„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
მოულოდნელი და დაუჯერებელი ამბავი, რომელიც მეხის გასროლასავით გაისმა და მთლიანად მოიცვა თბილისის ყველა ქუჩა, უბანი თუ სახლი...
1985 წლის 19 მარტს მსახიობმა გია ფერაძემ (ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევით, ხოლო სხვა ვერსიით განზრახ), კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით, მეუღლე, ცნობილი მოქანდაკისა და სახალხო მხატვრის, ჯუნა მიქატაძის ქალიშვილი ირინა მიქატაძე მოკლა.
37 წლის გია ფერაძე, დააპატიმრეს... მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გიამ 2 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარა, 5 წელი - ციმბირში და იაკუტსკში.
მკვლელობის ბრალდებით სასჯელს ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა. გია ფერაძემ ბოლომდე მოიხადა სასჯელი და ციხიდან გამოსვლიდან, ორ წელიწადში გარდაიცვალა.
სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმის თანამშრომლების“ დირექტორი, კინო პროდიუსერი თამაზ ორაშვილი, მსახიობ გია ფერაძის ტრაგიკულ ისტორიამდე, რამდენიმე ხნით ადრე, მოსკოვში ყოფნის პერიოდს იხსენებს და სოციალურ ქსელში პოსტსა და ფოტოს აქვეყნებს.
ამასთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ ბ-ნ თამაზს დაუკავშირდა და ექსკლუზიურად ესაუბრა:
ერთ დილას ინტერნეტს ვსქროლავდი და გიას ფოტო შემხვდა. პირველად სურათს რომ დავაკვირდი, გოგონა რომელიც გიას გვერდით იდგა, მისი მეუღლე ირინა მიქატაძე მეგონა, როგორც ჩანს, საზოგადოების დიდ ნაწილსაც.
მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ირინა არ არის, სამწუხაროდ, მისი ვინაობა არ ვიცი. გიასთან დაკავშირებით, ბევრი ისტორია მაქვს, მაგრამ რაც გამოვაქვეყნე, ეს ისტორია, იმ ტრაგიკულ შემთხვევამდე, რამდენიმე ხნით ადრე იყო.
რატომღაც მოხდა ისე, რომ მე და გია მოსკოვში ერთად მოვხვდით, ის კიევიდან ჩამოფრინდა, მე კი ერთი დღით ადრე თბილისიდან გადავფრინდი. როგორც სტატუსში დავწერე, მთელი ის პერიოდი, გია არ გამოფხიზლებულა.
როცა ეს ტრაგედია დატრიალდა, ჩემი თბილისში ჩამოფრენის შემდეგ, გია სავარაუდოდ, ორი კვირის შემდეგ ჩამოფრინადა მოსკოვიდან.
იქ ძალიან ცუდად იყო, ვფიქრობ, ალბათ იმიტომ დარჩა ცოტა ხნით მოსკოვში, უნდოდა რომ სასმელისგან როგორმე თავი დაეღწია, არ უნდოდა მეუღლეს ასეთ მდგომარეობაში ენახა.
ვიცი, რომ სიგიჟემდე უყვარდა ირინა, ძალიან უფრთხილდებოდა, ნერვიულობდა, რომ არ გაეგო მისი ალკოჰოლზე დამოკიდებულების შესახებ.
- ფიქრობთ, რომ შემთხვევით გაუვარდა?
დიახ, ეგრე ვფიქრობ, უეჭველი გაუვარდა! უცბად წარმოვიდგინე გიას მდგომარეობა, ასეთი სიზუსტით ნასროლი ტყვია, რომელიც პირდაპირ გულში მოხვდა, გამორიცხულია, რომ ეს დამიზნებით გაეკეთებინა. წარმოუდგენელია, ასე ზუსტად დამიზნება.
რა მოხდა იმ ღამეს, არავინ იცის, ეტყობა ეშმაკი შეუჩნდა და გაისროლა. როგორც მასმედიიდან შევიტყვე, ყველაზე დიდი შეცდომა, მაშინ დაუშვა, როცა ამ შემთხვევის შემდეგ, სახლიდან ფეხშიშველი გაიპარა.
ეტყობა შეეშინდა, რა დაემართა, არავინ იცის. ადამიანია, ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო. ვინც ეს „კალამისტრის“იარაღი აჩუქა, ხშირად ახსენებდა მის სახელს, მაგრამ მისი ვინაობა, ნამდვილად არ მახსოვს.
ხშირად ისროდა ამ დაწყევლილი „კალმისტრის” იარაღიდან, კინოსტუდიაშიც ბევრჯერ უხუმრია და უსვრია, ნეტავ მომეპარა და გადამეგდო, როგორ შევცდი!
გია და მისი მეუღლე, ირინას მშობლებთან ერთად, ერთ სახლში ცხოვრობდნენ, სავარაუდოდ, სერიოზული ჩხუბი ან კამათი რომ ჰქონოდათ, აუცილებლად გაიგებდნენ.
ეს შემზარავი ტრაგედია პრესის საშუალებით შევიტყვე. ყველაფერი თვალწინ დამიდგა - მოსკოვში ყოფნის პერიოდი, როცა სულ ამ „კალმისტრით“ დადიოდა.
1984 წელი იყო, მაშინ მოგვიყვა ისტორია, როცა საზღვარზე გაატანეს ეს „კალმისტარი“. ისეთი საშინელი „ზაპოი“ ჰქონდა, ხელები უკანკალებდა, ჩემი ხელით ვასმევდი.
- ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხშირად ხვდებოდით ერთმანეთს?
რა თქმა უნდა, ბევრჯერ შევხვდი. ძალიან ცუდად იყო, მაგრამ ყველა მხარში ვედექით, ლექსებს წერდა, ერთ-ერთი ლექსი, მეუღლეს მიუძღვნა, რომელიც სულ თან დაჰქონდა.
ძალიან მძიმედ იყო, ხშირად ახსენებდა იმ ტრაგიკულ ღამეს, წარმომიდგენია, ციხეში როგორ ნერვიულობდა. ძველ კინოსტუდიაში, ხშირად მოდიოდა, ძალიან უყვარდა ჩვენთან ერთად ყოფნა.
როგორც ვიცი, ციხიდან გამოსვლის შემდეგაც, ხშირად სვამდა. ბევრი რეჟისორი დაინტერესდა მისი მდგომარეობით, ფილმში გადაღებაც კი შესთავაზეს. გია ისე გარდაიცვალა, გადაღებები მალე ეწყებოდა, მის გარდა კიდევ ჰქონდა რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ ვერ მოასწრო.
სამწუხაროდ, ამ ფილმების სახელწოდება არ მახსოვს, მაგრამ იქნებ ვინმეს გაახსენდეს და სოციალურ ქსელში გამომეხმაუროს.
გია ფერაძე - მეუღლეს (ირინა მიქატაძე):
„გაღიმებაც ვერ მოასწრო ტკივილისგან ვერც იყვირა
როგორც თოვლი შემომადნა ხელში ჩემი ციცქნა ირა
ჩემთვის უნდა დაიწყევლოს აღდგომა და ყველა კვირა
მე მიწაში უნდა ვეგდო შენ ცოცხლობდე ჩემო ირა
ჩემზე კარგად არვინ იცის ჩემი თავის განაჩენი
მთავარია ჩემში ცხოვრობ სხვა ჯანდაბას დანარჩენი
მთავარია შენზე დარდში ვილევი და ნელა ვქრები
და რაც უფრო ვიტანჯები უფრო მეტად მენატრები
ამ საკანში ერთადა ვართ მე და სევდიანი ლანდი
რისთვის შემიყვარე კარგო მე თუ სიკვდილს მოგიტანდი
მალე შენკენ მქროლავ ქარებს, სულს გავატან ჩემო ირა
ჩვენი სიყვარულის გემი, კლდეს შეასკდა ჩაიძირა
ტუსაღი ვარ სულში ყინავს, შენს საფლავზე ვარდი ხარობ
ჩემო ამომშრალო ცრემლო, ჩემო ამომშრალო წყარო
ვინ გამიგებს, ვის შევჩივლო? ამ კედლებს თუ რკინის კარებს?!
შენთან წერილს გავატანდი, რომ მოსჩაანდეს ცაზე მთვარე.
ნუ შეგაკრთობს მარტოობა შენთან მოვალ, მოვალ მალე!“
(გია ფერაძის ლექსებიდან)