ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის გიორგი ბარბაქაძეს პატიმრობა შეეფარდა

გიორგი ბარბაქაძე

ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს სასამართლომ პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, პროკურატურის მიერ დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

თამარ კაპანაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც ბრალდებულისათვის 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

სასამართლო პროცესზე ბარბაქაძემ წარდგენილ ბრალში თავი დამნაშავედ ცნო, თუმცა სიტყვის უფლებით არ ისარგებლა.

მკვლელობა ლაგოდეხში 15 იანვარს მოხდა. თავდაპირველად, 37 წლის ნონა ჭაბაშვილის გარდაცვალების მიზეზად, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია დასახელდა.

გარდაცვლილისათვის ორჯერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ ცხედარზე ძალადობის კვალი აღმოაჩინა, რის საფუძველზეც პოლიციამ მისი ყოფილი მეუღლე დააკავა

გამოძიების მტკიცებით, გიორგი ბარბაქაძემ მეუღლე ჯერ გაგუდა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში, გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარზე გამოძიება 11, 109- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ბარბაქაძეს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება .

საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 10 მარტს ჩაინიშნა.