"დედასთან დამასაფლავეთო, დაუბარებია... ამაშიც მაგარი ბიჭობა გამოავლინა" - როდის და სად იკრძალება ტრისტან სარალიძე

tristani

დიდი ხანი არ უავადმყოფია. როგორც ჩანს, ორიოდ თვის წინ, მძიმე სენმა თავი რომ იჩინა, უკვე გვიანი იყო. ხველა ამიტყდა და რენტგენი რომ გადავიღე, მარჯვენა ფილტვის გასაყართან სიმსივნე აღმოჩნდაო, თქვა "პრაიმტაიმთან". 

მკურნალობის პირველი ეტაპი თურქეთში გაიარა. ქიმიის მეორე კურსამდე შინ იყო. თანდათან დამძიმდა.

მეგობრების ნაწილი თავს არიდებდა ავადმყოფი მეგობრის მონახულებას. გულს ვერ იყოლიებდნენ, საწოლს მიჯაჭვული ტრისტანის სანახავად. მათ გონებაში, ენერგიულ და იუმორით სავსე "ტრისტოს" ისე ჰქონდა ადგილი დაკავებული, ახალ რეალობას ჯიუტად არ იღებდნენ. 

თუმცა ეს დღე მალე მოვიდა. მანამდე კი ვიღაცამ ბოროტად იხუმრა. ამიტომაც იყო, რომ როცა ფეისბუქზე ტრისტან სარალიძის გარდაცვალებაზე დაიწერა, ეჭვის თვალით დავუწყეთ ყურება. თავდაცვის ინსტინქტი ასეთია, არ გინდა ცუდი დაიჯერო.

69 წლის იყო. სააქაო ცხოვრებისთვის ბევრი არ არის. საერთოდ, არსებობს კი საკმარისი სიცოცხლე (?), რომელიც "ასაკში" ისე შაქრდება, ყოველი დღით იწყებ ტკბობას.

იუმორით სავსე მეგობარს "პრაიმტაიმთან" მსახიობები იგონებენ.

მურმან ჯინორია: ჩვენ უახლოესი მეგობრები ვიყავით, სტუდენტობიდან მოყოლებული.

არიან მსახიობები, ვისი დანახვაც მაყურებელს სულ უხარია. ტრისტანი ისეთი დონის მსახიობი იყო, რომლის გამოჩენა და მაყურებლისთვის სიხარულის მინიჭება, ერთი იყო. მას ისეთი შინაგანი ბუნება ჰქონდა, რომ არა მხოლოდ სცენაზე, არამედ ცხოვრებაში, მეგობრობაში, სუფრაზე, ყველგან კომფორტული და კეთილმოსურნე კაცი იყო. სხვა მიზიდულობა ჰქონდა. მასზე გიჟდებოდა ყველა. ღიმილი, ზეიმი, ხალისი - უცებ ქმნიდა განწყობას და თან მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა როლს თამაშობდა, დიდს თუ პატარას, სახასიათოს თუ შექსპირისეულს. მისი თამაში იყო გამორჩეული. რთულია არ ითამაშო მთავარი გმირი, მაგრამ მაინც ასეთი დასამახსოვრებელი იყო. ტრისტანი მუდამ იყო მაყურებლის საყვარელი და დასამახსოვრებელი მსახიობი. ის ამას ახერხებდა. 

40 წელია რუსთაველის თეატრის სცენაზე ვარ. ტრისტანზე გაბრაზებული კაცი მე არ მინახავს. იმდენი სიყვარული და იუმორი ჰქონდა. მასთან ურთიერთობას ზეიმი მოჰქონდა. მეგობრებისთვის დიდი კაცი იყო. ყველგან - სცენაზე, გასტროლზე, ცხოვრებაში იყო ნამდვილი და სამეგობრო. ტრისტო, ტრისტო - ყველასთვის ასეთი იყო ჩვენს თეატრში.

ადრე წავიდა. კიდევ ბევრის გაკეთება შეეძლო. ასეთი არტისტი შეიძლება აღარც კი გამოჩნდეს. 

გული მომიკვდა... ორ თუ სამ თვეში ასე მოულოდნელად მოერია ეს ავადმყოფობა. თურქეთშიც იყო, მაგრამ...

ავადმყოფობის დროს არ ვნახე. არ მინდოდა საწოლში მენახა. ტრისტო ყოველთვის სიცოცხლის მოყვარული, ენერგიული იყო და ავადმყოფს ვერ ვნახავდი.

ათიოდე დღის წინ ვესაუბრე. მაგრად ვდგავარ, ვუძალიანდებიო, მითხრა. მერე მისმა მეუღლემ იამ მითხრა, სითხე ამოუღესო და არ მენიშნა კარგად. სამი დღის წინ უკვე ხმა ვერ გამცა, ვერ მიპასუხა ზარზე. 

სამშაბათს და ოთხშაბათს იქნება სამოქალაქო პანაშვიდი თეატრში და მის მშობლიურ ბორჯომში გადასვენება... ახალდაბაში (ბორჯომში) დედასთან დამასაფლავეთო, დაუბარებია. ამაშიც მაგარი ბიჭობა გამოავლინა. 

დიდი არტისტი და დიდი პიროვნება დააკლდა საქართველოს.

ასმათ ტყაბლაძე: ტრისტანი იყო არაჩვეულებრივი მსახიობი და არაჩვეულებრივი ადამიანი. ეს იშვიათი დამთხვევაა, რომ პროფესიონალი თან ძალიან კარგი პიროვნება იყოს. ტრისტანი იყო ყოველმხრივ კარგი ადამიანი. არაფერში არ ყოფილა გარეული. ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს, კარგი ვაჟები ჰყავს. ყოვლად კარგი ოჯახის პატრონი.

მასთან შეხვედრა სულ სასიამოვნო იყო. კარგი იუმორი ჰქონდა, შენი იუმორიც ესმოდა. გაგიგებდა, გიგულშემატკივრებდა.  ერთ თეატრში არ ვიყავით, მაგრამ სადაც კი გადავიკვეთებოდით, სულ კარგად მხვდებოდა. 

ნანულიმ ნახა ბოლო დღეებში და ძალიან ცუდად არისო მითხრა. მე არ წავედი სანახავად. თავი ავარიდე ცუდ მდგომარეობაში ნახვას. მინდა, რომ ძველებური ტრისტანი დარჩეს ჩემს მეხსიერებას.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"ვერ ხედავს, არ ესმის; ზურას ეს მდგომარეობა - შეუცნობადია..." - მანანა ბერიკაშვილი ძმაზე

"გაღვიძებისთანავე, კანკალით, ჯვარი ჩამოხსნა და იმდენი კოცნა, გაოგნებულები ვუყურებდით დათის… არავინ იცის, სად იმოგზაურა..." - დათი ქოქრაშვილთან დაკავშირებული