ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
„სამსახურებრივი რომანი“ მქონდა... ჩემი სიყვარული, დღეს, ჩემი დირექტორია… – იოსებ ჟღენტი.
ზესატაფონის რაიონში, კერძოდ, კვალითის უბანში მდებარეობს მე-4 საჯარო სკოლა, რომლის ერთ-ერთი პედაგოგი, რომელსაც სწავლების თავისუფალი და განსხვავებული სტილი აქვს, ამავე სკოლის დირექტორის მეუღლეა.
მაღალი კლასის მოსწავლეებს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ონლაინ გაკვეთილები უტარდებათ, რაც ზოგიერთი პედაგოგის და მოსწავლის გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს.
ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი იოსებ (სოსო) ჟღენტი „პრაიმტაიმს“ ესაუბრა და განუცხადა, რომ ძველმოდური ჭაღარათმიანი მასწავლებელი, წარსულს ჩაბარდა, დადგა დრო, სწავლების ახალ მეთოდზე გადავიდეთ:
ჩემი მეუღლე ლელა კირკიტაძე, ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორია, მეც ამავე სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგად ვმუშაობ. ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, პროფესიით ისტორიკოსი ვარ.
თქვენთან ინტერვიუმდე, სკოლის ეზოში ჩემი ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი დამხვდა და მითხრა – თქვენ სანახავად მოვედი, ჩემმა ბიჭებმა მითხრეს, სოსო მასწავლებელი რომ დადის სკოლაში, შეიძლება ჩვენც ასე ჩაცმულმა ვიაროთ, სულ თქვენზე ლაპარაკობენ სახლში, ისე უყვარხართ ბავშვებსო.
– არა მარტო გაკვეთილი, ჩაცმის სტილიც განსხვავებული გაქვთ…
რა თქმა უნდა, ძველმოდური და ჭაღარათმიანი მასწავლებელი, ჩაბარდა წარსულს! ვცდილობ, ავყვე ბავშვების სტილს და გემოვნებას. 50 წლის ვარ და ვერ დავარწმუნე ბავშვები, რომ 1970 წელს, გასულ საუკუნეში დავიბადე (იცინის).
მეუბნებიან, დახეული ჯინსებით დადიხართ და არ გვჯერაო. ვცდილობ, მათ გემოვნებას ავყვე, მე რომ შარვალ-კოსტიუმით მივიდე გაკვეთილზე, შეიძლება აღარ მოვეწონო.
ათიანის დაწერა, ჩემთვის პრობლემა არ არის. ოროსანი მოსწავლე, შეიძლება ისეთი ადამიანი დადგეს, საოცრება მოახდინოს! ბევრი ფრიადოსანი მინახავს, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო „დაიკარგა“ ცხოვრებაში.
ისეთი დრო დადგა, შეიძლება ისე გახდე წარმატებული, დიპლომიც არ გქონდეს. ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება – ღირსებაა.
არავინ გკითხავთ, თუნდაც ქუჩაში, რა განათლება გაქვთ – ღირსება, ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის!
– თინეიჯერივით გამოიყურებით…
კი, კი ნამდვილად ასეა! გვიან დავქორწინდი, მეოთხე კლასელი შვილი მყავს და ვცდილობ, ყველაფერში ავყვე – არ უნდა ცუდად ჩაცმული, ღიპიანი მამა. სურს, რომ ახალგაზრდად გამოვიყურებოდე. სხვათა შორის, ყოველ დილით, ერთმანეთს ვურჩევთ რა ჩავიცვათ.
ჩვენი სკოლა, ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ შორის არის – „კვალითის დასახლება“ ჰქვია, ამიტომ სოციუმი, შედარებით დაბალია.
უმეტესობა, „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ თანამშრომელია, ბევრი, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არის, ზოგს მშობელი, უცხოეთში ჰყავს სამუშაოდ.
ამიტომ ამ ბავშვებთან მე და ჩემ მეუღლეს, ძალიან მეგობრული ურთიერთობები გვაქვს. ხშირად სახლშიც მიგვყავს. სულ ვეუბნები ბავშვებს, მკითხეთ თუ რამე გაინტერესებთ, არ მოგერიდოთ, ყველა თქვენი კითხვა, ჩემთვის მისაღებია. იმიტომ ვარ, რომ გასწავლოთ!
– დიდი ხანია სკოლაში მუშაობთ?
10 წელი შესრულდა, რაც სკოლაში ვმუშაობ, ძალიან მიყვარს ბავშვები. არადა, ვერ ვიტანდი მელოტ კაცს და მასწავლებელს, ჰოდა, ორივე ვარ (იცინის).
ჩემი მასწავლებლობა, სრულიად შემთხვევით გადაწყდა. ტელევიზიის თანამშრომელი ვიყავი, მაგრამ ზესტაფონში წამოსვლა ვამჯობინე, დიდი სიყვარული მეწვია. „სამსახურებრივი რომანი“ მქონდა. ჩემი სიყვარული, დღეს ჩემი დირექტორია.
ბედნიერი ვარ, რომ წამოვედი და დღეს ლელას გვერდით ვარ. ჩემი მეუღლე აბალანსებს, ჩემზე გაცილებით პატარაა.
ლელას მოსწონდა განსხვავებული აზროვნების ადამიანები, ამიტომ არჩევანი ჩემზე გააკეთა. სკოლაში, მასწავლებლის შტატი გამოჩნდა და ეგრევე შემომთავაზა.
6 წელი სპეც. მასწავლებლად ვმუშაობდი, ორნი ვიყავით საქართველოში – მე და ბ-ნი ლადო აფხაზავა. ლადომ საათები აიღო სამოქალაქო განათლების მენტორი გახდა, მეც წამოვედი, რადგან კარიერულ წინსვლას ვეღარ ვხედავდი. მით უმეტეს, ჩვენი სკოლა, საპილოტეა დასავლეთ საქართველოს რეგიონში.
დაახლოებით, 20 -მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე გვყავს. აქტიურად ჩავები სკოლის ცხოვრებაში, დანიის საელჩო დაგვეხმარა და სკოლის შენობა გაარემონტა.
მეცინება, მაგრამ ადრე, ხშირად ვატარებდი გაკვეთილებს ღია ცის ქვეშ - მეუბნებოდნენ, მოვლენებს უსწრებო.
ბავშვებთან, სხვა მიდგომებია საჭირო – სულ ვეფერები, გულში ვიკრავ. დამყავს კინოში, თეატრში, მუზეუმში, ვცდილობ ხელოვნება შევაყვარო. სამწუხაროდ, ზესტაფონში კინოდარბაზი არ არის და ამიტომ ქუთაისში დავდივართ.
- ყველაზე განსხვავებული და უცნაური გაკვეთილი…
ძალიან მიყვარს კომფორტი და სახლში, ძირითადად, ხალათში ჩაცმული დავდივარ. ჩემი თანამშრომლები სულ მეუბნებოდნენ, ისე გიყვარს, შემთხვევით, სკოლაშიც ხალათით არ მოხვიდეო!
არ დამიჯერებთ, მართლაც ხალათით წავედი სკოლაში. ახალი წლის წინა დღეები იყო, ჩავიცვი აბანოს ხალათი, „ჩუსტები“, გადავიკიდე პირსახოცი და მივედი სკოლაში.
ბავშვებიც გავაფრთხილე, გაკვეთილზე, ხალათში ჩაცმული მოდით-მეთქი! ეს იყო შოკი – მთელი მეათე კლასი, აბანოს ხალათში გამოწყობილი მოვიდა.
ჩემ მეუღლეს მიუტანეს ამბავი - შენი ქმარი, აბანოს ხალათში გამოწყობილი ატარებს გაკვეთილსო.
– და რატომ აბანოს ხალათი?
ძალიან კომფორტულია და გადავწყვიტე, რაც შეიძლება თავისუფალი სტილი ამერჩია. ბავშვებსაც მოეწონათ და აღნიშნეს, ძალიან კომფორტულად ვართო.
გაკვეთილზე რომ ზიხარ და საბჭოთა ადამიანს, არც შენ ჰგავხარ და არც მასწავლებელი, ძალიან დიდი სიამოვნებაა!
– ზედმეტად თავისუფალი სტილი ხომ არ აარჩიეთ?
კი, კი ნამდვილად! ვცდილობ, არაფერი დავუშალო. გაკვეთილის მოყოლის დროს, ფეხზე არ ვაყენებ, არც კუთხეში – არ მომწონს, დასჯის მკაცრი მეთოდები!
გაკვეთილზე თითქმის ყველა თემას ვეხებით – ბოლოს, ბიჭის და გოგოს მეგობრობაზე ვისაუბრეთ და სხვათა შორის, ერთმანეთი, უკეთ გავიცანით. ვფიქრობ, სკოლა,ბევრ საკითხში დასახვეწია.
– რა ასაკის ბავშვებს ასწავლით?
VI-XI კლასებს ვასწავლი, ადრე მეოთხე კლასშიც შევდიოდი, მაგრამ ფიზიკურად ვეღარ შევძელი – სამოქალაქო განათლებას ვასწავლი, ამავე დროს, ვემსახურები პედაგოგებს – რაიონის პროფკავშირის თავმჯდომარე ვარ.
– ყველა ბავშვს მოსწონს თავისუფალი სტილი? არავის გამოუხატავს პროტესტი?
არ დაგიმალავთ და მქონდა ასეთი შემთხვევა! საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია, სხვა მენტალიტეტის ბავშვი იყო და ჩემი მეთოდები არ მოსწონდა.
პირდაპირ დირექტორთან (ჩემი მეუღლე) შევიდა და გააპროტესტა – არ მომწონს ზედმეტი თავისუფლებაო!
აშკარად, თემის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული ეს ბიჭი, ძველი ტრადიციული ოჯახიდან იყო. კაბინეტში დამიბარა ჩემმა მეუღლემ – წარმოიდგინეთ, რა რთული იყო მისთვის, ჩემთვის შენიშვნის მოცემა!
სახე წაშლილი დამხვდა და ძალიან დელიკატურად მითხრა, ყველა ბავშვი ვერ გაგიგებს, შეცვალე სწავლის მეთოდებიო!
– და რა მოთხოვნა ჰქონდა?
საგნის შეცვლას ითხოვდა, რაც შეუძლებელი იყო. ამიტომ, ყველაზე სწრაფი გადაწყვეტილება მე მივიღე და დავტოვე კლასი – ჩემ მაგივრად, სხვა პედაგოგი შევიდა.
მივედი და ვუთხარი, ჩემო კარგო, არ შეგიქმნი პრობლემას, ამ ჟურნალს გადავცემ სხვა მასწავლებელს-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები უკან დაბრუნებას მთხოვდნენ, არ დავბრუნდი.
– რა რეაქცია ჰქონდა „გამარჯვებულ“ მოსწავლეს?
თქვენ წარმოიდგინეთ, ამის შემდეგ, უფრო უკეთესად ვხვდებოდი, კარგი მეგობრებიც კი გავხდით. უკვე დიდი ბიჭია, ცოლიც შეირთო და რომ მხვდება მეცინება და ვეუბნები, აღარ გამახსენო-მეთქი.
ალბათ, ასე იყო საჭირო, უკეთ რომ გავრკვეულიყავი ჩემ თავში. სხვათა შორის ბევრ რამეზე დავფიქრდი, არის რაღაც საკითხები, რაზედაც საჭიროა დაფიქრება. ბავშვებს კარგი აღზრდა და განვითარება სჭირდება.
– რას ასწავლით ბავშვებს განსხვავებულს?
რამდენიმე ხნის წინ, სკოლაში ნატო ვაჩნაძის, სოფიკო ჭიაურელის, ლიკა ქავჟარაძის და ბევრი სხვა ცნობილი ადამიანების ფოტოები დავკიდეთ. ლევან აბაშიძის ფოტო რომ ნახეს, გაგიჟდნენ, ვინ არის ეს ბიჭი, რა ლამაზია, ცოცხალიაო?
ვცდილობ, მათი ცნობიერება ავამაღლო, რაზედაც მშობლები უამრავ მადლობას მიხდიან. აზრზე არ იყვნენ, ვინ იყო მაგალითად, ქ-ნი ვერიკო ანჯაფარიძე. ბოლო ნამუშევარი – ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი იყო.
გენიალური მსახიობი იყო ქ-ნი ლეილა აბაშიძე, მაგრამ სამწუხაროდ, დამთავრდა „ჭრიჭინას ეპოქა“ და „წიწილები“.
სულ ვეუბნები ბავშვებს, იცით რა მაგარი მსახიობები გვყავს, რა მაგარი თეატრები მეთქი? ცოტა ხნის წინ, ძველი სპექტაკლები ვაჩვენე. გაგიჟდნენ, ესენი ქართველი მსახიობები არიანო?
შარშან, უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმი დავათვალიერეთ, სადაც რამდენიმე სცენაც კი გავათამაშეთ, სპექტაკლიდან. თეატრშიც ხშირად დავდივართ, მსახიობებსაც ვხვდებით. ახლა გაჩერებული ვართ, ვერაფერს ვაკეთებთ – დისტანციურად გვიწევს მუშაობა.
– როგორ ატარებთ ონლაინ გაკვეთილებს?
მიუხედავად იმისა, ონლაინ გაკვეთილებს ყველა უარყოფითად აფასებს, გეტყოდით, რომ მე – დადებითად. ბავშვები გაცილებით თავისუფლები არიან, უფრო აქტიურები, ვიდრე გაკვეთილზე. ჩვენი მიმიკა, ბევრ რამეს განსაზღვრავს.
სლოგანზე „დარჩით სახლში“, დავავალე და სასწაული ვიდეოები გადაიღეს. ჯერ პედაგოგებმა გაავრცელეს, ბავშვებმა რომ ნახეს, ისე მოეწონათ, მირეკავდნენ, სოსო მასწ, შეიძლება ჩვენც გადავიღოთო? ისეთი ვიდეოები იყო, გადაცემამ „ეტალონი“ გააშუქა.
– რთველის პერიოდია იმერეთში, როგორ ითავსებენ ბავშვები მუშაობასთან ერთად სწავლას?
იმდენად დანატრებული არიან ბავშვები სწავლას, სულ თვალებში გვიყურებენ. სხვათა შორის, ამ პანდემიამ, მასწავლებელს, ძალიან დიდი ავტორიტეტი შეუქმნა.
არ მახსოვს, რომ ამ პერიოდში, რომელიმე კლასიდან ხმაური გამოსულიყო. მართლაც, ძალიან თბილი გარემოა.
– როგორ ახერხებენ ბავშვები სხვა პედაგოგებთან ურთიერთობას, სავარაუდოდ, ყველა მასწავლებელი ასეთ მეთოდებს არ იყენებს…
პრობლემები ნამდვილად არის, მაგრამ საიდუმლოდ, ჩემთვის დავიტოვებ, ასე მირჩევნია. ჩემი შინაგანი კულტურა მაქვს, კოლეგიალობას დავიცავ, არ მინდა, ამ საკითხს შევეხო.
სულ ვეუბნები ბავშვებს, არა უშავს, არ არის პრობლემა, მთავარია კარგად ისწავლოთ.
– პანდემიის დროს, ბევრი ქალაქელი დაუბრუნდა სოფელს…
თითქმის ყველა ჩვენ მოსწავლეს აქვს სოფელი. პანდემიის დროს, ყველა სოფელში იყო და ქალაქური ცხოვრება მოენატრათ. ფაქტობრივად, ქალაქში ყოფნა უფრო მოსწონთ, ინტერნეტზე არიან მიჯაჭვულები. ერთი სული აქვთ, სოფლიდან გამოიქცნენ, მაინც ქალაქი ურჩევნიათ.
თბილისელი ბავშვი, განსხვავებულ გარემოშია – ინდუსტრია, ტექნოლოგიები, გადატვირთული ქუჩები, ამ ბავშვებს, სხვა სიტუაცია აქვთ. როგორია 6 თვე, სოფელში რომ გაატარებ? ბევრს სოფლის ხსენება აღარ უნდა.
სხვათა შორის, ძალიან შეგნებით ეკიდებიან პანდემიას და ძალიან ფრთხილად არიან. უფროსებზე უკეთ იქცევიან, ვერავის ნახავ, პირბადის გარეშე.
– კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა?
უი, არა, ზესტაფონი, „მწვანე ზონად“ ვრჩებით – მაქსიმალურად ვცდილობთ, სიტუაცია ვაკონტროლოთ.
– რას ეტყოდით პედაგოგებს?
მეტი პოზიტივი, კარგი განწყობა, ღიმილი, არასდროს იწუწუნო. ახალ-ახალი გამოწვევებია და ამ ყველაფერს, ალღო უნდა აუღო.
თუ არ მოგწონთ, შეგიძლიათ წახვიდეთ სახლში და დაისვენოთ! ვეტყოდი, რომ მეტი პოზიტივი, თავისუფლება მისცენ ბავშვებს!
ბევრი სიახლე, მეტი გლობალიზაცია შეიტანონ, განსაკუთრებულად თბილად მოექცნენ, ყველა ბავშვი ინდივიდია, ჩვენ მათთვის ავტორიტეტები ვართ. ახალი თაობა მოდის – ყველაფერი კარგად იქნება!
მყავს მეუღლე, ერთი შვილი და ბევრი მეგობარი, თქვენც ჩემი მეგობარი ხართ, დღეიდან!