სპეცოპერაცია სასაფლაოზე! - ვაკეში, მოკლული ბიზნესმენის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
1742241765
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტმა პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა ნარკოტიკებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.
კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს გუნდს დიდი ხანია ჰქონდა მსჯელობა. ვმსჯელობდით სხვადასხვა მიმართულებით, თუ როგორ უნდა ყოფილიყო ბრძოლა იმ მძიმე სენთან, რომელსაც ნარკოდამოკიდებულება და, ზოგადად, ნარკომანია ჰქვია. დღეს საკანონმდებლო ცვლილებების სახით წარმოგიდგენთ ერთ ნაწილს, რომლის მთავარი მიზანია ბრძოლა ნარკოტიკების გამსაღებლებთან, ნარკოტიკების გამყიდველებთან. ამავდროულად, მთელი რიგი ცვლილები არის გათვალისწინებული ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
როგორც მომხმარებელმა აღნიშნა, კანონპროექტის შემუშავების მიზანია ნარკოტიკული საშუალების, ასევე ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.
მისივე თქმით, კანონპროექტით გაიმიჯნება ნარკოტიკული დანაშაულების შემადგენლობა და გამკაცრდება დასახელებულ დანაშაულებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ზომები. კერძოდ, გამკაცრდება სასჯელები როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანას, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა ან გადაგზავნის, ისე გასაღებისთვის.
აღსანიშნავია, რომ დასჯადად განისაზღვრება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება. თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ტესტირების ჩასატარებლად მოქალაქის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა პოლიციელის მიერ ძალით არ მოხდება.
არჩილ გორდულაძის განცხადებით, განსაკუთრებით მკაცრი იქნება მიდგომა ნარკოტიკების გამსაღებლებისა და გამყიდველების მიმართ. მთელი სიმკაცრით დაისჯება ნარკოტიკების გამყიდველი, მათ შორის, უვადო პატიმრობითაც კი.
ერთ-ერთ ძირითად საკითხს, რასაც საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს, არის ის, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას დაეხმაროს ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს თვით იძულებითი მკურნალობითაც კი.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძის განცხადებით, წარმოდგენილმა საკანონმდებლო ინიციატივამ საზოგადოებაში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია.
„მიმაჩნია, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა სწორედ დროულად გააკეთა განცხადება ამ კანონების გამკაცრების შესახებ. მნიშვნელოვანია კანონპროექტის ავტორთა პოზიცია, რომ ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც ნარკოტიკებს უკავშირდება, ყველა სფეროს წარმომადგენელთა ჩართულობით იქნება გათვალისწინებული, მათ შორის, ექსპერტების, საზოგადოების წარმომადგენლების და დეპუტატების მონაწილეობით. იმედია, საბოლოოდ, ჩვენ მივიღებთ შეჯერებულ ვარიანტს, რომელიც ჩვენი საზოგადოების გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური.
კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.