წყვილმა 10 წლის ვაჟი აეროპორტში დატოვა, რადგან მის პასპორტს ვადა გაუვიდა, თვითონ კი დასასვენებლად წავიდა - დაკავებულია ორივე მშობელი

ბავშვი

 ბარსელონას ელ პრატში უჩვეულო შემთხვევა მოხდა. იმის გამო, რომ ბავშვის პასპორტს ვადა ჰქონდა გასული, მშობლებმა ის აეროპორტში დატოვეს და თვითვონ გაფრინდნენ.

პოლიციამ ტერმინალში მარტო მოხეტიალე პატარა ბავშვი იპოვა, რომელმაც მათ უთხრა, რომ მისი მშობლები მის გარეშე წავიდნენ. აეროპორტში თავდაპირველად განხორციელდა საგანგებო ზარი მშობლების მოსაწვევად, მაგრამ არავინ გამოჩენილა, ამიტომ აეროპორტის თანამშრომლებმა ბავშვს მშობლების შესახებ ინფორმაცია სთხოვეს და მიხვდნენ, რომ ისინი უკვე კასაბლანკასკენ მიმავალ თვითმფრინავში იმყოფებოდნენ. სწორედ მაშინ მოითხოვა ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ თვითმფრინავის გამგზავრების შეჩერება საკითხის მოსაგვარებლად.

როდესაც პოლიციამ 10 წლის ბიჭის მშობლები დაკითხა, მათი ახსნა, თუ რატომ დატოვეს ის აეროპორტში მარტო, გაუგებარი იყო. წყვილს ორ შვილთან ერთად მშობლიურ ქვეყანაში, მაროკოში, დასასვენებლად წასვლა სურდა, მაგრამ დიდი პრობლემა შეექმნა. თვითმფრინავში ჩასხდომისთვის დოკუმენტების შემოწმების შემდეგ, მიხვდნენ, რომ უფროსი ვაჟის პასპორტს ვადა ამოეწურა. ამიტომ, დასვენების გეგმების გაუქმების ნაცვლად, ბავშვი აეროპორტში დატოვეს და ნათესავს დაურეკეს, რომ მის წასაყვანად მოსულიყო.

მშობლები ამ ქმედებას „სრულიად ნორმალურად“ მიიჩნევდნენ, თუმცა პოლიცია მათ აშკარად არ დაეთანხმა. წყვილს ახლა 10 წლის ბიჭის მიტოვებასა და რეისის მნიშვნელოვნად დაგვიანებაში ადანაშაულებენ. ესპანური საინფორმაციო წყაროების ცნობით, ხელისუფლება სოციალური სამსახურის გამოძიების დასრულების შემდეგ განსაზღვრავს, თუ რა სასჯელი დააკისრონ მათ.