„ერთ-ერთ ადამიანს ფეხი დაუცდა... ფერფლი ჰაერში მიმოიფანტა“ - კოტე მარჯანიშვილის დაკრძალვის აქამდე უცნობი კადრები

რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი

 სტუდია „მემატიანეს“ მიერ, აღმოჩენილია 1933 წელს გადაღებული, კოტე მარჯანიშვილის დაკრძალვის სრულიად უნიკალური კადრები,  რომლის არსებობა, არავინ იცოდა.

უნიკალური მასალა, პირველად, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ჟურნალისტმა, კინომცოდნე ზაკ მირიანაშვილმა ნახა, კინო მოღვაწეების ამოცნობის შემდეგ, კადრები არაერთ თეატრალს აჩვენა.

კვლევის პროცესი, რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც, დადგინდა, რომ კადრებში ფიქსირდება სანდრო ახმეტელი, პაოლო იაშვილი, სრულიად ახალგაზრდა სერგო ზაქარიაძე, ნიკოლოზ შენგელაია, ლადო გუდიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, სიკო დოლიძე და მრავალი სხვა.

ეს არის დაკრძალვის პროცესია, რომელიც იწყება მარჯანიშვილის თეატრიდან, კადრში ჩანს საპატიო ყარაული, ქართული კინოსა და თეატრის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლების.

იმ პერიოდში, ძალიან დიდი მოვლენა იყო ცნობილი ადამიანის გარდაცვალება და ამიტომ პატივის მისაგებად, რეგიონებიდანაც ბევრი ჩამოდიოდა.

კარგად ჩანს, კოტე მარჯანიშვილის ფერფლი, რომელიც მოსკოვიდან ჩამოასვენეს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კადრში ჩანს უამრავი თეატრალი, კინო მოღვაწე ადამიანები, რომლებიც 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლნენ და დახვრიტეს.

მარჯანიშვილის ნეშტი თავდაპირველად ოპერის ბაღში დაკრძალეს. რამდენიმე წელიწადში, მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.

სანდრო მრევლიშვილის მოგონებებიდან (პატარა სანდრო, მამამ მიიყვანა პროცესიაში დასასწრებად) - როდესაც ნეშტი გამოიტანეს, ერთ-ერთ ადამიანს ფეხი დაუცდა, დაეცა და ურნა ძირს დაუვარდა.

იყო ქარი და ფერფლი ჰაერში მიმოიფანტა. ურნა თითქმის ცარიელი დარჩა. ვისაც ეს შეემთხვა, ცნობილი ადამიანი იყო, ამიტომ დღემდე საიდუმლოა მისი ვინაობა.

ამ უდიდეს გენიოსს ბევრ რამეში ბედი არ სწყალობდა, მაგრამ ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ აღმოვაჩინეთ კადრები, რომელიც კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდგომ პერიოდს აცოცხლებს.

კადრებს, რომლებმაც მთელი მე-20 საუკუნე დაიტია, სტუდია „მემატიანეს“ თანამშრომლები, დოკუმენტალისტი რეზო მახათაძე და მისი შეგირდი პატრონობენ.

ამ ადამიანების ამოცნობა თეატრმცოდნე აკაკი კუჭუხიძესთან (რუსთაველის ეროვნული თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი) ერთად მოხდა, რომელიც 30 წლის განმავლობაში, მარჯანიშვილის თეატრის თანამშრომელი იყო და იმდროინდელი რეჟისორების მოღვაწეობისა და თეატრალური ცხოვრების თითქმის ყველა ნიუანსი იცის.