Exclusive:„ორ-სამჯერ შემომილაწუნა, თან საკმაოდ ძლიერად...“ - როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს „ნატვრის ხის“ გამორჩეული პერსონაჟი

დავით აბაშიძე გმირი - „შემოულაწუნე“ ფილმიდან „ნატვრის ხე“

გამორჩეული ხელწერის მქონე პოეტმა გიორგი ლეონიძემ მოთხრობების კრებული „ნატვრის ხე“ სიცოცხლის ბოლო წლებში (1962 წ.) შექმნა. წიგნის პერსონაჟები მწერლის მეხსიერებაში ჩარჩენილი რეალური ადამიანების პოეტურად ხორცშესხმული სახეებია.

ლეონიძის მოთხრობების დამახასიათებელი ტრაგიზმი, ლირიკული ხასიათი და გულწრფელობა დიდხანს მიჰყვება „ნატვრის ხესთან“ ნაზიარებ მკითხველსაც და მაყურებელსაც.

1976 წელს, რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ, ამავე სახელწოდების მქონე ფილმი (ნატვრის ხე) გადაიღო, რომელიც დღემდე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე, თავისი ტრაგიკული პერსონაჟებით, რომელიც  დიდი ქართველი რეჟისორის, მხატვრული ტრილოგიის მეორე ფილმია.

ფილმი რევოლუციამდელი სოფლის მოზაიკურ პანოს წარმოადგენს, რომელშიც სინამდვილე ორგანულადაა შერწყმული პირობითთან.

ამ იდეალისტ, მეოცნებე, ამპარტავან და პატივმოყვარენთა სამყაროში მთავარი სიუჟეტური ხაზი, მარიტასა და გედიას ტრაგიკული სიყვარულით არის წარმოდგენილი, რომელთაგანაც გადაჯაჭვულია, სოციალური წყალგამყოფი ხაზის ორივე მხარეს მოქცეულ სხვა პერსონაჟთა ბედი.

„პრაიმ ტაიმმა“ „ნატვრის ხის“ ერთ-ერთ გამორჩეულ პერსონაჟ (შემოულაწუნე) დავით აბაშიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ფილმის „ნატვრის ხე" გადაღების და პირადი ცხოვრების აქამდე გაუხმაურებელ უცნობ ფაქტებზე, ექსკლუზიურად საუბრობს: 

ბ-ნ თენგიზ აბულაძეს კარგად ვიცნობდი, მისი ქალიშვილი, ქეთი, ჩემი კლასელი იყო - 61-ე საშუალო სკოლაში, ერთად ვსწავლობდით. ძალიან პატარა სკოლის ჩანთა მქონდა, რომელიც გაფორმებული მქონდა, კომუნისტური ლოზუნგებით.

ეს ის პერიოდია, როცა ბავშვები ათას სისულელეს ხატავდნენ ჩანთებზე, მე კომუნისტურ ლოზუნგებს ვაწერდი ჩანთაზე. რამდენიმე წარწერა იყო, საბოლოოდ, საინტერესო გამოვიდა.

ერთ დღეს, შატალოზე მივდიოდი, და ეს ჩანთა, ქეთის გავატანე სახლში. შემთხვევით, ბ-ნ თენგიზს უნახავს ჩანთა, ჩემი პიროვნებით დაინტერესდა და ქეთის ჩემი გაცნობა სთხოვა.

- რა ლოზუნგები ეწერა, თუ გახსოვთ?

თუ არ ვცდები, ერთ-ერთი იყო - „არც ერთი თავთავი ნაწვერალზე, არც ერთი მარცვალი ნამჯაში!“ ძალიან ორიგინალური წარწერები მქონდა, რის გამოც, დაინტერესდა ჩემით და ფილმში მიმიწვია.

როგორც ჩანს, გარეგნობითაც მოვერგე როლს, და ფაქტობრივად, მე -10 კლასი, გადაღებებზე გავატარე. მთელი წელი, ბუმბერაზი ხალხის გვერდზე მომიწია მუშაობა.

მათთან დიდი მეგობრობა არ მაკავშირებდა, მაგრამ საოცარ ატმოსფეროში ყოფნა მიწევდა და მართლაც ზღაპარში ვიყავი, რაც არც ერთ ჩემ საუბარში არ ჩაეტევა და რასაც მთელი ცხოვრება ვატარებ.

ბ-ნი თენგიზი, საოცარი პიროვნება იყო, ფილმში, უამრავი ცნობილი და ლეგენდარული მსახიობი მონაწილეობდა, მაგრამ ამ თანავარსკვლავედში, სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული ადგილი, ლიკა ქავჟარაძეს ეკავა.

ის იყო სისუფთავის, სიწმინდის მოარული განსახიერება. ვერ გეტყვით, რომ მეგობრული, მაგრამ ძალიან თბილი დამოკიდებულება მქონდა. 

- გაიხსენეთ, ლიკა ფილმის გადაღების პროცესში...

ფილმის გადაღებები რომ დაიწყო, 16 წლის ვიყავი, თუ არ ვცდები, ლიკა ჩემზე ერთი წლით პატარა იყო. ენით აღუწერელი, წარმოუდგენელი გარეგნობა ჰქონდა, ისეთი შინაგანი სხივი გამოსჭვიოდა, რომ პირადად ჩემზე, დამამშვიდებლად მოქმედებდა.

ლიკას გმირის, მარიტას როლის რამდენიმე კადრის გადაღება, ძალიან ცუდ ამინდში მიმდინარეობდა, გახსოვთ ალბათ, როცა ტალახს ესვრიან. ამ დროს მთელი ჯგუფი ტიროდა, აბა, მე რომ კისერი მომტეხოდა, კაციშვილი პატრონი არ იყო ჩემი (იცინის).

ისე განიცდიდნენ, რომ თავს ვერ იკავებდნენ. ერთ-ერთ კადრში, სადაც ცხონებული ბორის წიფურია ყვირის, რას უშვრებითო, თან დედის გინებასაც აყოლებს.

 

ფაქტობრივად, სინამდვილე იყო, არ იყო დადგმული. მართლა აღშფოთებული იყო, ყოველგვარი, ცენზურის მიღმა ლექსიკით გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას.

საოცარი ატმოსფეროს შემქმნელი ადამიანი იყო, ლიკას იქ ყოფნა, სასწაული იყო. მართლაც, „ლომების პარადი“ იყო, ძალიან რთული იყო, ამ ბუმბერაზ მსახიობებში, განსაკუთრებული ადგილი მოგეპოვებინა.

ჩემი აზრით, ლიკას ჰქონდა ეს ადგილი. ბავშვობიდანვე არაამქვეყნიური, როგორც გარეგნულად ლამაზი, ამავე დროს, შინაგანად ფაქიზი, ნაზი სულის ადამიანი იყო. ძალაუნებურად დააფიქრებდა ადამიანს - ღირს ეს ცხოვრება, რომ ბოროტება ჩაიდინო?

ასეთი სუფთა ადამიანი, რთულად მოსაძებნია. მარიტას როლი, აბსოლუტურად მასზე მორგებული იყო, მისთვის დაწერილი. მიუხედავად იმისა, რომ ახლო ურთიერთობა არ გვქონდა, მის გარდაცვალებაზე, ძალიან მწყდება გული.

ცოტა ბანალური სენტენციაა, მაგრამ იმდენად არაამქვეყნიური იყო, ისე მოხდა, როგორც ამბობენ - უფალსაც კარგი უნდა თავისთვის. ასე მგონია, რომ აქ მისი ადგილი არ იყო.

 

მასში არაფერი ხელოვნური არ იყო, არც ერთი წვეთი სიყალბე, ნამდვილი საოცრება იყო. წლები რომ მოემატა და მაკიაჟით ვხედავდი, ვერასდროს ვერ ვეგუებოდი, მრჩებოდა შთაბეჭდილება, პატარა ბავშვს რომ ტუჩსაცხი წაუსვა, ისე გამოიყურებოდა. ლიკა, ასე დარჩა ჩემთვის ბოლომდე, ვერ წარმოვიდგენდი მაკიაჟით, მის სილამაზეს ეს არ სჭირდებოდა.

სამწუხაროა, ის ფაქტი რომ გარდაცვალებამდე, მივიწყებული ჰყავდათ. დღემდე გული მწყდება, ეს ადამიანი ყველანაირი სიკეთის ღირსი იყო. მით უმეტეს როგორც მსახიობი, სამწუხაროა, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში, მისი ადგილი არ მოინახა. მაგრამ ეს მისი პრობლემა არ იყო. მათი პრობლემა, ვინც ლიკა ვერ დააფასა და ვერ მოძებნა.

- იმ პერიოდში, უამრავი ადამიანი იყო ლიკაზე შეყვარებული, თქვენ როგორ უძლებდით მის სილამაზეს?

მართლაც წარმოუდგენელი სილამაზე ჰქონდა, მაგრამ მე ვუყურებდი, როგორც ნახატს, ვერანაირად ვერ აღვიქვამდი, როგორც ნამდვილ ადამიანს.

არაამქვეყნიური გარეგნობა ჰქონდა. რა თქმა უნდა, ბევრი იყო შეყვარებული, ფილმში, ჩხუბის სცენა სადაც არის, გედიამ და შეთემ, კინაღამ მართლა დახოცეს ერთმანეთი.

ამ კადრის გადაღებამდე, ბ-ნმა თენგიზმა, ორივეს,  ერთი-ორი ისეთი ფრაზა უთხრა, დაანგრიეს ცემით ერთმანეთი, თუ არ ვცდები, ზედმეტი ანაზღაურების გარეშე (იცინის). ამიტომაც ძალიან რეალური, „ნატურალური“ კადრი გამოვიდა.

 - თქვენც მოგიწიათ კარგად „შემოლაწუნება“...

კარგად არ მახსოვს, მაგრამ გამიმართლა, ბევრი კადრის გადაღება არ დამჭირვებია, რამაზ ჩხიკვაძე ისეთ საოცრებებს იძახდა, თავს ძლივს ვიკავებდი სიცილისგან, სასწაული იუმორი, ინტელექტი ჰქონდა.

რამდენიმე დუბლი იყო, თუ არ ვცდები, ორ-სამჯერ შემომილაწუნა, თან საკმაოდ ძლიერად, გაცილებით ნაკლებ ტემპში შეეძლო გალაწუნება, მაგრამ არ ვიცი, როლში შედიოდა, თუ მეხუმრებოდა (იცინის).

- ვინ იყო ბებო, რომელიც თქვენთან ერთად თამაშობს...

იქაური სოფლის მკვიდრი იყო, ძალიან საყვარელი. საოცრად კარგად მოერგო როლს. პირს რომ მბანდა, ამ კადრის წინ, სულ თავს იწესრიგებდა, ხელებს განსაკუთრებით „იხვანჭალებდა“ ხოლმე.

პატარა ბიჭიც, ფუფალას რომ დასცინის, ისიც მაგ სოფლის მკვიდრია. ძალიან სახასიათო სახეა, ღობეზე იჯდა და იქიდან აიყვანა ბ-ნმა თენგიზმა. 

- ამ როლის შემდეგ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება, თან საკმაოდ კარგად თამაშობთ...

ამ როლმა, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემ ცხოვრებაზე, ეს როლი, ცხოვრებაში, ძმასავით დამიდგა გვერდში. ამ როლიდან გამომდინარე, ხშირად ზოგს მართლა „დებილი“ ვეგონე,  სხვას რომ რთულ კითხვას უსმევდნენ, მე მეკითხებოდნენ, ორჯერ ორი რამდენიაო?

რომ ვეუბნებოდი, რომ ოთხია, მე ეს მიფასდებოდა ხუთჯერ უფრო მეტად, ვიდრე სხვას. ბევრმა ისე წაიკითხა და აღიქვა ეს როლი, რომ „გონებაჩამორჩენილი“ ვიყავი (იცინის).

ეს როლი, მხოლოდ, გამომადგა ცხოვრებაში. ჩემი ელემენტარული კითხვის პასუხი, რთულ პასუხზე უფრო მეტად ფასდებოდა (იცინის).

სამწუხაროდ, ეს სახე და როლი, მარტო ჩემი გმირის არ გამოდგა. ბოლო 30 -მა წელიწადმა დაგვარწმუნა, რომ საკმაოდ განზოგადებული სახეა. ძალიან ბევრ რამეს, ჩვენ საწინააღმდეგოდ ვაკეთებთ.  ჩემი აზრით, ერთი გალაწუნება, ბევრს არ აწყენდა.

 ფილმის გადაღებების პერიოდში, მე -10 კლასში მიმიღეს კომკავშირში, ასე გვიან, მხოლოდ „აცვენილ“ ბიჭებს იღებდნენ, მე ნამდვილად არ ვიყავი ქუჩის ბიჭი, გადაღებების გამო დამაგვიანდა. 

ამიტომ ამ ბიჭებთან ერთად მომიწია, რაიკომში მისვლა. იმ პერიოდში მოდაში იყო და ყველას გრძელი თმა ჰქონდა, მათ შორის მეც, მაგრამ ფილმის გამო. ისე მოხდა, რომ ბოლო ნაკადში მომიწია შესვლა.

გრძელ თმებში რომ გამოვცხადდი, რაიკომის მდივანი მეუბნება, არ მითხრა რომ შენც კინოში გიღებენო. აღმოჩნდა, რომ ჩემამდე ვინც შევიდა, ყველა ამ ფრაზას ეუბნებოდა. დავიბენი, არ ვიცოდი რა მეთქვა (იცინის).

- კომკავშირში მიღებამ, რა გავლენა მოახდინა თქვენ მომავალ კარიერაზე?

დავამთავრე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის სპეციალობით. წლების შემდეგ, კომკავშირულ პარტიულ სამუშაოზე მომიწია წასვლა.

ამის მერე, 1996 წელს პარლამენტის წევრი ვიყავი ფრაქცია „აღორძინებიდან“, ორი მოწვევის დეპუტატი, რომლის შემდეგ აჭარაში ფინანსთა მინისტრად დამნიშნეს. მალე ციხეშიც მოვხვდი. 

- რა მიზეზით მოხვდით ციხეში?

2000 წელს, აჭარის ფინანსთა მინისტრად ამირჩიეს, სადაც 3 წელი ვიმუშავე. მიშა სააკაშვილის დროს დამიჭირეს, 2,5 თვე ვიყავი პატიმრობაში.

მიზეზი, ცოტა სასაცილო იყო, პენსიების თემა იყო, სასამართლო პროცესზე, თავის მართლება რომ დავიწყე, პროკურორმა მითხრა - აბაშიძე ხარ, აჭარის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, თან არჩევნები მოდის აჭარაში, მოკლედ, დასაჭერი ხარო.

სჯობს, ამ სისულელეზე დაგიჭიროთ, თორემ ჩავალთ ბათუმში და ფოტოს ჩამოვიტანთ, რომ კენედი გყავს მოკლულიო (იცინის).

რა თქმა უნდა, ამ ამბავს იუმორით შევხედე. რომ გითხრათ, ძალიან ვიტანჯე, მოგატყუებთ. როცა ყველაფერი უბედურება ხდებოდა, 2003 წელს, ზუსტად იმ დღეს დაიწყო, როცა ციხიდან გამოვედი.

მანამდე ციხეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა, მანამდე იუსტიციის სამინისტროს ეხებოდა. მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მას შემდეგ არსად მიმუშავია.

- ოჯახზე მოგვიყევით...

21 წლის ასაკში დავქორწინდი. მყავს მეუღლე, ნანა ალექსიძე, რომელიც პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. ერთმანეთი მოსკოვში, ერთ-ერთი მეგობრის ოჯახში გავიცანით.

2 შვილი და 5 შვილიშვილი გვყავს. ვაჟი - გიორგი, ბიზნეს ადმინისტრაციის დამფუძნებელია, საკუთარი საკონსულტაციო კომპანია აქვს, ქალიშვილი ნინო - იუსტიციის სამინისტროს პიარსამსახურის წარმომადგენელია.

- ამ ეტაპზე რას საქმიანობთ?

ჩემს ცხოვრებაში ფანქარი და ფუნჯი ხელში არ ამიღია. კოვიდის დროს, ახალი გატაცება აღმომაჩნდა, სამკაულებს ვაკეთებ, მაგრამ არ ვთვლი, რომ სერიოზული ნამუშევრები მაქვს.

მომწონს და ძალიან მართობს, როცა ჩემი ნახელავი მოსწონთ და მთხოვენ ისეთივე გავუკეთო, ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს, საუკეთესო რელაქსია.

ერთი პრობლემა მაქვს - ქვების შეძენისას შავ დღეში ვვარდები, ყოველ შესვლაზე მაღაზიებში ვიმყოფებით მე, ამხელა კაცი და ოციდან, ოცდახუთამდე ქალბატონი, ზოგჯერ, გამყიდველები ეჭვის თვალით მიყურებენ (იცინის).

- საინტერესოა, თქვენი მეუღლის, როგორც ხელოვნის შეფასება...

ამბობს, რომ ძალიან მოსწონს ჩემი ნამუშევრები. ყველა მამაკაცს სურვილი აქვს, თვალ-მარგალიტით აავსოს საკუთარი მეუღლე.

ძალიან ღირსეული ადამიანია და რადგან ეს ვერ შევძელი პირდაპირი მნიშვნელობით, გადატანითი მნიშვნელობით მაინც მოვახერხე (იცინის).

იმედი მაქვს, რომ ჩემი „ნაცოდვილარი“, ძვირფასი მარგალიტის ყელსაბამზე, ნაკლებად არ მიაჩნია (იცინის).  

- არ გიფიქრიათ, რომ გამოფენა მოაწყოთ, ან გაყიდოთ თქვენი ნამუშევრები?

ამ ეტაპზე, არ ვფიქრობ, მათი ყურება, მხოლოდ სიამოვნებას მანიჭებს. ყველა ჩემი ნამუშევარი, ერთ დიდ ყუთში მაქვს მოთავსებული, რაც ძალიან მაწუხებს.

ვფიქრობ, რომ ჩემ სახლში, ოთახის ერთ-ერთ კედელზე განვათავსო. კომპლექსები არ მაწუხებს, მაგრამ არ ვთვლი, რომ პროფესიონალური ნამუშევრები მაქვს.