1728312638
რატომ მოკლეს მარსელში ცოლთან ერთად სამუშაოდ წასული ახალგაზრდა კაცი
რა გახდა მარსელში 25 წლის ალექსი გოგუას მკვლელობის მიზეზი - ცხედრის ჩამოსვენებას მშობლიურ სოფელში ახლობლები და ოჯახის წევრები ელოდებიან.
სახლში ახლა მოკლულის მამა და და ცხოვრობენ, ტრაგედიაზე საუბარი ჯერ არ სურთ და გადმოსვენების პროცედურების დასრულებას ელოდებიან. ოჯახის ახლობლებმა მკვლელობის შესახებ მოკლულის მეუღლისგან გაიგეს. იციან, რომ 25 წლის კაცი ურთიერთშელაპარაკებისას უცხო ქვეყნის მოქალაქემ მოკლა.
ალექსი გოგუა ახალი დაოჯახებული იყო და ის საფრანგეთში სამუშაოდ, ცოლთან ერთად, 5თვის წინ წავიდა.
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული - სწორედ ამ მიზეზს ასახელებენ ფრანგი სამართალდამცველები მკვლელობის ოფიციალურ მოტივად.
„კურიერის" ინფორმაციით კი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ალექსი გოგუას მეუღლის მობილურს მოპარვას ცდილობდა, წინააღმდეგობის გაწევის დროს ჯიბიდან დანა ამოიღო და მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
მარსელში მომხდარი მკვლელობის შესახებ იციან ქალაქში მცხოვრებმა ქართველებმაც, „კურიერთან" ამბობენ, რომ პოლიციამ დამნაშავე მალევე დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე სასამართლოც ჩატარდა და მკვლელი პატიმრობაში დატოვეს.