„პოლიციის 2 თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და დაზიანებები მიაყენეს - დაკავებულია 2 პირი“ - რა მოხდა ნინოშვილის ქუჩაზე, სადაც სროლაც იყო

ავარია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოშვილის ქუჩაზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორი პირი დააკავა.

როგორც „პრაიმტაიმს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებისას ახალგაზრდა კაცები სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და გაქცევისას ავტომობილით პოლიციელებს დაეჯახნენ, რა დროსაც, სამართალდამცველებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებდნენ, რა დროსაც ორი მოქალაქე, არ დაემორჩილა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს. მათ საგამოძიებო მოქმედების თავიდან არიდების მიზნით სცადეს გაქცევა, პოლიციის 2 თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და მიაყენეს დაზიანებები.

რა დროსაც პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა“, - განუცხადეს „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.