ხელისუფლება დაინტერესებულია სამართლიანი გამოძიებით" - ეკა სეფაშვილი ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე

ეკა სეფაშვილი

 როდის გადაიხდიან მილიონიან გირაოს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე? - "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერებს სასამართლომ 30-დღიანი ვადა განუსაზღვრა. წინასასამართლო სხდომა 25 დეკემბერს შედგება.

სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებებსა და ქვეყნის ღალატზე საუბრობენ "ხალხის ძალაში".

"პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობაში, გულისხმობს იმას, რომ ეს ადამიანები არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, მმართველი გუნდის ან რაიმე პოლიტიკის წინააღმდეგ, არამედ ისინი მოქმედებდნენ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ის ფაქტი, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს დაეკისრა გირაოს გადახდა, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მმართველი პარტია არ არის დაინტერესებული ამა თუ იმ ადამიანის ციხეში ჩასმით. ხელისუფლება დაინტერესებულია სამართლიანი გამოძიებით და მსგავსი საქმიანობისთვის, სამართლის ჩარჩოებში, საკადრისი პასუხის გაცემით," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა.

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს საბოტაჟში ადანაშაულებენ, რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამავე მუხლს ედავებიან კიდევ 5 ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მას ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებაში სდებენ ბრალს.