დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ლიკა ქავჟარაძის სახელის ხსენებისას, რა ასოციაციაც მოგდის, ეს არის – მარიტა, არამიწიერი სილამაზე, სიმარტოვე…
ამბობენ, რომ “ნატვრის ხის” პერსონაჟი, საბედისწერო როლი აღმოჩნდა სათუთი ფსიქიკის მქონე პატარა გოგონასთვის. მარიტა სამუდამოდ ჩასახლდა მასში და… ის არასდროს დაუტოვებია.
გადაღებიდან სახლში დაბრუნებული, მარიტას კაბას არ იხდიდა, თურმე.
“ძალიან დიდხანს ვეძებდით მარიტას, ყველაზე მიყრუებული სოფლების სკოლებშიც კი. ერთ მშვენიერ დღეს თენგიზ აბულაძე სტუდიაში შემოვიდა, ამწუთას ეზოში მარიტა და გედია ვნახეო. ლიკა და სოსო რეზო გაბრიაძის ფილმის გამო სტუდიაში ყოფილან და შემთხვევით გადაყრიან მას.
მომაჯადოებელი იყო, თან – სადა, არაპრანჭია. იყო ძალიან მოწესრიგებული, მხიარული, გულღია. ხანდახან მთავარი გმირები წარმოიდგენენ ხოლმე, რომ ტახტრევანზე სხედან და… მაგრამ ლიკა ისეთი ოჯახის შვილი იყო, შეუძლებელია, ასეთი სასაცილო რამეები დამართოდა” – იხსენებს ნანა ჯანელიძე.
ასმათ ტყაბლაძე “პრაიმტაიმთან” იმ მომენტს იხსენებს, პირველად სიღნაღში ჩასულმა ლიკა რომ ნახა.
ასმათ ტყაბლაძე: – მახსოვს, “ნატვრის ხის” გადასაღებ მოედანზე ანგელოზი რომ დავინახე… ულამაზესი იყო, შველი! მითხრეს, ეს გოგო ითამაშებს მარიტას როლსო.
16 წლის იქნებოდა. ძალიან ნორჩი იყო. გაშტერებული ვუყურებდი. თხელი, ლამაზი, ღიმილიანი… საოცარი გოგო.
დედა და ბებია თან დაჰყვებოდნენ. სიღნაღში, ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით.
ისეთი საყვარელი იყო გადაღების დროს, მართლა დაშტერებული ვუყურებდით ასეთ სილამაზეს.
მახსოვს, სესიალიას ნათქვამი, “კაკაია ანა აჩერავაწელნაია”. გენიალური, უშუალო და არაჩვეულებრივი ბუნების გოგოაო. კმაყოფილი იყო სესილია. ეს რა გადასარევი შვილიშვილი მაჩუქეთ, საკუთარივით მივიღეო.
გემრიელი ბავშვი იყო. იმდენად სუფთა იყო, რომ ბიჭებიც ვერ “კადრებდნენ”, მიყვარხარო. ბუნებითაც სუფთა იყო…
“ნატვრის ხეს” რომ ვუყურებ, საოცარი ემოცია მაქვს. ჯერ ერთი იქ ჩემი მეგობრები, სესილია თაყაიშვილი (მარადია), სოფიკო ჭიაურელი (ფუფალა), მზია მახვილაძე (ნინოლა), თენგიზ აბულაძის ცოლი, თამაშობდნენ.
მე და ბორია წიფურია მივდიოდით გადასაღებად. ბორია უნდა გადაეღოთ იმ სცენაში, ლიკას რომ ეუბნება, “ერთი აქეთ მოიხედე, გოგო, მარადიას შვილიშვილი არა ხარ შენაო.”
გომბორით მივდიოდით, ბორიას მანქანით და გზაში გაგვიფუჭდა. გაგიჟდა, აგინებს მანქანას, მე ვკვდები სიცილით. აზრზე არ ხარ, რომ დამეხმაროო, ბრაზობდა. ბოლოს ჩავუსწარით გადაღებას. ბორიას დაგვიანება არ უყვარდა და მე მითხრა, მიდი, შენ მოჰყევი, რატომ დაგვაგვიანდაო.
ჩემი და შეთეს სცენა მომწონს, თვალებით რომ ვარშიყობთ და მე ვეუბნები, მეხი კი დაგაყარე შენა-მეთქი. თენგიზი სულ მეუბნებოდა, შენ სცენებზე სულ აღნიშნავენ, რა კარგი სცენააო.
“პრაიმტაიმთან” დაუვიწყარ ლიკას იხსენებს მსახიობი ბერტა ხაფავაც.
ბერტა ხაფავა: – ნაღდი ბავშვი იყო. თავს ევლებოდნენ, სულს უბერავდნენ. ულამაზესი ხომ იყო და არაჩვეულებრივად იყო აღზრდილი.
არისტოკრატი და დიდებული გეიდარ ფალავანდიშვილის დისშვილი იყო. გადასაღებ მოედანზე ხან დედა ჰყავდა გვერდით, ხან – ბებია. არ ტოვებდნენ. ისეთი ბავშვი იყო, ვინ დატოვებდა.
ჩვენი ბიჭები, შეთეც და გედიაც, ორივე მასზე იყო შეყვარებული. არ შეიძლებოდა გენახა და არ გყვარებოდა. ყველანი შეყვარებულები ვიყავით.
სიღნაღის სოფლებში ვიღებდით. ვირზე რომ ზის და ტალახს ვესვრით, ამ სცენებს გაზაფხულზე ვიღებდით. წვიმიანი დღეები იყო. ციოდა, თან მე მცივანა ვარ. მციოდა, თან სველიც ვიყავი.
ლიკასთვის ტალახის სროლა ყველას გვიჭირდა. სოფლის ქალები მეკითხებოდნენ, ასეთი ანგელოზი როგორ გაიმეტე ტალახის სასროლადო…