„არავის ვუშლი, იმღერონ, მაგრამ ლექსის ავტორი მიაწერონ“-ექსკლუზიური ინტერვიუ პოეტ გიორგი რამაზაშვილთან

პოეტი გიორგი რამაზაშვილი

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა სიმღერა '„ხანდახან წვიმად დავედინები“, მამა შიო უბილავას შესრულებით. სიმღერას, რომლის  მუსიკის ავტორია  - კობა ბუქაიძე, ტექსტის კი გიორგი რამაზაშვილი, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სიმღერის ლექსის ავტორი თვლის, რომ სოცქსელში გავრცელებულ სიმღერებს მითითებული უნდა ჰქონდეს ლექსის ავტორი. 

ლექსის ავტორი, პატრიარქის ჩოხოსანი და საქართველოს მწერალთა კავშირის ღირსეული წევრი, პოეტი გიორგი რამაზაშვილი, თუშურ დიალექტზე დაწერილი უნიკალური ლექსებით, ბრწყინვალედ გადმოგვცემს მთის სოფლის ცხოვრებას.

ახმეტაში დაბადებულ, უცხო ქვეყანაში გადახვეწილ თუშ პოეტს, „პრაიმტაიმი“ ამერიკაში დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მკითხველს და სრულიად საქართველოს! დიახ, ჩემი ლექსი, სახელწოდებით,  „ხანდახან, წვიმად დავედინები“, რომელზედაც შეიქმნა სიმღერა, უკვე წლებია, ძალიან პოპულარულია, რაც ძალიან მახარებს.

დიდი მადლობა „პრაიმტაიმს“, რომ დამიკავშირდით. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გულნატკენი ვარ, უამრავ ტელევიზიას, „ფეის“ ჯგუფებს, თუ ინდივიდებს აქვს წაღებული და საკუთარ კედელზე ატვირთული და მითითებული არ აქვს, რომ ლექსის ავტორი მე ვარ.

მათ შორის, „პრაიმტაიმის“ გვერდზე ვნახე სიმღერა, მამა შიო უბილავას შესრულებით უნიკალურად ნამღერი, ძალიან ბევრ მომღერალსა თუ სიმღერის მოყვარულს აქვს შესრულებული, კონკრეტული სიმღერა.

სიმღერის გავრცელება კარგია და მადლობას ვუხდი ყველას, მაგრამ მინდა ვთხოვო თითოეულ მათგანს, როდესაც სიმღერა ყურებადია მილიონობით ადამიანი უყურებს და ათასობით კაცი აზიარებს, მიუთითონ ავტორი.

კიდევ ერთხელ, ვთხოვ ყველას, აუცილებლად აღნიშნეთ სიმღერის ლექსის ავტორი, მით უმეტეს, როდესაც დგახარ სცენაზე, ტელევიზია იქნება თუ ნებისმიერი მედია, როცა ხარ ყურებადი, გყავს მკითხველი და სარგებლობ პოპულარობით, ვფიქრობ, უნდა შეგეძლოს ავტორის დაფასება.

ლექსის დაწერას, იდეა არ აქვს, ის ან იწერება, ან არა. დამეთანხმება საზოგადოებაც, რომ ლექსის წერისას არ ფიქრობ, მოდი მე დღეს ლექსი უნდა დავწერო, ხან ძალიან უცნაურ დროს დამეწერება და ვერც უარს იტყვი კაცი, ის არ დაგასვენებს, მაინც დაგაწერინებს თავს. 

ეს კონკრეტული ლექსი, 2017 წელს იტალიაში ყოფნის დროს დავწერე, უკვე ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი ინტერვიუებში, რომ ღრმა ბავშობიდან ვწერ, თუმცა ემიგრაციამ სულ სხვა კუთხით დამანახვა სამშობლოც, ადათ-წესებიც და ლექსიც.

- ვინ არის მუსიკის ავტორი და პირველად როდის შესრულდა ეს სიმღერა?

ეს კონკრეტული ლექსი როცა დავწერე და გამოვაქვეყნე, არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, ვიდეო ჩანაწერი გამომიგზავნა ბატონმა კობა ბუქვაიძემ, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს და არაერთი კარგი სიმღერისა თუ მელოდიის ავტორია.

სწორედ, ბატონი კობას მიერ წარმოიშვა სიმღერად, ჩემი ტექსტი („ხანდახან წვიმად დავედინები“). კობა ბუქვაიძეა სიმღერის პირველი შემსრულებელიც და მელოდიის ავტორიც.

როდესაც ვიდეო გამომიგზავნა, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, რათა ეს პირველი ლექსი იყო, რომელიც ჩემი შემოქმედებიდან ამღერდა.

შემდეგ დავდე ვიდეო ჩემს ფეის გვერდზე და იმ დღიდან, დღემდე აქტუალურია ეს სიმღერა. ბატონი კობას შემდეგ, ანსამბლ „პანკისის“ სოლისტმა ლანა გუნაშაშვილმა შეასრულა, ხოლო სტუდიურად, მომღერალმა ნიკა გიორგაძემ ჩაწერა.

ეს რაც ვიცი და ისე უამრავი ადამიანი მღერის, რაც ძალიან მახარებს. არავის ვუშლი, იმღერონ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, როცა ამ სიმღერით წარდგებიან სცენაზე, ტელევიზიებში, ან ჩაწერას მოისურვებენ, ლექსის ავტორი არ დაუკარგონ.

- ბევრი სიმღერა დაიწერა თქვენ ლექსებზე?

დიახ, საკმაოდ ბევრი სიმღერაა უკვე ამღერებული ჩემს ტექსტებზე, დაახლოებით 10 -მდე,  სხვადასხვა მომღერლების მიერ. ახლო მომავალში, კიდევ ორი სიმღერა დაიბადება ჩემს შემოქმედებაში, რომლებიც უკვე დამუშავების პროცესშია, თუმცა ჯერ საიდუმლოდ ვტოვებ, დაველოდოთ სიურპრიზს!

- რომელს გამოარჩევდით?

გამორჩეული, ლექსიც კი  არ მაქვს, ყველა ერთნაირად მიყვარს. აი მაგალითად, როცა გავდივარ სცენაზე, არაოდეს ვემზადები, მოდი დღეს ამას წავიკითხავ -მეთქი. პირველ გადაშლილზე რაც მომხვდება, ის მიმაქვს მსმენელამდე. თუ არ ჩავთვლით გამორჩევაში, ამ კონკრეტულ ლექსს (სიმღერას), რომელიც მეტად აქტუალური და პოპულარულია.

 „ხანდახან წვიმად დავედინები“

„ხანდახან წვიმად დავედინები და ხანდახანაც ღრუბელთ ქარავნად,

ხანდახან მინდორს ვებალახები და ხან მე ჟამსაც ვყევარ არაფრად.

მე ხან ამ მთებში მივუალერსებ დარცხვენილ დეკის ყვავილთ ნამიან,

სადღედაღამო პირმნათ ვარსკვლავნი, ამ ჩემი გულის გულში ჰნათიან.

წავალ და თბილად დავიბინადრებ კლდეთ, არწივების მაღალ სამყოფელს

და მე აქ არას დავაყვედრინებ, ჩემ სააქაოს პატრონ გამყოფელს.

წავალ და იქვე მოვიმკი სამკალს, ჩემ ცოდვა-მადლით ნატანჯ ყანასა,

ნაბადს დავიკრავ ცხენის ტახტაზე, გავყვები მე ჩემს ლექსის ფარასა“.

                                                                ლექსის ავტორი - გიორგი რამაზაშვილი.