პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. 68 წლის მსახიობი, ბოლო პერიოდში, მძიმე სენს ებრძოდა.
გთავაზობთ ამონარიდს ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან, სადაც მსახიობი ახალ როლებზე ოცნებობს.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– ყველას უნდა უპრობლემო ცხოვრება ჰქონდეს. ეს ყოფით პრობლემასაც ეხება და ემოციურ მდგომარეობასაც, მაგრამ ასეთი ცხოვრება არ არსებობს. ჩვენთან, სოფელში ერთი მძღოლი იყო. ძველი, ომისდროინდელი საბარგულიანი მანქანა ჰყავდა. ახალდაბაში ყველამ ამ მანქანაზე ისწავლა ტარება. ვეხმარებოდით ხოლმე და მერე საჭესთან გვსვამდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავდა ეს ჩვენთვის?! ხშირად მახსენდება ხოლმე ამ კაცის სიტყვები: მძღოლობა ადვილია, მაგრამ უნდა შეეცადო სხვას არ შეუშალო ხელი მოძრაობაშიო. ცხოვრებაც ასეა. პრობლემები არის, მაგრამ მათი მოგვარების მცდელობებში, სხვა არ უნდა ჩააყენო უხერხულ თუ არასასიამოვნო მდგომარეობაში. რთულია, უპრობლემოდ იცხოვრო. ადამიანები ზოგჯერ თვითონ ვიქმნით პრობლემებს. მეტი და მეტი გვინდა, მიღწეული არ გვყოფნის. ამასობაში ადამიანი იბოღმება, რაც ძალიან სამწუხაროა.
– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?
– დედაჩემი რომ წავიდა ამ ქვეყნიდან. მე და დედა და-ძმასავით გავიზარდეთ. მე მამა ადრე გარდამეცვალა. მაშინ მე 3 წლის ვიყავი და დედა – 24 წლის. როცა დედა გარდაიცვალა, 84 წლის იყო. ყველაზე მაგრად ვდარდობდი, ვფიქრობდი, ხომ არ მაქვს ცხოვრებაში გაკეთებული ისეთი რამ, რითაც მას გული ვატკინე-მეთქი. შეიძლება, არ მოიძებნებოდეს ასეთი ამბავი, მაგრამ ცხოვრება ულმობელია. შეიძლება, შენი სწორი ნაბიჯები სხვას ულმობლად და არასწორად მოეჩვენოს და ამით ტკივილიც მიაყენო ადამიანს. ყველაზე დიდი ცრემლი ბოლოს დედის გარდაცვალების გამო დამდინდა.
– მსოფლიო მასშტაბის პოპულარობაზე გიოცნებიათ?
– რა თქმა უნდა. მარტო რომ რჩები, სურვილებს უგზავნი ბედისწერას და ერთხელ მეც ასეთი რამ ვთქვი: ღმერთო, ხომ შეიძლება, ბედისწერამ უცხოურ ფილმში მომახვედროს-მეთქი?! მე მხოლოდ ჩემი პროფესიით თუ ვიოცნებებ მსოფლიო წარმატებაზე. არ გასულა დიდი დრო და მირეკავენ – ერთი ამერიკული და მეორე ისრაელის ფილმიდან და ორივეგან მამტკიცებენ როლზე. ადამიანის სურვილები ამოუწურავია და რა თქმა უნდა, მინდა ისეთი როლების თამაში, რომელიც მსოფლიოში გახდება ცნობილი. თუ მომეცა საშუალება, მე შანსს ხელიდან არ გავუშვებ.