დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დღეს, 12 მარტს, დიდუბის პანთეონში დაკრძალეს მიშა ბუკია. რეჟისორი, ავადმყოფობის შემდეგ, პალიატიურ დაწესებულებაში, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა...
დგამდა სპექტაკლებს რუსთავის თეატრში. თეატრალური მოღვაწეობის შემდეგ, ჰქონდა სატელევიზიო რეჟისურის გამოცდილებაც. ადრეულ წლებში, იყო "ბასტი ბუბუს" რეჟისორი. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 90-იან წლებში, ხელოვნების ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს. ჰყავს მეუღლე, მსახიობი ნატო გაგნიძე და ერთი ქალიშვილი, ნინი ბუკია.
***
1978 წელს, რუსთავის დრამატულ თეატრში, მის მიერ დადგმულ სპექტაკლს - "დარაბებს მიღმა გაზაფხულია" წარმოუდგენელი წარმატება მოჰყვა... მაშინ რეჟისორი 26 წლის იყო. უკვე დადგმული ჰქონდა სპექტაკლები და მას მაყურებელი იცნობდა. თუმცა იმაზე, რაც "დარაბებს" მოჰყვა, ალბათ, ვერც იოცნებებდა... ანშლაგები, მსახიობების თავბრუდამხვევი პოპულარობა... ყველა გოგოს რეზო ჩხიკვიშვილი უყვარდა, ვაჟებს - ეკა ქუთათელაძე... მსახიობებს ჩუმად აპარებდნენ უკანა შესასვლელიდან. საბედნიეროდ, ახალ თაობას სპექტაკლის სატელევიზიო ჩანაწერი შემორჩა.
ლაშა თაბუკაშვილი 25 წლის იყო, როდესაც პიესაში მეგობრის ისტორია გამოიყენა. და აგერ უკვე 45 წელია "დარაბებს მიღმა გაზაფხულია" გულში გვწვდება და სულს გვიფორიაქებს.
"ბებიაჩემი ისე წავიდა, ეგონა ნათელი ბიჭი დამტოვა. ცოდვიანი დავიბადე ამ ქვეყანაზე, ცოდვიანი.. ჩემს სიცოცხლეს დედაჩემის სიკვდილი დასჭირდა, თვითონ კი ჩემს შვილს განაჩენი გამოვუტანე და საყვარელ გოგონას სული დავუსახიჩრე.. როდის ხდება ეს, როდის, როდის? ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ თავში ღორს რომ აღმოაჩენ? როდის ვხდებით პირუტყვები, როდის? მილიონობით ნიღაბს ვიზომავთ და ბოლოს ყველაზე ყალბს, ყველაზე უხეშს, ყველაზე მახინჯს ამოვირჩევთ და ისე გეწებება ეს ოხერი რო კანიანად გინდა აიდღლიზო სახიდან, მაგრამ ვაი, რომ აღარ შეგწევს ამისი ძალა და ღონე.. რატომ, რისთვის?!" - ამბობს 21 წლის კოკა და ჩაღვენთილ სანთლებთან ერთად ცრემლად იღვრება... ცრემლებად იღვრებოდა მაყურებელიც...
ლაშა თაბუკაშვილი "პრაიმტაიმთან" იხსენებს, თუ რა ინსპირაციით დაწერა პიესა, რომელიც შემდეგ ასე პოპულარული გახდა.
ლაშა თაბუკაშვილი: "დარაბებს მიღმა გაზაფხულია" ჩემთვის მესამე პიესა იყო. 25 წლის ვიყავი. მელოდრამის ჟანრი ძალიან რთული ჟანრია. ან ძალიან ხარისხიანი უნდა იყოს, ან ძალიან მდარე.
რაღაც ამდაგვარი, ჩემს მეგობარს შეემთხვა. მახსოვს, მისი ნათქვამი ერთი ფრაზა, საკუთარი თავი მძულდა, როდესაც შვილის მოშორება ვაიძულეო. მერე კი შეირთო ცოლად ის გოგო, მაგრამ შვილი აღარ ჰყოლიათ. ეს გამოვიყენე სხვადასხვა თემებისთვის. ბევრი რამაა - ადამიანის პასუხისმგებლობა, სიყვარული, დაუნახაობა, ბნელი და შუქი ადამიანში.
როგორც ყველა ახალგაზრდა რეჟისორი, იმ დროს მიშაც ფორმის ძიებაში იყო. როცა მაჩვენა სამუშაო ვერსია, მძაფრი რეაქცია მქონდა. შემდეგ მიხვდა, რომ მისთვისაც და სპექტაკლისთვისაც ჯობდა რომ შეეცვალა. და აგერ უკვე რამდენიმე ათეული წელია, ეს სპექტაკლი ახსოვს მაყურებელს. თან არა მხოლოდ ჩვენთან, უცხოეთშიც.
რუსთავის და თუმანიშვილის თეატრებში ერთდროულად იყო პრემიერები. ეს თეატრები, პლეხანოვზე, გვერდიგვერდ იყო. გადარბენაზე ვიყავი სპექტაკლიდან სპექტაკლზე და ძალიან კარგად მახსენდება.
ძალიან კარგი კაცი იყო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მიშა...
რეზო ჩხიკვიშვილს სამსახიობო ფაკულტეტი ახალი დასრულებული ჰქონდა, როდესაც მიშა ბუკიამ სპექტაკლში სათამაშოდ მიიწვია. მსახიობი "პრაიმტაიმთან" "დარაბებზე" მუშაობას იხსენებს.
რეზო ჩხიკვიშვილი: - სპექტაკლის დადგმა გაიწელა, ექვსი-შვიდი თვე გაგრძელდა და უკვე მისი თამაში აღარ გვინდოდა. რბილად რომ ვთქვა, გაფიცვა მოვაწყვეთ. მიშა რამდენიმე წლით იყო ჩემზე უფროსი, ახალგაზრდა იყო, უნდოდა რაღაც ორიგინალურად დაედგა სპექტაკლი, ცნობისმოყვარე კაცი იყო და პიესა ამოატრიალა. ანუ დავიწყეთ ფინალით, ბებია უკვე გარდაცვლილია და მოგონებებით ვიწყებდი თხრობას.
მახსოვს, ლაშა თაბუკაშვილს რომ აჩვენეს ეს ვარიანტი, გაბრაზდა, ეს ჩემი პიესა არ არისო. დავიზაფრეთ ყველანი. ავტორი გაგვექცა. დავკარგეთ კურსი, რწმენა, ხალისი, მოგვბეზრდა ამის თამაში. გვქონდა კამათიც რეჟისორთან. კარგი, თავიდან დავიწყოთო, თქვა მიშამ. არადა, არაჩვეულებრივი პიესაა. დღეს ერთ თვეში დაიდგმება. ჩვენ კიდევ, ბავშვის დაბადებასავით, ამდენ ხანს გაგვეჭიმა. თუმცა, საბოლოოდ, კარგი ნაყოფი კი გამოიღო.
ეს არ იყო მიშას პირველი სპექტაკლი, უკვე ჰქონდა მას თავისი ხელწერა. იყო შრომისმოყვარე რეჟისორი. კარგი ადამიანი. თუმცა, ხომ ვამბობ, მის ძიებაში ჩვენ დავიზაფრეთ, დავიძაბეთ. გადავიღალეთ - აღარ გვინდოდა ამ სპექტაკლის თამაში.
და მახსოვს, პრემიერაზე რაც მოხდა. გამოვედი სცენაზე, რეკავს ტელეფონი, ლუიზა აქ არ ცხოვრობს-მეთქი, რომ ვამბობ. მერე, აა სოფლიდან ჩამოხვედით? მოსავალი როგორია-მეთქი და ამ დროს დარბაზმა რომ იხუვლა, ვიგრძენი, რომ მაყურებელთან კონტაქტი დაიწყო და ამის შემდეგ, უკვე თითოეულ სიტყვაზე და მიმიკაზე, მოგვყვებოდა. გავოცდი! შემდეგ მონოლოგი რომ წავიკითხე, იმდენად აიტაცა მაყურებელმა, სასწაული მოხდა. რა ხდება, კაცო, ვიფიქრე. ამ სპექტაკლის მოხსნაზე ვფიქრობდით და ეს რამხელა გამოხმაურება აქვს-მეთქი, თავი სიზმარში მეგონა.
ისეთ სადა, ადამიანურ თემებზეა სპექტაკლი, გულგრილს არ გტოვებს. თან ახალგაზრდები ვიყავით, სათქმელი სხვანაირად ანთებულებმა, გულიანად მოვიტანეთ. ლილი იოსელიანის სტუდენტი ვიყავი, ისეთი დაქოქილი და ანგაჟირებული მივედი თეატრში... მართლა გული და სული ჩავდეთ, უბრალოდ, დასაწყისში არ გვჯეროდა, აქედან თუ რამე გამოვიდოდა. ბოლოს კი, სასიამოვნოდ გაოცებულნი დავრჩით. ეს იყო გენიალური გამარჯვება, რაც მიშას გარეშე ვერ შედგებოდა.
მას შემდეგ მე მიშა აღარ მინახავს. ვფიქრობდი, სად არის, რატომ არ ჩანს-მეთქი. გული მწყდება, რომ მისი ნიჭის შესაფერისი რეალიზება ვერ მოხდა, რაღაც ისე ვერ აეწყო...
სადღაც მივეცი ინტერვიუ; ეტყობა, რაღაცაზე გულნატკენმა ვთქვი, მე, ალბათ, საქართველოში ვეღარ ჩამოვალ-მეთქი. უცებ მიშა საიდანღაც შემომეხმიანა, მომწერა, ისე თითქოს, ზევიდან მისი ხმა ჩამომესმა: რეზო, ეგ არ ქნა, შენ აქ გელოდებიან და აუცილებლად უნდა დაბრუნდე, აქ სჭირდები ხალხსო. ეს იყო რაღაცნაირი ძმური, თუ მამაშვილური რჩევა; თურმე ვახსოვდი... ხომ შეეძლო, წაიკითხა და არაფერი მოეწერა, მაგრამ ვერ მოითმინა და ასე შორს მყოფს მომწერა, ამდენხნიანი უკონტაქტობის შემდეგ. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა.
აესევე დაგაინტერესებთ: