1762717258
პარლამენტი მთავრობის მიერ დაბრუნებული ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს - ფინანსთა მინისტრის მოადგილე დოკუმენტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგენს
პარლამენტი მთავრობის მიერ საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებული ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას იწყებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, პროექტს კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე წარუდგენს.
მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35-ნახევარი მილიარდი ლარია. მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების გაზრდილი დაფინანსება, რომელიც 800 მილიონს აჭარბებს.
შეგახსენებთ, რომ მომავალი წლის იანვრიდან ხანდაზმულ მოქალაქეებს პენსია ეზრდებათ.
"პარლამენტში განიხილება ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი, რომელიც განპირობებულია იმით, რომ დაგეგმილზე მეტმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია უფრო მეტი ფულადი სახსრების მობილიზება ბიუჯეტში, რაც სხვადასხვა პროგრამებზე საშუალებას გვაძლევს პროპორციულად უფრო მეტი თანხები გადავანაწილოთ. სოციალურ საჭიროებებსა და მსგავს თემებზე ბიუჯეტის დაახლოებით, ისევ მესამედი არის მიმართული, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობის", - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა.












