გაფრთხილება მძღოლებს! - დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით
1732564387
ბუბა კიკაბიძეს დღეს ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც დღეს და ხვალ სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. ტაბიძის ქუჩაზე მდებარე სახლში ლეგენდარული მსახიობისა და მომღერლის ახლობლები გვიანობამდე მიდიოდნენ და ოჯახის წევრებს უსამძიმრებდნენ...
ბუბა კიკაბიძეს ხუთშაბათს, 19 იანვარს ვერის სასაფლაოზე მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.
ბუბასა და ირინაზე ბევრი არაფერი დაწერილა. პრესაში, მათი სიყვარულის ისტორიაზე წყვილის ინტერვიუს ვერ წააწყდებით. შესაბამისად, ერთიცა და მეორეც, პირად ჭრილში, მუდმივად ინტერესის საგანი იყო. რუსული სააგენტო fintif.ru წყვილზე წერდა, სადაც მათი გაცნობის ისტორიას გვიზიარებდა.
გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან:
არტისტისა და ოპერის თეატრის პრიმა ბალერინის გაცნობა ბუდაპეშტში, ერთ-ერთ კონცერტზე მოხდა. საღამოობით იყო შეკრებები, მხიარულება გემრიელი ღვინის თანხლებით… ერთ-ერთი შეკრების დროს ქუჩიდან საშინელი ხმაურის და საბურავების ჭრიალის ხმა შემოვარდა. ყველანი გარეთ გაცვივდნენ და უპატრონოდ მიგდებული მანქანები დაინახეს. ამ დროს ვახტანგ კიკაბიძემ შიშისაგან თვალებგაფართოვებული ირინა დაინახა, უცებ ჩაიხუტა, მიიზიდა და იგრძნო, შიშისგან როგორ თრთოდა ქალი. მას შემდეგ ხელი აღარ გაუშვია და მის დამცველად, მზრუნველად და დამამშვიდებლად ითვლება დღემდე.
იმ დროს ყველა მსოფლიო გადატრიალებაზე ფიქრობდა, პანიკა ჯონ კენედის მკვლელობის გამო იყო ატეხილი.
1965 წელს ირინა ქებაძე და ვახტანგ კიკაბიძე ცოლ-ქმარი გახდნენ. მანამდე ირინას ქმარი სახალხო არტისტი, გურამ საღარაძე იყო. მათ უკვე შვიდი წლის გოგონა – მარინა საღარაძე ჰყავდათ. მას შემდეგ ბუბას მარინა საკუთარი შვილივით, კონსტანტინესავით უყვარს.
ახალბედა ოჯახი ირინას მშობლებთან ერთად, ნახევრად სარდაფის ტიპის ოროთახიან, პატარა ბინაში ცხოვრობდა. სამამრს და სიდედრს ვახტანგი უყვარდათ და მაშინაც კი, როცა საქვეყნოდ ცნობილი სიძე შინ გვიან, ნაქეიფარი ბრუნდებოდა, სცენებს არ უწყობდნენ.
არტისტი გამოტყდა, რომ ახალგაზრდობაში არც ერთხელ არ გაუბრაზებია ცოლი უყურადღებობითა და მეგობრებთან ერთად დროსტარებით, ასევე არამოტივირებული ეჭვიანობით, რისგანაც მერე დროდადრო გათავისუფლდა და მიხვდა, თუ როგორ უყვარდა ცოლს.
როდესაც ირინას სამშობიარო სახლში უთხრეს, ვაჟი გაგიჩნდაო, უთქვამს – ბუბას ძალიან გაუხარდებაო. მამას ვაჟის დაბადებამ ძალიან გაახარა. რესტორანში აღნიშნა მემკვიდრის დაბადება. ვაჟს კი ვახტანგის მამის სახელი, კონსტანტინე დაარქვეს, რომელიც მეორე სამამულო ომიდან აღარ დაბრუნებულა.
კონსტანტინეს მამის სახელი და დიდება იმდენად აწუხებდა, ბავშვობაში, მშობლებზე დასაწერ თემაში დაუწერია, რომ მამა ომში დაეღუპა, დედა კი დარდს გადაჰყვა. მარინა პირიქით, საშინლად ამაყობდა ბუბათი, ხელიდან არ უშვებდა შანსს, რომ კულისებში მასთან ერთად ყოფილიყო. მსახიობის პროფესიაც მისი სიყვარულით აურჩევია.
კონსტანტინემ სამხატვრო აკადემია დაამთავრა, მოსკოვში საქართველოს საელჩოში მუშაობდა. ახლა ტორონტოში ცხოვრობს, საკუთარი ბიზნესი აქვს.
მრავალწლიანი ოჯახის საიდუმლოებად არტისტი ორმხრივ პატივისცემას ასახელებს. როცა ოჯახში პატივისცემაა, ოჯახიც მყარად არსებობს. წყვილი მუდმივად ფიქრობს ერთმანეთსა და იმ ადამიანებზე, ვინც მათ გვერდით ცხოვრობს.
ერთად უკვე 53 წელია არიან. მათი სიყვარული წლებმა ვერ გაახუნა. არტისტი წუხს, რომ ყოველდღე ყვავილის მირთმევის საშუალება არ აქვს ცოლისთვის. სამაგიეროდ, სახლში თუ ცოტა ხანს ვერ გაიგონებს ირინას ფეხის ხმას, მაშინვე მიდის, გაიგოს, ხომ ყველაფერი რიგზე აქვს საყვარელ მეორე ნახევარს. ასევე იქცევა ირინაც…
როდესაც 1979 წელს ვახტანგ კიკაბიძეს მოსკოვის ჰოსპიტალში მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, ირინა არა მხოლოდ მას უვლიდა, არამედ სხვა პაციენტებსაც, ვისთანაც ახლობლები მოსვლას ვერ ახერხებდნენ. ბევრი მოსკოველი არ იყო, ირინა კი მათ თხოვნას ასრულებდა და ბაზრიდან მოჰქონდა ხაჭო, ხილი, თევზი… ეს ფაქტი ვახტანგს არც აოცებდა, ცოლზე ამბობდა, მას სხვაგვარად არც შეუძლიაო.
ვახტანგ კიკაბიძეს ვერც კი წარმოუგენია, როგორ უნდა გაანაწყენოს არათუ ცოლი, ზოგადად – ადამიანი. მით უმეტეს, ღალატითა და გაცემით. ის ქალში არა მხოლოდ სილამაზეს, ჭკუას აფასებს. ჩანს, რომ მათი ოჯახის მრავალწლიანი ისტორიის საიდუმოებაც ეს არის.
ბუბამ ცოლს მიუძღვნა სიმღერა, სადაც ასეთი სიტყვებია: ჩემო ძვირფასო. ჩემი შვილების დედავ, ჩემი შვილიშვილების ბებიავ. განგებას შევთხოვ, პირველი მე გარდავიცვალო, რომ შენი ცრემლები არ დავინახო. ირინას ამ სიმღერის შესრულება აუკრძალავს მისთვის, რადგან მასში ბებიად მოიხსენიებს.
ბაბუას და ბებიას თავიანთი ყოველდღიურობა შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების გარეშე ვერ წარმოუდგენიათ....