Exclusive: სად იგეგმება ჯორჯ კობის მემორიალური მუზეუმის მოწყობა - „პირველი შემთხვევაა, როცა მაღალმთიან ზონაში მუზეუმი გაიხსნება“

გრიგოლ კობახიძე (ჯორჯ კობი)

„გრიგოლ კობახიძის მშობლიური სახლი რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, სოფელ თხმორში მდებარეობს. აღნიშნულ ადგილზე, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, დაგეგმილია სახლ-მუზეუმის მოწყობა, რომელიც ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი გახდება.

ჯორჯ კობის ფსევდონიმით ცნობილი რაჭველი გამომგონებელი, იმ პიროვნებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებმაც სახელი, მსოფლიო მასშტაბით მოიხვეჭეს და საკუთარი გამოგონებები კომერციულად მოგებიანი გახადეს," - წერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ფეისბუკ გვერდის ადმინისტრაცია.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „კულტურულ სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“, თსუ -ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეულმა პროფესორმა, კულტუროლოგმა ელენე გეგეშიძემ გაიმარჯვა, რომელსაც წარდგენილი ჰქონდა პროექტი - ,,ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში მემორიალური ფოტო მუზეუმის გახსნა“, რომელიც ჯორჯ კობის, იგივე, გრიგოლ კობახიძის სახელობის მუზეუმის დაარსებას ითვალისწინებს.

ქალბატონ ელენეს სურს – ჯორჯ კობის თაობაზე ცოდნის გადაცემა დააგვირგვინოს პრაქტიკული საქმით, რაც მისი სახელობის ფოტო მუზეუმის ფუნქციონირებას ისახავს მიზნად.

ამ სასიხარულო ინფორმაციასთან დაკავშირებით, პროფესორი ელენე გეგეშიძე „პრაიმ ტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ პირველი შემთხვევაა, როცა მაღალმთიან ზონაში, ჩვენი ღირსეული მამულიშვილის მემორიალური მუზეუმი გაიხსნება:

თხმორი (ამბროლაურის რ-ნი), ჩემი მშობლიური სოფელია, რომელიც უამრავი პრობლემის გამო, თითქმის დაიცალა მოსახლეობისგან, არიან ახალგაზრდები, რომლებსაც არანაირი საცხოვრებელი პირობები არ გააჩნიათ, დღემდე არ არის გზები.  

შევიმუშავეთ, კულტურული განვითარების პროგრამა, რომელიც როგორც რეგიონის, ასევე ჩვენი სოფლის განვითარებისთვისაც საუკეთესო იქნება.

სპეციალობით კულტუროლოგი ვარ და მინდოდა ჩემი  სოფლისთვის კარგი საქმე გამეკეთებინა. რამდენიმე ხნის წინ, დავაყენე საკითხი, ჯორჯ კობის (გრიგოლ კობახიძის) მუზეუმის შექმნის თაობაზე, რასაც თავად ვუხელმძღვანელებ.

ამ პროექტის განხორციელებას, რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, თავისთავად მოჰყვება გზების განვითარება და პროგრესი.

პროექტი, კულტურის სამინისტროს წარვუდგინე, რადგან ჩემი ფინანსებით ვარ მოვახერხებდი. ამიტომ გრანტი წარვადგინე, როგორც  ჩანს მოეწონათ, თემაც აქტუალურია, რეგიონებს ხელშეწყობა სჭირდებათ.

ჩავთვალე, რომ ეს პროექტი, 100 % -იდან 80% -მდე მაინც გამოვიდოდა. საუკეთესოდ კურირებს ქ-ნი თეა წულუკიანი, ძალიან ნიჭიერი ქალბატონია, რაც მნიშვნელოვანი პროექტები იყო, თითქმის ყველა დააფინანსა, ყველა სფეროში კარგად მუშაობს.  

კულტურის სამინისტროს დახმარებით, მივიღე ექსპონატების დაფინანსება, დანარჩენს კი, რეგიონი უზრუნველყოფს.

- როგორც ჩანს, ახალი შენობის აშენებას გეგმავთ? 

სამწუხაროდ, ახალი შენობის აშენება, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ვერ შეძლებს, ამიტომ გადაწყდა, რომ თავად გრიგოლ (გიგო)კობახიძის (ჯორჯ კობი) დაფინანსებით აშენებულ შენობაში, რომელიც რეკონსტრუქციას საჭიროებს, განთავსდეს მუზეუმი.

ამ შენობაში, თავდაპირველად, განთავსებული იყო აფთიაქი, შემდეგ კი, კარგად მახსოვს ჩემ ბავშვობაში, მაღაზია ფუნქციონირებდა. სწორედ, ამ შენობაში განთავსდება მუზეუმი.

ჩემმა მეგობარმა, ძალიან კარგი პროექტი გამიკეთა, ამბროლაურის მერს ვესაუბრე და დახმარება ვთხოვე, მემორიალური მუზეუმის ასაშენებლად, მაგრამ ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, რადგან თანამედროვე დიზაინის პროექტი იყო და უარი მივიღე.

ამის შემდეგ, ჩემმა მეგობარმა, ისტორიკოსმა ბ-ნმა გიორგი კალანდიამ მირჩია, რომ მაღალმთიან სოფელში, მემორიალური მუზეუმის აშენება, არ იქნებოდა მართებული, რეგიონისთვის დამაზარალებელი იქნებოდა, თან ათასზე მეტი ექსპონატი უნდა მქონოდა. ამიტომ მუზეუმის გახსნა, აფთიაქის შენობაში გადაწყდა.

ამ ეტაპზე, დაახლოებით, 32 -მდე ექსპონატი შევაგროვე, ისიც ძალიან დიდი ძალისხმევით.

- რა მდგომარეობაშია გრიგოლ კობახიძის სახლი, ცნობილია, რომ ნასახლარია დარჩენილი...

კობის სახლი, უკვე სამჯერ გაიყიდა. ის ძველი სახლი რომ იყოს შემორჩენილი, საუკეთესო იქნებოდა მემორიალური მუზეუმის გასახსნელად, მაგრამ ამ ადგილას, ნასახლარია დარჩენილი.

ამიტომ გადავწყვიტეთ, ფოტო მემორიალური მუზეუმის, სხვა ადგილას გაკეთება, რომელიც უშუალოდ გრიგოლ კობახიძის ცხოვრებას შეეხება.

- სავარაუდოდ, რთული იქნება მისი ფოტოების მოძიება, როგორც ვიცი, რამდენიმე ფოტო არსებობს...

მართლაც, რამდენიმე ფოტო არსებობს, შეიძლება მის ძმის შვილიშვილებს ჰქონდეთ შემორჩენილი. ამ ადამიანმა, ორჯერ - 1925 და 1928 წლებში სოფელში ჩასვლა მოახერხა, მაგრამ რადგან დევნიდნენ, ვეღარ შეძლო უკან დაბრუნება.

ბოლო ჩასვლის დროს, ერთ-ერთმა ძმის შვილმა, ამბავი მოუტანა, რომ დაჭერას უპირებდნენ. იმ ღამესვე გაიპარა სახლიდან და ქვეყანა დატოვა. ამის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში, ვეღარ ეკონტაქტებოდა ოჯახის წევრებს.

 

ამიტომ მისი ფოტოები, მცირე რაოდენობით არსებობს. არქივის ორი ფოტო, გრიგოლ კობახიძის ძმის (ერასტი) შვილიშვილებმა გოჩა, ლევან, იაკობ (კობა) და მზია კობახიძეებმა გადმომცეს.  

როგორც ვიცი, ბოლოს, გრიგოლ კობახიძის სახლი, ვინმე კობა კობახიძემ იყიდა, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს. როგორც ვიცი, კობის სახლს, სოფელ თხმორში წინაპრების დანატოვარი სახლებიდან, იმდენად ლამაზი ორნამენტები ჰქონდა, ყველაზე ლამაზ შენობად ითვლებოდა, მეორე კი, ჩემი სახლი ყოფილა.

სწორედ, ამ ულამაზესი ჩუქურთმების გამო შეიძინა სახლი კობა კობახიძემ და ქუთაისთან ახლოს მდებარე სოფელში გადაიტანა. შარშან მოვინახულე გრიგოლ კობახიძის კარ-მიდამო და მხოლოდ, ნასახლარია შემორჩენილი.

ერთადერთი, რაც გაკეთდა, კობის ნასახლართან მისასვლელი გზა გაიწმინდა. როგორც მითხრეს, მიწის მესაკუთრეს, ახალი სახლის აშენება აქვს გადაწყვეტილი. გამიხარდა, კარგი იქნება, თუ ვინმე დასახლდება. როგორც ვიცი, ეს პიროვნება, პირდაპირი ნათესავი არ არის, მხოლოდ მოგვარეა.  

ჩემი ინტერესი სულ სხვაა, ჯორჯ კობი ნამდვილად უნიჭიერესი ადამიანი იყო და მისი სახელი, არ უნდა დაავიწყდეს ჩვენ ქვეყანას და მათ შთამომავლებს.

მსგავსი ანალოგი, ნიჭიერ ადამიანს, მსოფლიოში არ აქვს. მის სახელს, უამრავი აღმოჩენა და გამოგონება უკავშირდება. მართალია, ეს ადამიანი ჩემი ნათესავი არ იყო, მაგრამ მიხარია, რომ ჩემი სოფლის მკვიდრი და ქართული გენია,

სიამოვნებით, მთელი სულით და გულით ვმუშაობ ამ პროექტზე. მუზეუმის გახსნას, სავარაუდოდ, მოჰყვება დიდი პროგრესი, რაც მთავარია, კულტურის სამინისტროც დაინტერესდა.

მინდა გითხრათ, რომ მაღალმთიან ზონაში, პირველი შემთხვევაა, სადაც ჩვენი ღირსეული მამულიშვილის მემორიალური მუზეუმი გაიხსნება.

არ გამოვრიცხავ, რომ მუზეუმის გახსნას, თავად კულტურის მინისტრიც დაესწრება. თუ ჩამობრძანდება, ხელისუფლება უკეთ გაეცნობა ჩვენი სოფლის პრობლემებს.

 - დაახლოებით, როდის იგეგმება გრიგოლ კობახიძის მემორიალური ფოტო მუზეუმის გახსნა?

პროექტი, რომელიც ჩემმა მეგობარმა გააკეთა, თანამედროვე სტილის მუზეუმი იქნებოდა, მაგრამ რადგან დიდ ხარჯებზე იყო დამოკიდებული, ვერ მოხერხდა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, კერძოდ, ქალაქის მერთან, ზვიად მხეიძესთან ერთად შევჯერდით, რომ მუზეუმი, კანტორის შენობაში გაგვეკეთებინა, ჩაგვეტარებინა სარემონტო სამუშაოები და სამუზეუმოდ მოგვეწესრიგებინა.

 

ადრე, ამ შენობაში, ბიბლიოთეკა იყო და ახალი გადახურულია. როცა გრანტი მივიღე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად შევიმუშავეთ გეგმა.

აღმოჩნდა, რომ ამ შენობის ქვედა სართული, საკმაოდ დაზიანებული იყო, დიდი ფართის შენობაა და მისი აღდგენა, საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოვს.

ამბროლაურის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ქრისტინე კობახიძესთან ერთად, გადავწყვიტეთ, გრიგოლ კობახიძის დაფინანსებით აშენებულ შენობაში გაკეთდეს სარემონტო სამუშაოები და ცალკე მდგომ შენობაში განთავსდეს მუზეუმი.

პირადად მე, პასუხს ვაგებ, ექსპოზიციების მომზადებაზე. გრანტი დაფინანსებული მაქვს მხოლოდ, ექსპოზიციაზე. პროექტი, 2023 წლის ნოემბერში უნდა ჩავაბარო.

იმედია, მერიის მხრიდან, ყველაფერი კარგად და დროულად გაკეთდება. თუ ვერ მოესწრება, ექსპოზიციები დროებით ამბროლაურის კულტურის სახლში განთავსდება.

2024 წლის გაზაფხულიდან, ისევ დაიწყება სარემონტო სამუშაოები და სავარაუდოდ, ზაფხულისთვის მზად იქნება. პროექტის სახელწოდებაა - „ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში მემორიალური ფოტო მუზეუმის გახსნა“.

თუ დროულად ვერ განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, კულტურის სამინისტროსთვის უნდა მქონდეს ოფიციალური საბუთი, რომ ამ შემთხვევაში, დროებით შეინახავენ ამბროლაურის კულტურის სახლში და შემდეგ მოხდება სოფელ თხმორში გადატანა, სადაც იგეგმება ოფიციალური გახსნა.

უკვე დავიწყე მუშაობა, მთელი სოფელი მე შემომყურებს და ვეცდები, ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც კარგი იქნება. შენობაში, სადაც მუზეუმი განთავსდება, ერთი დიდი დარბაზი იქნება - ერთ სივრცეში განთავსდება ფოტოები.

თუ კიდევ ვინმე დამიკავშირდება, ვინც მომაწოდებს გრიგოლ კობახიძის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს, ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები.

იქ სადაც განთავსდება ფოტოები, აუცილებლად იქნება ანოტაცია უცხო ენაზეც, რომ ტურისტებისთვის უფრო გასაგები და საინტერესო იქნეს.

იქნება 10 მოლბერტი, სადაც მისი ბიოგრაფია დაიწერება. გრიგოლ კობაიძის (ჯორჯ კობი) ნათესავები, თუ რამე ექსკლუზივს მომაწოდებენ, აუცილებლად მათი სახელით გავასაჯაროებ.

თუ ვინმეს შემორჩენილი აქვს, გთხოვთ, მომაწოდოთ მისი წერილები. თსუ -ის პროფესორი და ისტორიის დოქტორი ქ-ნი რუსუდან დაუშვილი, ინფორმაციების მოძიებაში ძალიან მეხმარება, ამერიკაშიც ვიკვლევ მასალებს და მისი პატენტები და ისტორიებიც მოვიძიე.

ძალიან მინდა, ექსკლუზიური მასალები და ყველას ვთხოვ, თუ რამე ინფორმაცია გაქვთ, გამომეხმაურეთ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ კობი (გრიგოლ კობახიძე ) იყო, გასული საუკუნის პირველი ქართველი მულტიმილიონერი ამერიკაში, რომლის სახელთან, 70-მდე გამოგონება და უნიკალური პატენტია დაკავშირებული.

მის მიერ გამოგონილი ცემენტით, ამერიკის სახელგანთქმული ცათამბჯენები აშენდა. დანერგა სიახლე, რომლის გამოყენება მთელმა მსოფლიომ დაიწყო – ელექტრო სანთლები და შუშის ფერადი სათამაშოები ნაძვის მოსართავად!

მან­ვე და­ამ­ზა­და ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლის მიერ შექ­მნი­ლი თვითმფრი­ნა­ვის ზემ­ტკი­ცე მი­ნის კა­ბი­ნა, გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლის მიერ შექ­მნი­ლი პირ­ვე­ლი ამე­რი­კუ­ლი სუ­ნა­მოს ფლა­კო­ნე­ბი.

 

ჯორჯ კობიმ ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება თავის წარმოებაში, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დანერგა.

შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტრო სანთლები ე.წ. „Babel Lamps”, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. ფერადი მინისგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელსაც „ორნამენტი” უწოდა,

შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 და 24 ცალ სათამაშოს ეწერა „კობი. საშობაო ხის ორნამენტები, კობი – ეს შობაა”. რადგანაც სათამაშოები კანადაშიც გადიოდა წარწერა ფრანგულ ენაზეც კეთდებოდა“…

ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ქიმიკოსი გრიგოლ (გიგო) კობახიძე (ჯორჯ კობი), დაიბადა 1883 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში, დავით კობახიძის ოჯახში და გარდაიცვალა 1967 წლის 30 ოქტომბერს, აშშ -ში.