რა ხდებოდა „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, სადაც 9 საათის განმავლობაში 12 მძევალი დახმარებას ითხოვდა

ბანკი

ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში გასროლის ხმა დაახლოებით დღის 12-ის ნახევარზე გაისმა.

კადრებში, რომელიც მძევლებმა თავდამსხმელის მოთხოვნით სოციალურ ქსელში გაავრცელეს, კარგად ჩანს სამხედრო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული მამაკაცი.

მას სახეზე ნიღაბი უკეთია, აცვია სამხედრო ფეხსაცმელი, შეიარაღებულია ხელყუმბარით და სანადირო დანით. მამაკაცს ტანზე, სავარაუდოდ, მართვადი ნაღმი და ბრონირებული ჟილეტი აქვს დამაგრებული.

თავდამსხმელმა რამდენიმე წუთში მოთხოვნებიც დაასახელა: 2 მილიონი დოლარი, ვერტმფრენი, ანკესი და რუსეთის დროშა.

თავდამსხმელმა მძევლებს აიძულა სოციალური ქსელებით და მედიით გაესაჯაროვებინათ ბანკის შიგნით არსებული ვითარება, მათ შორის, მოითხოვდა შენობაში დამონტაჟებული, სავარაუდოდ, მართვადი ნაღმების ტელევიზიით ჩვენებას.

კონკრეტული მოთხოვნების გაჟღერების შემდეგ, თავდამსხმელმა მძევლებს ხელები სპეციალური ღვედით შეუკრა. გავრცელებულ კადრებში ისმის, როგორ ითხოვენ მოქალაქეები დახმარებას.

შეიარაღებულმა მამაკაცმა დაახლოებით 4-ის ნახევარზე მიმდებარე პერიმეტრიდან სპეცდანიშნულების რაზმის გაყვანა და ერთი კოლოფი სიგარეტი მოითხოვა.

მალევე ერთ-ერთი მძევალი შეუძლოდ გახდა. მიუხედავად ამისა, თავდამსხმელმა უარი განაცხადა მის გათავისუფლებაზე.

მამაკაცი კვლავ სპეცრაზმის გაყვანას და მოთხოვნების დროულ დაკმაყოფილებას ითხოვდა. ჩანაწერში ჩანს, რომ ის ერთ-ერთ მძევალს ცოცხალ ფარად იყენებს.

თავდასხმიდან ხუთი საათის შემდეგ, მძევლებში ემოციურმა ფონმა იმატა. პოლიცია შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს წარმართავს ცდილობდა, ბანკში მყოფ მოქალაქეებს კი სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.

სამართალდამცველების მოწოდების მიუხედავად, თავდამსხმელი საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი ხელყუმბარის დემონსტრირებას ახდენდა. პოლიცია ვითარების დეესკალაციას მოლაპარაკებების გზით ცდილობდა. შედეგად, დაახლოებით 6 საათისთვის რამდენიმე მძევლის გათავისუფლება მოხერხდა.

დაახლოებით 7 საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა 2 მილიონის ნაცვლად, მილიონ ნახევარი მოითხოვა.

ეს მძევლების მეშვეობით პოლიციასთან მისი ბოლო კომუნიკაციაა.

9-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ კი თავდამსხმელი დააკავეს.

ოფიციალური განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. 

უწყების ცნობით, თავდამსხმელი 37 წლის გრიგოლ ნარსიაა.