"მამა 5 მარტს წავიდა, დედა - 7 მარტს. ათასობით ბავშვი მიჰყავდა სიონში კვირაობით და აზიარებდა" - გუჯა ბურდულის მეუღლე, ინეზა აბესაძე გარდაიცვალა

guja

84 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი და დამსახურებული პედაგოგი - ინეზა აბესაძე. როგორც "პრაიმტაიმთან" მსახიობის ვაჟი ლადო ბურდული ამბობს, დედას კუჭის სიმსივნე ჰქონდა და ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული.

ინეზა აბესაძე მსახიობ ელგუჯა ბურდულის ცოლი გახლდათ. დიდი და კეთილი გუჯა ორი წლის წინ, 80 წლის ასაკში, პოსტ კოვიდური გართულებით გარდაიცვალა. მახსოვს, სიონის ტაძრის ეზოში, მის გასვენებაში მყოფმა ტარიელ ხარხელაურმა მითხრა:

"იცით, როგორი სიცილი იცოდა? უხმოდ ჩაბჟირდებოდა. იცინოდა, კვდებოდა სიცილით, მაგრამ ხმას არ გამოსცემდა.  ახლოს რომ მივიდოდი, აუცილებლად დამტაცებდა მარჯვენა ხელზე ხელს და მაკოცებდა. სიყვარულის ასეთი გამოხატვა ჰქონდა.

ისეთი გულიანი სითბოთი იღიმოდა, თვალებს რომ დახუჭავდა, ქუთუთოები განათებული ჰქონდა..."

ეს სიკეთით გასხივოსნებული კაცი სიონის ტაძარში სტიქაროსნად წლებია მსახურობდა. როგორც ლადომ გვითხრა, თურმე, დედას, სკოლებიდან კვირაობით მიჰყავდა ბავშვები და აზიარებდა... რა მადლიანი უნდა იყო ამხელა საქმის მტვირთველი. ცხონება მათ სულებს...

თბილისში გამორჩეულ წყვილს სამი შვილი ჰყავს და მათ საზოგადოება კარგად იცნობს; ლადოს და ბაკურს მუსიკალური სამყარო, მაკას - სარეჟისორო სფერო...

დედა "სვეტსკი" და პროდასავლური აზროვნების იყოო, მითხრა იმპერატორმა. ბურდულების შემყურე, ეს ისედაც ცხადია.

ლადო ბურდული: დედა დღეს დილით გარდაიცვალა. ბევრი ოპერაცია აქვს გაკეთებული და ბოლო პერიოდში არ იყო კარგად. 

მამა ორი წლის წინ 5 მარტს გარდაიცვალა, დღეს 7 მარტს - დედა. ამბობენ, ასაკში, როცა ერთ-ერთი გარდაიცვლება, მეორეც სწრაფად მიჰყვებაო. 

დედას, როგორც დამსახურებულ პედაგოგს იაკობ გოგებაშვილის სახელობის ჯილდო აქვს მიღებული. მხატვრული კითხვის პედაგოგი გახლდათ პიონერთა სასახლეში.

სხვადასხვა სკოლებიდან, ათასობით ბავშვი მიჰყავდა სიონში კვირაობით და აზიარებდა. ამის გამო საპატრიარქოდან მიღებული აქვს პატრიარქის სამადლობელი სიგელი.

ბევრი მადლიერი ადამიანი ჰყავს. 

თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის პირველი თაობის წარმომადგენელი იყო, კახი კავსაძის თაობის...

დედა იყო ინტელექტუალური, განათლებული, "სვეტსკი" და პროდასავლური აზროვნების ქალი იყო...

***

პანაშვიდები გაიმართება პარასკევსა და შაბათს, ვერაზე, შანიძის 19 ნომერში. ხოლო სამოქალაქო პანაშვიდი და გასვენება შედგება კვირას, 10 მარტს, სიონის ტაძრიდან 14 საათზე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

რას გვიმზადებს 91 წლის ვახტანგ ჯავახაძე - ეს არ უნდა გამოგრჩეთ!

3 ინგრედიენტით მომზადებული ხველის სიროფი - რა კადრებს აქვეყნებს არუნ ხათრი