ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
„ქანდაკების ფესტივალი -2023", რომლის ორგანიზატორია არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სალუქვაძე, 16 მაისს ნიკოლოზ კანდელაკის გამოფენით გაიხსნა, რომელსაც მერაბ ბერძენიშვილის საერთაშორისო კულტურის ცენტრი „მუზა“ მასპინძლობდა.
გამოფენა, 18 მაისის ჩათვლით გაგრძელდა.
ქართული თანამედროვე ქანდაკების მონუმენტური სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს დამსახურებულ და სახალხო მხატვარი ნიკოლოზ კანდელაკი, თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტული ფიგურა და სახვითი ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო.
გამოფენაზე, ხელოვანის მემკვიდრეების კუთვნილებაში არსებული 30 -მდე ნაწარმოები, უმეტესად პორტრეტული ქანდაკებები გამოიფინა. აღსანიშნავია, რომ მოქანდაკის ამ მასშტაბის გამოფენა პოსტსაბჭოთა პერიოდში პირველად იმართება.
ქანდაკების ფესტივალი თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ნიკოლოზ კანდელაკმა, ვიდრე, იგი ქანდაკებაზე დაიწყებდა მუშაობას, ცხოვრების საკმაოდ დიდი გზა განვლო. მისი პირველი ნაწარმოები – მამაკაცის სკულპტურული პორტრეტი, რომელშიც საყოველთაო ყურადღებასთან ერთად პროფესორ ი. შარლემანისა და აკადემიკოს ე. ლანსერეს ყურადღებაც მიიქცია, ნიკოლოზ კანდელაკის მიერ შექმნილი იყო მაშინ, როცა იგი უკვე 32 წლისა იყო.
ამ დროს იგი გაგზავნეს სასწავლებლად ლენინგრადის – (პეტერბურგის) სამხატვრო აკადემიაში. სამოღვაწეო ასპარეზზე, კანდელაკი, აკადემიის დამთავრების შემდეგ გამოვიდა, როცა იგი 35 წლისა იყო.
ნიკოლოზ კანდელაკს მიღებული ჰქონდა განათლება პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში. მან ბრწყინვალებით იცოდა ადამიანის ანატომია.
განსაკუთრებული გულისყურითა და მონდომებით სწავლობდა კლასიკური მემკვიდრეობის იმ ნიმუშებს, რომლებიც ერმიტაჟში იყო დაცული, აქ იგი აკვირდებოდა არა მარტო ქანდაკებას, არამედ კლასიკურ ფერწერასა და გრაფიკას.
გამოფენაზე გამოტანილია მასალა, რომელსაც თავის დროზე, თავი მოუყარა მოქანდაკის ქალიშვილმა, ფერმწერმა ნელი კანდელაკმა. ნიკოლოზ კანდელაკის ბოლო გამოფენა, 60 -იან წლებში იყო.
ნიკოლოზ კანდელაკის შვილიშვილი ნინო კეშელავა „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, არა მარტო ნიკოლოზ კანდელაკის შემოქმედებაზე, არამედ იმ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ეპიზოდებზე გვესაუბრება, რომლებმაც ნიკოლოზ კანდელაკის მოქანდაკედ ჩამოყალიბების ბედი და მისი ცხოველმყოფელი ძალით გამორჩეული ძერწვის მანერა განსაზღვრა:
გამოფენის ორგანიზატორია არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბ-ნი ლევან სალუქვაძე, ეს არის „ქანდაკების ფესტივალი“, რომელიც მაისიდან ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ფესტივალი, როგორც ქართული თანამედროვე ქანდაკების მონუმენტური სკოლის ფუძემდებლის, მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკის ნამუშევრებით გაიხსნა. ქანდაკებები, ოჯახის კოლექციიდანაც არის.
გამოფენა 16 - 22 მაისს, მერაბ ბერძენიშვილის საერთაშორისო კულტურის ცენტრში „მუზა“ გაიმართა. ბერძენიშვილი, ბაბუას მოწაფე იყო.
გამოფენაზე წარდგენილი იყო ნიკოლოზ კანდელაკის ნამუშევრები - ნიკოლოზ კანდელაკის ქალიშვილის, ნელი კანდელაკის ფერწერული ტილო. რომელიც მან 1958 წელს შეასრულა.საუკეთესო პორტრეტები - მისი მეუღლის, ევგენია ჟუკოვსკაია -კანდელაკის (ცოლის პორტრეტი), არაჩვეულებრივი მსახიობის - შურა თოიძის, ასევე ვახტანგ ბერიძის(ხელოვნებათმცოდნე), ნინო დუმბაძის (ბადროს ტყორცნა), გალაკტიონ ტაბიძის, რომელიც მისი მეგობარი იყო, სადაც გადმოცემულია მისი სულიერი მდგომარეობა, სევდა, ეტყობა, რომ უკვე დეპრესია ჰქონდა.
- ნიკოლოზ კანდელაკის ნამუშევრებში, კარგად იგრძნობა რეალური სამყარო...
გეთანხმებით, ქანდაკებაში გალაკტიონის შინაგანი სამყარო, მისი რეალური სახე, კარგად აქვს გამოკვეთილი. გარდა იმისა, რომ თავად პლასტიკაზე მუშაობდა, ქანდაკებას აკეთებდა, მას აინტერესებდა, როგორი იქნებოდა სივრცეში, მისი დამახასიათებელი იყო, ზუსტად გადმოეტანა ადამიანის ხასიათი, რეალური სახე.
- ბოლო გამოფენა როდის გაიმართა?
მისი ნამუშევრები, წლებია არ უნახავს საზოგადოებას, ბოლოს 1969 წელს იყო „ცისფერ გალერეაში“, მას შემდეგ, არსად გამოფენილა, თუ არ ჩავთვლით - „100 წელი ქართული ქანდაკების“ გამოფენიდან, რომელიც ასევე ბ -მა ლევან სალუქვაძემ გააკეთა.
მისი კოლექციიდან, ბერძენიშვილის ცენტრში რამდენიმე ქანდაკება მოვიტანე, გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები, ადრე მის სახლში, სახელოსნოში იდგა. ერთ-ერთი დავით ანდღულაძის პორტრეტი - შესრულებული 1940 წ. (ჩემი კოლექციიდან) ასევე მსახიობ ნატო ვაჩნაძის პორტრეტი, რომელიც მსახიობის გარდაცვალებამდე, რამდენიმე ხნით ადრეა გაკეთებული.
ეს არის 1953 წელი, როგორც ბაბუა იხსენებდა, მოსკოვში გამგზავრებამდე არის გაკეთებული. ნატოს დაუბარებია, მალე ჩამოვალ და უკეთ დავასრულოთო, მაგრამ პორტრეტი დასრულებულია.
ძალიან საინტერესო პორტრეტია, ნატოს რეალური სახე, ოდნავ აწეული წარბი, სევდა, მისი სილამაზე, მთლიანად გადმოტანილია ქანდაკებაში.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო შალვა დადიანის ბიუსტი (ჩოხაში), შესრულებული 1940 წელს. გამოფენას, ნატო ვაჩნაძის ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.
- მოგვიყევით ბაბუას ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე...
ბაბუა, ნიკოლოზ კანდელაკი 1889 წლის 17 ოქტომბერს, კულაში დაიბადა. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მამა - პორფილე კანდელაკი, მღვდელი იყო. „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში“ იღებდა მონაწილეობას, უამრავი სკოლა დააარსა, სადაც თავადაც ასწავლიდა.
დედა - ალექსანდრა აბაშიძე იყო, რომელიც ბავშვობიდან ასწავლიდა „ვეფხისტყაოსანს“, თავადაც ზეპირად იცოდა, ძალიან განათლებული ქალბატონი იყო.
ბაბუა, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო, მხიარული, სტუმართმოყვარე, საკუთარ სახლში ჰქონდა მოწყობილი შეგირდების სახელოსნო.
უამრავი მოსწავლე გაიზარდა მის ხელში. სახელოსნო მცხეთის 14 ნომერში ჰქონდა, ეს სახლი მეუღლესთან ერთად ააშენა, რევოლუციის დროს. სულ მუშაობდა.
მის სახელოსნოში ბევრ საინტერესო პიროვნებას შეხვდებოდით. აქ ძერწავდა, მეგობრებს უმასპიძლებოდა თავის დაყენებული ღვინით, ეთამაშებოდა ჭადრაკს, რომელიც ძალიან უყვარდა.
ასე იქნებოდა ღრმა შინაარსის გენიალური პორტრეტები, ნამდვილი ქანდაკება ძლიერი ენერგიის მატარებელი. ის ბუნებით მონუმენტალისტია და ყველა მის პორტრეტს, გამოძერწილ ფიგურას შესატყვისად მიმართავს, განზოგადების დიდი ოსტატი იყო.
ამბობდა, „პორტრეტი ორმაგი სახეა მოდელისა და თვით მისი შემქმნელი მხატვრისა". მან შექმნა ის მყარი საფუძველი, რომელსაც კანდელაკის სკოლას ეძახიან. მის სახელოსნოს, შეგირდების სახელოსნოსაც ეძახდნენ.
დილით აკადემიაში მიდიოდა და შემდეგ კი, სახლში აგრძელებდა მუშაობას. დამთავრებული ჰქონდა პეტერბურგის აკადემია (ცნობილი პედაგოგი მატვეევი). ნიკოლოზ კანდელაკი ა, მატვეევის საუკეთესო მოწაფედ ითვლებოდა.
ნიკოლოზ კანდელაკი 1970 წელს, 24 აგვისტოს სოხუმში გარდაიცვალა. ეს ის პერიოდია, როცა თბილისში ქოლერა მძინვარებდა.
ძალიან უყვარდა ზღვა და დასასვენებლად სოხუმში იმყოფებოდა, როცა ამ პანდემიის შესახებ გაიგო. როგორც ამბობენ, ძალიან ინერვიულა და ინსულტი დაემართა.
სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და მისი ნეშტი, მისმა მოწაფემ, გვარად შეროზიამ ჩამოასვენა თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
ბაბუა, თანამედროვე მონუმენტური ქანდაკების ფუძემდებლად ითვლება.
- როგორც ამბობენ, ძალიან ემოციური პიროვნება იყო, მაგრამ მუშაობის დროს, მისი სრული გარდასახვა ხდებოდა...
ეს მისი ცხოვრება იყო, უაღრესად განათლებული და ჭკვიანი კაცი იყო, რაც ნათლად ჩანს მის პორტრეტში. მის მოგონებებში წერია, რომ სანამ პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარებდა, ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა, დავით კაკაბაძესთან ერთად, სადაც კარგად შეისწავლა ადამიანის ანატომია და ხატვა.
დაახლოებით, 10 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა, ამიტომ კარგად მახსოვს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები. სწორედ ბაბუის გამო ავირჩიე ჩემი პროფესია, მოტივაციაც ბევრი მქონდა.
- თქვენ რა პროფესიის ბრძანდებით?
მე, ნიკოლოზ კანდელაკის უფროსი ქალიშვილის, ფერმწერის, ნელი კანდელაკის შვილი ვარ. დავამთავრე სამხატვრო აკადემია, ვსწავლობდი ქანდაკებაზე გოგი ოჩიაურის ჯგუფში, პროფესიით მოქანდაკე ვარ, გრაფიკოსი. რამდენიმე ხნის წინ, მაია იზორიასთან ერთად, გამოვეცი წიგნი ნიკოლოზ კანდელაკის ბიოგრაფიაზე.
მამა - გიგი კეშელავა, არაჩვეულებრივი ფერმწერი იყო. ყველა მხატვარი ვართ ოჯახში, ჩემი მეუღლეც, მხატვარი - ალექსანდრე ბერდიშევია.
- როგორც პროფესიონალი, მის რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით?
ყველა ერთნაირად მიყვარს და მომწონს, მახსოვს, გოგი ოჩიაურმა დამისვა კითხვა, რომელი მოგწონსო და შემრცხვა და ვერ ვთქვი, რომ ყველა!
მაგრამ გამოგიტყდებით, ბავშვობაში, ძალიან მომწონდა მუხაძის პორტრეტი, ადრე ეს ქანდაკება, სისხლის გადასხმის ინსტიტუტში იდგა. ძალიან კარგად არის მისი ხასიათი გადმოცემული ამ ქანდაკებაში.
- სად არის შემორჩენილი ნიკოლოზ კანდელაკის ნამუშევრები?
მსახიობ ა. ხორავას ქანდაკება, რომელიც ითვლება, რომ მისი შედევრია, მთაწმინდის პანთეონში, მის საფლავზე დგას.
მისი ნამუშევრებიდან გამოირჩევა შურა თოიძის, ვახტანგ ბერიძის პორტრეტები, ასევე „კოლხი“, რომელსაც ადრე ხან იმერელს, და ხან მაღაროელს ეძახდნენ, თავად ბაბუა კი „კოლხს“.
დედაჩემი, მთელი ცხოვრება, მის შესახებ ინფორმაციებს აგროვებდა. ბ-ნ ა. შანიძეს, რომელთან ერთად სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, სთხოვა, დაეწერა მისი მოგონებები.
ნიკოლოზი და ძმა ალექსანდრე, ვახტანგის კარგი მეგობრები იყვნენ. როგორც მახსოვს, შანიძემაც დაწერა რომ ამ ქანდაკებას „კოლხს“ ეძახდა.
გამოფენაზე ასევე წარდგენილი იყო, გიორგი ლეონიძის ქალიშვილის, ნესტან ლეონიძის პორტრეტი (1945 წ.), რომელიც მხატვარი იყო.
ამონარიდი გოგი ოჩიაურის მოგონებიდან: „ბატონო ნიკოს ქანდაკება, აღმოჩნდა, მყარი საძირკველი შემდგომი მთელი ქართული ქანდაკებისა. აკადემიაში ის ასწავლიდა მონუმენტურ ქანდაკებას და საბედნიეროდ, არა ხერხებს ასეთი ჟანრისა, არამედ პრინციპებს, რის გამოც, მისი მოწაფეები დღეს ასე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
მონუმენტური ხედვის შეუდარებელი ნიჭით დაჯილდოებულს, ძერწვისას, თან ახლდა, პლასტიკური ხელოვნებისთვის აუცილებელი ცენზორი - მაღალი კულტურა...
მან დაგვიტოვა ღირსეული ხელოვნება ქანდაკებისა. შთამომავლობა ვალდებულია, ღირსეული პატივი მიაგოს დიდ მოქანდაკეს!“
დიდი მოქანდაკე, ნიკოლოზ კანდელაკი დაიბადა 1889 წლის 17 ოქტომბერს და 1970 წლის 24 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი დიდი პატივით დაკრძალეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.