდო, ძლივს წამომაყენეს. ყველა თავს მეხვეოდა, ხომ არაფერი გეტკინაო (იცინის).
– თქვენი ბავშვობა…
დავიბადე თბილისში 1942 წლის 7 ნოემბერს. დავამთავრე თბილისის 68- ე საშუალო სკოლა (ათონელის ქუჩა). სკოლის დამთავრების შემდეგ, პირველ წელს, თეატრალურ ინსტიტუტში ვერ მოვხვდი და ამიტომ ქ. თბილისის ს. ზაქარიაძის სახელობის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში ჩავაბარე. ძალიან კარგი ჯგუფი მყავდა, ბევრი მათგანი, წამყვანი მსახიობი გახდა, ჩვენი პედაგოგი ლევან შატბერაშვილი გახლდათ. თეატრალურის დამთავრების შემდეგ, ახალციხის თეატრში გამანაწილეს, რომელიც 1967 წელს უნდა გახსნილიყო. ამ პერიოდში, შემთხვევით შევხვდი ჭიათურის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ოთარ ალექსიშვილს, რომელმაც თეატრში მუშაობა შემომთავაზა. მეც დავთანხმდი, რადგან ჩემთვის ჭიათურაში ყოფნა უფრო მისაღები იყო. მას მერე, ჭიათურის თეატრის მსახიობი ვარ.
– რამდენი წელია ჭიათურის თეატრში მოღვაწეობთ?
53 წელია ჩემ თეატრს ვემსახურები. ყოველთვის წამყვანი მსახიობი ვიყავი. დღემდე აქ ვმუშაობ. მართალია, ცოტა ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, მაგრამ ფიზიკურად, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩემს ასაკთან შედარებით, უკეთ გამოვიყურები. ვინც მხვდება, ყველას უკვირს ჩემი წლოვანება, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ მანქანა ვიყიდე და მართვის მოწმობაც კი ავიღე, სოციალურ ქსელებს ვერ ვეგუები. „ფეისბუკი“ არ მაქვს, არც სურვილი გამაჩნია, თორემ ერთი წელია მანქანას ვმართავ (იცინის).
– ავტომობილს მართავთ?
შარშან, 77 წლის იუბილეზე, „ჭიათურის საპატიო მოქალაქის“ წოდება მომანიჭეს. მეორე დღეს მართვის მოწმობა ავიღე და მას შემდეგ, საჭესთან ვზივარ. „გინესის წიგნში“ ვარ შესატანი (იცინის). თეორია ადვილად ვისწავლე, ცოტა პრაქტიკა გამიჭირდა. ჯერჯერობით შემართებით ვარ, გონებაც კარგად მიჭრის.
– თქვენი საყვარელი როლი…
ყველა როლი მიყვარს, მაგრამ ედუარო დე ფილიპოს ნაწარმოებიდან – „ცილინდრი“, რიტას როლს გამოვარჩევდი. ამ სპექტაკლიდან მიღებული მაქვს საქართველოს სახალხო არტისტის თამარ აბაშიძის პრემია. ძალიან ახალგაზრდა, 33 წლის ვიყავი, როცა სპექტაკლში „სანამ ურემი გადაბრუნდება“ – 60 წლამდე ქალბატონის, კესარიას როლს ვთამაშობდი, სპექტაკლში „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ – ელისაბედის როლი და სხვა. დაახლოებით, 200 -მდე როლი მაქვს ნათამაშები.
– თქვენი ოჯახი…
ჩემი მეუღლე, ომარ მაღრაძე, ჭიათურის თეატრის მსახიობი გახლდათ. რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. შვილები არ მყავს, მარტო ვცხოვრობ.
– პირველი კინოროლი…
ჩემი პირველი ფილმი, 1977 წელს რეჟისორ ელდარ შენგელაიას ფილმი „სამანიშვილის დედინაცვალი„ იყო, სადაც ვერიჩკას როლს ვასრულებ.
– ბოლო როლი სპექტაკლში…
ბოლო დროს, თეატრში ახალი სპექტაკლი, არ დადგმულა. ჩემი ბოლო სპექტაკლია, რეჟისორ ანდრო ენუქიძის – დ. კლდიაშვილის „უბედურება“, სადაც მაიას როლს ვასრულებ.
– ვის გამოარჩევდით თანამედროვე მსახიობებიდან?
რა თქმა უნდა, ბევრი კარგი მსახიობი გვყავს. მთელი ბავშვობა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გავატარე. თითქმის, ყველა სპექტაკლი ნანახი მაქვს. დედას ძალიან უყვარდა თეატრი და ფაქტობრივად, მისი წყალობით გავხდი მსახიობი. შ. რუსთაველის სახელობის თეატრშიც ხშირად დავყავდი, მაგრამ მარჯანიშვილი უფრო მიყვარდა. უამრავი ლეგენდარული მსახიობი, სცენაზე მყავს ნანახი – ვ. ანჯაფარიძე, გ. შავგულიძე, ს. თაყაიშვილი, ა. ომიაძე, ა. კვანტალიანი, დ. ჭიჭინაძე და უამრავი სხვა.. ყველა სპექტაკლი, სამჯერ მაინც მაქვს ნანახი. ახლა, იშვიათად დავდივარ თეატრში და ამიტომ, გამიჭირდება რომელიმე მსახიობის გამორჩევა. თან ხშირად აღარ ჩამოვდივარ თბილისში და თეატრებშიც ნაკლებად დავდივარ, თორემ ახალი თაობის, ბევრი კარგი მსახიობი გვყავს. ჭიათურის თეატრის ყოფილი მსახიობი ბესო ბარათაშვილი, ამჟამად მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მე და ბესო, დაახლოებით 25 წლის წინ, ჭიათურის თეატრში ერთად ვთამაშობდით სპექტაკლში „ტრაგიკული ორთაბრძოლა“, რომელიც რეჟისორმა ოთარ ეგაძემ დადგა. ძალიან კარგი სპექტაკლი გამოვიდა.
– ადრე უფრო დადიოდა ხალხი თეატრში?
რა თქმა უნდა, ჭიათურაში 8 საათზე ცხოვრება იწყებოდა. იყო სპექტაკლები, სადაც ბილეთს ვერ იშოვიდი. ახლა მე მგონი, ხალხს აღარ უნდა თეატრი. თან ამ პანდემიამ, ჩაკეტა ყველაფერი და როდის აღდგება, არავინ იცის.
– როგორ გაიარეთ კარანტინის პერიოდი?
როგორ გავიარე და მგონი ნევროზი დამემართა. ვფიქრობ, რომ მეტყველება მიჭირს. ჩემი თავი დავიჭირე, რომ თან ბევრს ვლაპარაკობ, ალბათ, ხალხთან საუბარი მომენატრა (იცინის). არასდროს მიყვარდა ბევრი ლაპარაკი, ყოველთვის მიჭირდა ადამიანებთან ურთიერთობა, ძნელად ვამყარებდი კონტაქტს. ახლა შედარებით უკეთ ვარ, გამოსწორდა მდგომარეობა. თბილისშიც კი ვაპირებ ჩამოსვლას. ჩემი მეუღლე, თბილისშია დასაფლავებული და აღდგომის დღესასწაულზე, საფლავზე გასვლა ვერ შევძელი. როგორც კი გზები გაიხსნება ჩამოვალ. ჩემი ავტომობილით, ამხელა გზაზე წამოსვლას, ჯერჯერობით ვერ ვბედავ (იცინის).
– რას ურჩევდით ახალ თაობას?
ვურჩევდი, რომ ცოტა მოწყდნენ კომპიუტერს და ტელეფონს. ხშირად იარონ თეატრში და კინოში. თუ რამე ვისწავლე და წავიკითხე, ყველაფერი ახალგაზრდობაში მოვასწარი. არ შეიძლება 24 საათი კომპიუტერთან ჯდომა, უკეთესია წიგნები იკითხონ.
შეგახსენებთ, რომ კომედია „ყვარყვარე თუთაბერი“ მწერალმა და დრამატურგმა პოლიკარპე კაკაბაძემ 1928 წელს შექმნა. ერთი წლის შემდეგ კი, რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილმა პიესა სცენაზე განახორციელა. მნიშვნელოვანია, რომ ნაწარმოებს, დღესაც არ დაუკარგავს თავისი აქტუალობა და კვლავ იდგმება ქართულ სცენაზე.