დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
21 წლის წინ, "თავისუფალი თეატრი" სპექტაკლი "კომედიანტებით" გაიხსნა. ნიკო გომელაურიც ჯონ ოსბორნის სიუჟეტური ქარგის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში გაიცნო მაყურებელმა. გაიცნო და გულში ადგილიც მაშინვე მიუჩინა.
მას შემდეგ, ბოჰემური, არეული, მწვანეთვალება პოეტი-მსახიობის სანახავად, საყვარელი თეატრის კედლები არასდროს მიუტოვებიათ, კედლები, რომელიც უამრავ ემოციას ინახავს...
700-ზე მეტი ანშლაგის მომსწრე ვარსიმაშვილის სპექტაკლი, ნიკოს წასვლის შემდეგ, არ უთამაშიათ.
და 13 აპრილს, მსახიობის გარდაცვალების დღეს, თეატრი ისევ ითამაშებს "კომედიანტებს".
ავთანდილ ვარსიმაშვილი: - სპექტაკლში არაფერი შეცვლილა. ნიკოს პერსონაჟს აპოლონ კუბლაშვილი თამაშობს, რამაზ იოსელიანს ისევ იხილავს მაყურებელი და დანარჩენები ახალგაზრდა მსახიობები არიან. ახლა რეპეტიციებს გავდივართ.
13 აპრილს ნიკოს გარდაცვალებიდან 12 წელი გადის... მძიმე სენთან ბრძოლა ხალხის დიდმა სიყვარულმა ცოტათი შეუმსუბუქა. "არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას" - ამბობდა ოდნავ ჩახლეჩილი და სევდაშეპარული ხმით.
ნიკოს ლექსების ფრაზები დღემდე აქტუალურია.
მსახიობის ცოლი, ნინა ჩოდრიშვილი ამბობს, რომ სწორედ სიტყვაა იმის მიზეზი, რის გამოც დღემდე უყვართ გომელაური.
ნინა ჩოდრიშვილი: - ერთხელ გია ყანჩელმა მომიყვა. დიდუბის პანთეონში რამაზ ჩხიკვაძის წლისთავზე ვიყავი და დავინახე, ახალგაზრდები და გამიხარდაო. მაგრამ უცებ ჩაგვიარეს და სხვის საფლავთან მივიდნენ, ჩამოსხდნენ, ისაუბრეს, ფურცლები დატოვეს და წავიდნენო. მივედი და ნიკოს საფლავი შემრჩა ხელშიო. და მაშინ ბატონმა გიამ თქვა, რამაზი იყო ტიტანი, უდიდესი მსახიობი, მაგრამ დრო, რასაც ვერაფერს უხერხებს არის სიტყვა, ის სამუდამოდ რჩებაო და ვეთანხმები. მეც სიტყვას ვაფასებ. ახლა ამას რომ ისმენდეს ნიკო, მომკლავდა, რადგან ის მსახიობობაზე გიჟდებოდა. მე კიდე პოეტი ნიკო მიყვარს, რადგან სიტყვას ვაფასებ!
ნიკო დღემდე უყვართ და მე ამას ვხედავ და ვგრძნობ. მის ფეისბუქგვერდს 98 ათასი გამომწერი ჰყავს. ახალგაზრდები ისევ ნიკოს ლექსებით უხსნიან ერთმანეთს სიყვარულს.
- 13 აპრილს "თავისუფალი თეატრი" ნიკოს ხსოვნას უძღვნის "კომენდიანტებს", რომელიც 12 წელია არ უთამაშიათ. გიყვართ ეს სპექტაკლი?
- ნიკოს უყვარდა ძალიან. სათამაშოდ კარგი როლი იყო. სპექტაკლიც კარგია. თუმცა მე ნიკო უფრო მიყვარდა "რაშენ ბლუზში", აღფრთოვანებული ვიყავი ნიკოს თამაშით, აი, საოცრებებს აკეთებდა. "ოსტატი და მარგარიტა" სპექტაკლი არ მომწონდა, იქაც ნიკოს ვოლანდი იყო საოცარი.