1728591125
„არასდროს შემეძლო გამოჩენა და მშობლებზე საუბარი…“ – მარიამ მეღვინეთუხუცესი
ოთარ მეღვინეთუხუცესი 16 იანვარს 91 წლის გახდებოდა. განუმეორებელი ტემბრითა და საუბრის მანერით, ერთი შეხედვით, მეორე ხარისხოვანი როლითაც კი, თავს გამახსოვრებდათ. თუმცა ხომ ვიცით, რომ დიდი და პატარა როლები არ არსებობს, არსებობენ დიდი და პატარა მსახიობები. ოთარი კი დიდი იყო...
"ნატვრის ხეში" ელიოზი დიდი როლი სულაც არ არის, სამაგიეროდ, დიდია ის ემოცია, რასაც მისი გმირის გამოჩენა იწვევს. არ არსებული ნატვრის თვლის ძებნაში თვალებამოღამებული ელიოზის მიმართ თანაგრძნობით იმსჭვალები, გინდა, რომ ერთხელაც იპოვოს და ობოლ შვილებს იმედი გაუმართლოს. შინაგანი ჟინით გახურებული რომ თოვლიან ხეზე ზის და ტოტებიდან მომზირალ მის დიდრონ, ცისფერ თვალებს უყურებ, მარადისობის გწამს... გჯერა, რომ როდესაც გწამს, ბედნიერი ხარ. და როდესაც შინაგანი ბედნიერება გაქვს, სიკვდილსაც ოცნებით ხვდები, თუნდაც იანვრის ყინვით თავდავიწყებული...
მხოლოდ მზერით, მიმიკითხა და თვალებით თქვა სათქმელი, ეს მართლაც დიდი არტისტებისთვისაა შესაძლებელი.
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო მისი ცოლიც - გურანდა გაბუნია. მასაც ბევრი როლი ჰქონდა შესრულებული, თუმცა მაინც ითვლებოდა, რომ მისი ყველაზე დიდი როლი გენიოსი მსახიობის, ოთარ მეღვინეთუხუცესის ცოლობა იყო. როგორც ქეთი დოლიძე “პრაიმტაიმთან” ამბობს, ის მუდამ ოთარის ჩრდილქვეშ იყო და მის ნიჭს საქართველოში სათანადოდ ვერ აფასებდნენ.
2008 წლის 15 დეკემბერს, მშობლიური თეატრის წინ და ოთარის ვარსკვლავის გვერდით, მისი ვარსკვლავიც გაიხსნა. მაშინ ოთარ მეღვინეთუხუცესმა თქვა: "ერთი ოჯახიდან ორი ვარსკვლავი არავის აქვს, დავგლიჯეთ!"
წყვილის სიყვარულის ისტორია ცნობილია. მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს. მსახიობებს ერთი ქალიშვილი ჰყავთ. მარიამ მეღვინეთუხუცესი საბანკო სექტორში მუშაობს და ამ სფეროში საკმაოდ წარმატებულია. მას საქვეყნოდ გამოჩენა, როგორც ქალბატონი გურანდა ამბობდა, არ უყვარს.
„დედა 30 წლის ასაკში გავხდი. შვილს რამდენიმე წელი არ ვაჩენდი, რადგან ჩვენთვის ხელოვნება იყო მთავარი. როდესაც ოთარმა ახალდაბადებული მარიამის ფეხუნები დაინახა, გაგიჟდა, თითები როგორ გადაუვიდა ჩემგანო. ხელის თითებზეც იგივე. მარიამი მამის ასლია. გვერდიგვერდ რომ იდგნენ, ხომ საერთოდ”, – ჰყვებოდა ინტერვიუებში ქალბატონი გურანდა.
მარიამს “პრაიმტაიმი” დაუკავშირდა, თუმცა მან არც ამჯერად ისურვა გამოჩენა და დედაზე საუბარი.
მარიამ მეღვინეთუხუცესი: – ვისაც დედა უყვარდა, მადლობელი ვარ ყველასი. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. არასდროს არ შემეძლო ინტერვიუებით სტატიებში გამოჩენა, მშობლებზე საუბარი. ამის ღონე არასდროს მქონდა. მადლობა, რომ გახსოვთ…