1732262182
"თუ გურამ დოჩანაშვილს იცნობდი, ეკლესია აღარ გჭირდებოდა" - დოჩანას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა
"ძალიან რომ შემაჭირვებს ცხოვრება, ქალბატონო ეთერო და ბატონო ამირან, შვებად მახსენდება, რომ თქვენ ხართ ამქვეყნად და ვმხნევდები" - "დოჩანასგან" ამ წარწერით ნაჩუქარ წიგნს სათუთად ინახავს ფოლკლორისტი ცოლ-ქმარი.
ამირან არაბული: ნაჩუქარ წიგნზე ამას რომ წაგიწერს გურამ დოჩანაშვილი, არ შეიძლება უთავმდაბლესი მოწიწებით არ განეწყო უფლის მიმართ, ვინაიდან ის გახვედრებს და გაცნობს იმ ადამიანებს, რომელთა გარეშე ამ ტიალ სამყაროში გამუდმებულად ღამე და მრუმე ფერი იბობოქრებდა...
სამ აპრილს ერთი წელი შესრულდა, რაც გურამ დოჩანაშვილი მარადისობას შეუერთდა.
გარდაცვალების შემდეგაც გვაგრძნობინა, რომ ადამიანი მოკრძალებული უნდა იყოს. მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვაზე მეუღლეს უარი “ათქმევინა”. საბურთალოს სასაფლაოზე შვილი ელოდება, 22 წლის ირაკლი… ვაჟი, რომლის უდროოდ წასვლამ, 1990 წლის შემდეგ ტკივილიანი გემოთი აცხოვრა. მიუხედავად ამისა, თავისი ტრაგედიით არავინ დაუმძიმებია.
აი, როგორ იხსენებს "პრაიმტაიმთან" დიდ მწერალს ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე.
ეთერ თათარაიძე: მე ვთვლი, რომ თუ გურამ დოჩანაშვილს იცნობდი, ეკლესია აღარ გჭირდებოდა. ქრისტიანი და ნამდვილი იყო, კეთილშობილი რასაც ჰქვია, ის იყო.
ღვთიური იყო, არ ვაჭარბებ… გადამეტებული მეტაფორებით საუბარი არ მიყვარს, მაგრამ გურამი ასეთი იყო.
რას იგონებდა, როგორ მაცინებდა. საათობით ვლაპარაკობდით. მეტყველების დროს სიტყვას რას უშვრებოდა. საიდან სად გადადიოდა, გადმოდიოდა. არაცნობიერად ისეთ ენერგიას მაძლევდა, რითაც მერე ჩემი სული ცოცხლობდა. მასთან ურთიერთობის მერე, შემდეგი დღეები მიხაროდა. დიდ მწერლებს რომ კითხულობ, მერე ხომ რაღაც დაგყვება და ფიქრობ, რა გიხარია… მერე აცნობიერებ, რომ ამ სიხარულის მიზეზი ამ ადამიანების ნააზრევია.
თავის ტკივილზე ხომ არასდროს ჰყვებოდა, არც გაგრძნობინებდა, რა დარდს დაატარებდა. პირიქით, ვითომ სულ ხალისიანი იყო. ჰყვებოდა რაღაცას და თვალები ეცრემლებოდა. მის ღიმილში სევდა და ტკივილი იდო.
სინათლიანი და გასხივოსნებული "დოჩანა"… ისე შეგხვდებოდა, სიყვარულით დადნებოდა.
ხშირად საღამოს ლოცვებზე ვხდებოდით საპატრიარქოში.
ბოლოს, მის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, მუხაწყაროდან დარეკა. ვისაუბრეთ დიდ ხანს… ეთერო, ჩამოსვლას არ ვაპირებ. შოშიებს ვხედავ, დაფრინავენ, მიდიან-მოდიან. იცი, აქ რა კარგია. აბსოლუტური სიმშვიდეაო. მანდ კორონა მძვინვარებს და აქ მაგის მომტანიც არავინ არ არისო. რა საყვარელი იყო, რაებს მელაპარაკებოდა.
სულ ვგეგმავდი, რამე მომემზადებინა და მოულოდნელად სტუმრად მივსულიყავი და მენახა… ამირანს ვუთხარი, ორ-სამნაირ გულიან ხინკალს მოვამზადებ და ვნახოთ-მეთქი. თან ძალიან კარგი შავი ღვინო მქონდა, ესეც წავიყოლოთ, წამლად დალევს-მეთქი.
ამირანი ფრთხილობდა, რამე არ გაგვყვეს და არ გადავდოთო. მოვერიდეთ მის ნახვას.
ასე გადავდეთ ნახვა და შემდეგ ვინანე, რომ ისე წავიდა, მისი ნახვა ვერ მოვახერხეთ. გული საშინლად დამწყდა.