დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დღეს, ქართული ცეკვის ლეგენდა, ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის სახელობის ანსამბლის ყოფილი მოცეკვავე ომარ მხეიძე, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გამოსვენება, თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიიდან 20 ივლისს, 15 საათზე გაიმართება.
ლეგენდარულმა მოცეკვავემ უზარმაზარი როლი ითამაშა, ქართული ხალხური ცეკვის განვითარების საქმეში. მან 1984 წელს დატოვა მშობლიური ანსამბლი.
ომარ მხეიძე თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ხელოვნების კათედრის კონსულტანტი და ამავე დროს, საქართველოს ჩოხოსანთა მოძრაობის ერთ-ერთ თვალსაჩინო ლიდერი იყო.
2004 წლიდან აირჩიეს საქართველოს სამეფო კლუბის წევრად, 2015 წლის 23 მაისიდან სამეფო კლუბის ღვაწლმოსილი წევრი იყო.
„ომარ მხეიძე ქართული ხასიათის განსახიერებაა", „მან შექმნა ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიაში გმირის სახე", ომარ მხეიძის ცეკვაში არ არსებობს შეუსრულებელი ილეთები", „მფრინავი ვეფხვი", „ანსამბლის არწივი" - ასე აფასებდნენ მას სპეციალისტები თუ მაყურებელი.
ქართული ცეკვის ლეგენდას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა „საუკუნის მოცეკვავე“ უწოდა. „ომარ მხეიძე-ქართული ცეკვის გენია“ – ასე უწოდეს მას მწერალთა და ხელოვანთა გაზეთ „ქიმერიონში“ დაბეჭდილ სტატიაში (2012 წლის #12).
ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის სახელობის ანსამბლის ყოფილი მოცეკვავე, ფოლკლორულ ანსამბლ „რუსთავის“ მთავარი ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე, „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ომარ მხეიძე ქართულ ცეკაში, ნამდვილი „ლომი“ იყო:
ძალიან სამწუხარო ინფორმაციაა, ახლა მოვდივარ ომარის სახლიდან. არაჩვეულებრივი, უძლიერესი მოცეკვავე იყო. მთელი ანსამბლის რეპეტიცია მას მიჰყავდა, პირველ ხაზში იდგა...
- „მფრინავ ვეფხვს“ ეძახდნენ...
ცეკვის დროს, მართლაც დაფრინავდა, არა მარტო „მფრინავი ვეფხვი“, ნამდვილი „ლომი“ იყო.
- 30 წელი იდგა სცენაზე, დიდი შრომა აქვს გაწეული, უბრწყინვალესი, უძლიერესი მოცეკვავე იყო, მისმა გარდაცვალებამ, გული დამწყვიტა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ.
„სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავე, ქორეოგრაფი მანანა აბაზაძე:
ძალიან ვწუხვარ, ძალიან ერთგული ადამიანი იყო, ძმასავით მყავდა, აბსოლუტურად ყველაფერში ვენდობოდი. გარკვეული წლების მანძილზე, არა მარტო პარტნიორები, ოჯახებითაც ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით.
ერთ საინტერესო ისტორიას გავიხსენებ, სადაც მიხვდებით თუ რამდენად დიდი პიროვნება იყო:
კახეთში ვიყავით გასტროლზე. იმ პერიოდში, ახალბედა მძღოლი ვიყავი. ანსამბლის წევრებმა, ჩემ სოფელში გადავწყვიტეთ წასვლა, ყველა სხვადასხვა მანქანებში გადავნაწილდით. ომარი, ჩვენი მძღოლი იყო.
ბიჭებმა იქეიფეს, ცოტა დალიეს და როცა წამოვედით, ომარის ავტომობილი ორმოში ჩავარდნილი დაგვხვდა. მანქანის მართვა მეხერხებოდა და ამოიყვანა შევთავაზე. უცებ გამომიცხადა, შენ დაჯექი საჭესთანო, მაგრამ ნასვამი იყო და სხვა გზა არ მქონდა.
მოხდა ისე, რომ შემხვედრმა მანქანამ შუქები მოგვანათა, დავიბენი და გზიდან გადავუხვიე. საბედნიეროდ, ყველა გადავრჩით, მაგრამ ძალიან ვინერვიულე. მანქანა იქვე, პროფილაქტიკაში დატოვეს და ჩვენ სხვადასხვა ავტომობილებში გადაგვანაწილეს.
მეორე დღეს, როგორც ყოველთვის ხდებოდა, კონცერტის მერე, სამი ქალი „ობლებივით“ ვიდექით და ველოდებით, რომ იქნებ ვინმეს ჩავესვით. ომარს, თეთრი „ვოლგა“ ჰყავდა, უცებ ვხედავ შემოგრიალდა მანქანით და გვეუბნება - რა გეგონათ, დაგტოვებდითო?
თურმე, ჩვენ წასაყვანად მეგობრისთვის გამოურთმევია ახალი „ვოლგა“. საოცრად მზრუნველი ადამიანი იყო, არაჩვეულებრივი პიროვნება და მოცეკვავე იყო.
- როგორც ამბობდნენ, “ომარ მხეიძის ცეკვაში არ არსებობს შეუსრულებელი ილეთები“ - ყველაზე მეტად, რომელს გამოარჩევდით...
გულზე ხელის დარტყმა და ცერზე შეხტომა უყვარდა. ამ ილეთს, სიცოცხლის ბოლო წუთამდე აკეთებდა. მრავალფეროვანი მოცეკვავე იყო, ერთ-ერთი თვალსაჩინო და წამყვანი სოლისტი.
25 წელი ვიდექი სცენაზე. ბევრი პარტნიორი მყავდა, მაგრამ ძირითადად, ომარი იყო ჩემი მეწყვილე. ძალიან მიყვარდა მასთან ცეკვა, იმიტომ რომ პირდაპირ გიწვევდა - საოცარი პარტნიორი იყო. საზოგადოებისთვის, მათ შორის ახალგაზრდა თაობისთვის, სამაგალითო, თავდადებული ადამიანი იყო.
პრაქტიკულად, მთელი შეგნებული ცხოვრება, ერთად გავატარეთ. თითქმის ყველა ღონისძიებაზე, ვხვდებოდით ერთმანეთს და მიუხედავად ჩვენი ასაკისა, მაინც ერთად ვცეკვავდით.
მისი გარდაცვალება, ჩემთვის დიდი გულისტკივილია, ძალიან მიყვარდა და საოცრად მენანება.
„პრაიმტაიმი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული მოცეკვავის, საქართველოს სახალხო არტისტის ბატონ ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს!