დამცირდება თუ დაინგრევა ოპოზიცია - რას გეგმავენ 25 ნოემბერს
1732297816
ხარებას მოულოდნელად გარდაიცვალა 61 წლის ალეკო კვაშალი. როგორც გავიგეთ, მუსიკოსმა გერმანიაში ღვიძლის ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციის შემდგომ კი თრომბი მოწყდა...
ვოკალისტი და დრამერი ალეკო კვაშალი საზოგადოებამ ანსამბლ "ნატვრის ხით" გაიცნო. შემდეგ იყო ლეგენდარული "ივერიის" დიდ ოჯახში შესვლა. ალეკო ნუგზარ კვაშალის უმცროსი ძმაა.
გურული ქარიზმის, მოცინარი სახის უმცროსი კვაშალი, მსმენელს უყურადღებოდ არ დარჩენია.
თემო რცხილაძეს ბავშვობის მეგობრის წასვლა, დაცარიელებული თბილისის ასოციაციას აღუძრავს...
თემო რცხილაძე: გვიან გავიგეთ, რომ ცუდად იყო და ოპერაცია გაუკეთდა გერმანიაში. ცეროზისგან ღვიძლი ჰქონდა დაზიანებული და ოპერაციამ კარგად ჩაიარაო. მერე ითქვა, რომ თრომბი მოწყვეტილა.
ეს იყო ადამიანი ღიმილი და განწყობა. მასთან ერთად სულ კარგ ხასიათზე იყავი. ძალიან ნიჭიერი კაცი იყო.
ჩემი თბილისი ისევ და ისევ ცარიელდება. ბევრი ისეთი ადამიანი წავიდა, რომელიც ქალაქს უყვარდა. ადრე სულ ვამბობდი, თბილისი მენატრება-მეთქი. აი, ამ ხალხით მენატრებოდა. ამ ტკბილი ადამიანებით იყო თბილისი ლამაზი. დღეს ის დაცარიელდა.
13-14 წლიდან მოყოლებული ერთად მოვდიოდით... ალეკომ მუსიკალური ცხოვრება ანსამბლ "ნატვრის ხით" დაიწყო. დრამერი და ვოკალისტი იყო. ჩემმა ძმამ, რომამ ახალგაზრდა ბიჭები გაგვაერთიანა ამ ანსამბლში. ორ თვეში ბიჭვინთაში გრან-პრი ავიღეთ და მას შემდეგ ერთად ვიყავით.
მერე იყო ალიანსი "ივერიასთან". მე და რომამ, წლების შემდეგ, "ნატვრის ხე" ისევ აღვადგინეთ. ალეკო დარჩა "ივერიაში".
ალეკო დრამერი იყო, მაგრამ კვაშალებს უნიკალური ხმის ტემბრი აქვთ. ჩემი სიმღერები პირველად მან შეაყვარა მსმენელს. მღეროდა მხოლოდ მისთვის ჩვეული მანერით.
ალეკოსთან ერთად ულამაზესი და ფანტასტიკური ცხოვრება გავატარე. ერთად ბევრი კარგი რამ შევქმენით.
მან ლამაზი ქალაქი დამიცარიელა.