„ჰყვებოდა, როგორი მიუღებელი სასიძო ვიყავი მისთვის. მერე მოსწონდა, როცა დედავ ბატონოს ვეძახდი“ - ზურა ხაჩიძე სიდედრს იხსენებს

zura

დღეს ხათუნა და მერაბ ჟორდანიების დედის, ნუნუ ჟორდანიას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ის გასული წლის 5 აპრილს, 84 წლის ასაკში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. 

ზურა ხაჩიძე "პრაიმტაიმთან" საუბრისას, დიდი სითბოთი იხსენებს სიდედრს და დასძენს, რომ მათ განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ.

ზურა ხაჩიძე: - იმ დღიდან, რაც მე მათ ოჯახში შევედი, ნუნუ ძალიან მნიშვნელოვან ადამიანად იქცა ჩემთვის. 2005 წელს, დედა რომ გარდამეცვალა, ჩემი დაოჯახებიდან ერთი წელიც არ იყო გასული. ნუნუ მოვიდა და მითხრა, დედაშენმა შენი თავი მე დამიტოვაო.  ეს სიტყვები იმდენად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში, მერე რომ ვაკვირდებოდი, მართლა ასეთი მიდგომა ჰქონდა ჩემს მიმართ. 

ოჯახში ბუნებრივია კამათი ხდება, ამ დროს სიდედრი ყოველთვის ჩემს მხარეს იყო. ის უწმინდესის დიდი ხნის მრევლი გახლდათ, მეც აღმსარებელი ვარ და ჩვენ ეს გვაერთიანებდა. ეკლესიაში ჩამოყალიბებული ადამიანები, ერთ ენაზე საუბრობენ. ჩვენც სულ ერთი პოზიცია გვქონდა. სიცოცხლის ბოლომდე ფანტასტიკური ურთიერთობა შეგვინარჩუნდა.

როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი განსაცდელში იყო, მე და ნუნუს გვთხოვდნენ, რომ მათთვის გველოცა. ტაძარში ერთადაც დავდიოდით. ერთხელ მერაბის პრობლემა ჰქონდა და მამა დავითზე, ზამთარში, ფეხშიშველი ავიდა, ტაძარს წრე დაარტყა და გულმხურვალედ ილოცა... 

ძალიან მოსწონდა, როცა "დედავ ბატონოს" ან "ქალბატონო ნუნუ" ვეძახდი. მერე ჰყვებოდა, თავიდან როგორი მიუღებელი სასიძო ვიყავი მისთვის. ეგონა, რომ ჩემსა და ხათუნას შორის არსებული დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო, ჩვენი ოჯახი მალე დაინგრეოდა. მაგრამ ისე მიმიღო, ბოლომდე ფანტასტიკური ურთიერთობა გვქონდა, რასაც ვერ ვიტყვი ანასტასიას ბებოსთან ურთიერთობაზე.  მათ რატომღაც კარგი ურთიერთობა ვერ დაამყარეს. სულ კონფლიქტებში იყვნენ. ბებოს ეწინააღმდგებოდა.