მიმართვა სკოლებს - პრეზიდენტი სკოლებს საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს
1733167310
მსახიობ ლიკა ქავჟარაძეზე არაერთი საინტერესო, უცნაური, კარგი, ნაცნობი თუ უცნობი ისტორია მოგვისმენია.
ამბავი, რომელსაც ინგა გუგუშვილი იხსენებს, ულამაზეს მსახიობს ეხება და საკმაოდ ემოციურია. ისტორიის შესახებ artinfo წერს.
ამბავს უცვლელად გთავაზობთ:
„წელი არ მახსოვს… მახსოვს, ზამთარი იყო და მე კი იმ ასაკში, ფოთიდან თბილისში და მერე, ვერიდან საბურთალომდე, უკვე მარტოც მიშვებდნენ… მამაჩემს, მარტოდმარტო რომ მიშვებდა თბილისში, კი ეთანაღრებოდა გული, მაგრამ თავს იმხნევებდა: ეს არ დაიკარგება, ისეთია, რომ შეუშვა, პირველ მდივანთანაც შევაო..
მე კი, უბედნიერესი, მონიჭებული ორდღიანი დამოუკიდებლობით, დავხეტიალობდი დედაქალაქში ახლად აღმოჩენილი მარშრუტებით და არც მდივანი მადარდებდა და არც მთელი პოლიტბიურო. სვლაგეზის ორიენტაციით ვერც ახლა მოვიწონებ თავს, (სტუდენტობისას ერთი მეგობარი, თავმობეზრებული ჩემი ,,გზააბნეულის მემუარებით’’, კომპასის ჩუქებასაც დამპირდა)… ვერაზე კი ნამდვილად არ ვიბნეოდი, ფილარმონიასთან ტროლეიბუსში ავდიოდი, მერე, რომელი ადგილიც მომეწონებოდა და არ ვიყავი ნამყოფი, დასალაშქრად ჩამოვდიოდი, ხან სად, ხან სად… და ახალ-ახალი გზამკვლევების აღმოჩენით ბედნიერი, ვიგნებდი გზას ვაჟას ძეგლამდე…
იმ დღესაც ჩამოვირბინე გოგებაშვილიდან ბელინსკით, რედაქციასთან შემოვუხვიე ზუსტად ვერის ძველი ბაზრის წინ და ფილარმონიისკენ ავიღე გეზი.
გზად, დიდ ეზოში შესასვლელი თაღის ორივე მხარეს, ვიტრინებში ნახევრად თავშემობრუნებული, სტანდარტული შავ-თეთრი და ფერადად რეტუშირებული ფოტოებიდან, დონარა კინწურაშვილის, ჯულიეტა ვაშაყმაძის და სხვათა გვერდით, სრულიად ნორჩი და სრულიად გასაგიჟებელი – ჩემთვის სათაყვანებელი სახე მიღიმოდა. გავშეშდი. მინის მიღმა საპასპორტოს ფორმატით გადაღებული ფოტოდან ლიკა ქავჟარაძე იმზირებოდა.
თუმცა, უჩვეულო ის იყო, რომ ჩვეულებრივ, საპასპორტო სურათებს ხომ სერიოზული გამომეტყველებით იღებდნენ, ამ ფოტოზე ჩემი ლიკა გულითადად იცინოდა. ეს იყო ნამდვილი პასპორტის სურათი, ისეთი, არასდროს არსად რომ გამოქვეყნებულა, არავის რომ აქვს საქართველოში, არათუ ფოთში…
გამიგებენ კოლექციონერები, დამემართა ,,რადაც უნდა დამიჯდეს’’… გარეთ მხოლოდ სარეკლამო ვიტრინა იყო, ფოტოატელიეში მოსახვედრად ეზოში უნდა შესულიყავი. დამავიწყდა, სადღაც რომ მივდივარ. დავადე თავი, შევედი. მაშინ ვასიკო კეჟერაძესაც ვიცნობდი, შემიძლია დავიფიცო: ატელიე ის იყო, ზუსტად. ვითომ კარგად მენიშნა, სულ ტყუილად. გულში ტექსტს ვამზადებ: მეთქი, მე ფოთიდან ჩამოვედი… მინდა გთხოვოთ სურათი… ერთი სურათი… თუ კეჟერაძეა, გამიგებს.
ვერ ამოვთქვი. ვდგავარ და ვფიქრობ, რა ვქნა? როგორ ვქნა… ბლოკნოტის ყდის ჯიბეში მოიისფრო ათმანეთიანი მაქვს, შავი დღისთვის გადანახული… 5 მანეთამდე – სამგზავროდ და ლაღიძის წყალ-ხაჭაპურისთვის გახაზირებული… და შინ, ჩემოდანში – მატარებლის ბილეთის ფული – ხელშეუხებელი. ესაა მთელი ჩემი ავლადიდება.
– გოგონა, გისმენ, რა ზომის ფოტო გინდა?
– პატარა… – ვლუღლუღებ. ჩემი აზრით, პატარა ყველაზე იაფი ეღირება.
გავიხადე ქურთუკი, მომაწოდეს მრავალთმაგადანავარცხნი ბრტყელი სავარცხელი. დავალაგე თმა, კუდად გავისკვანჭე და ვდგავარ მორჩილი, მზადყოფნაში – გადავიღო ფოტო ¾-ზე. დრო გამყავს, იმ იმედით, ამასობაში მოვიფიქრებთქო რამეს. დავჯექი ფარდის წინ. გავიყურსე, თვალებში მიდგას სამყაროს სევდა და დედამიწის სამძიმარი…
– ხვალ მოდი, გოგონა… 3 საათის მერე…
აუუ… ხვალამდე რა მოიცდის… ვდგავარ ჯორივით. როგორი სათქმელია… როგორც იქნა, ამოვღერღე:
– იცით რა… მე ჩემი სურათი არ მინდა… მინდა ლიკა ქავჟარაძის. მომყიდეთ. რაც ფული მაქვს, ყველას მოგცემთ.
– რას ამბობ, გოგონა, როგორ შეიძლება, რა უფლება მაქვს სხვისი ფოტო მოგცე? არა, შვილო, არ შემიძლია…
– შეგიძლიათ… არავის ვაჩვენებ, არასდროს… არავის ვეტყვი. მარტო მე მექნება…
– არა, შვილო, არ შემიძლია…
– შეგიძლიათ… გთხოვთ… ძალიან გთხოვთ… ეს ფული, რაც მაქვს… მატარებლის ბილეთის ფული მაქვს კიდევ, ავალ გოგებაშვილზე და ჩამოვიტან…
– არა, არ შეიძლება, გოგონა… მე რა ვიცი, რისთვის გინდა?
ფოტოგრაფი შემხვდა კაცი – კლდე და რკინა. ზურგიც შემაქცია.
უკვე ტუჩები მებრიცება, ნიკაპი მიკანკალებს… მეტი რა მაქვს? ვფიქრობ, რითი ვაცდუნო… ქურთუკს ვიხდი და უკუღმა ვკეცავ, ვაქებ: ,,ეს კურტკა ბონებზე ნაყიდია… მესურათე გაშტერებული მიყურებს, მგონი, აზრზე არაა, რაა ,,ბონები“. არ ვამხელ, რომ ამ ქურთუკის მესამე თაობის მომხმარებელი ვარ, პირველად ჩემს სტუდენტ დას ეცვა, მერე ჩემზე 4 წლით უფროს დას, ახლა ჩემია, მაგრამ სულ არ ეტყობა ნახმარი… დავდე ეს ქურთუკი, ატელიეში ცხელა, არ ვიცი, გამათბობლის გამო, არ ვიცი, სირცხვილით… ვიწვი… რომ გავიხადე, გამიხარდა კიდეც, ამოვისუნთქე… ახლა უცებ ავირბენ გოგებაშვილზე… იქედან მანქანით მიმიყვანენ სადგურში… სულ არ მცივა, არ მჭირდება ქურთუკი, ლიკას სურათი მექნება…
– რად მინდა, შვილო, შენი კურტკა?
– აბა, რა ვქნა? სხვა არაფერი მაქვს. ვერ წავალ მე უიმსურათოდ! გული გამისკდება. მინდა და მინდა.
– წადი, შვილო, არ შემიძლია…
– და ჩემ სურათზე როდის მოვიდე? ხვალ?.. არ მოვალ ხვალ, არასდროს მოვალ აქ…
ვგრძნობ, ახლა ავღრიალდები. წკაპ-წკაპით მცვივა ცრემლები… ზოგიც ყურებისკენ მიდის, ყურები მაქვს ისეთი წითელი, ისეთი ცხელი… და ისე მსიამოვნებს ეს მლაშე ნაკადულები… სარკეში ჩემი გამოსახულება – ნირწამხდარი, ცხვირგაბუშტული, თვალებდაწითლებული… ქურთუკს ვტოვებ და გარეთ გამოვდივარ. მთელი სახე მიხურს, თავი რუმბივით მაქვს. გამოვდივარ ეზოდანაც… გარეთ ჟანგბადია და ღრმად ვისუნთქავ. მაცოცხლებლად მექცა ეს სუსხი… მოვდივარ მხრებჩამოყრილი… არა, მოვლასლასებ. მოშლილი რეზინივით მაქვს ყველა ძარღვი. გამვლელები თვალს მაყოლებენ, მარტო მე ვარ უქურთუკოდ. მომდევს და მეწევა მესურათე.
– გაცივდები, შვილო… წამოდი, ჩაიცვი… რად მინდა მე შენი კურტკა? ან შენი ფული რად მინდა? მხრებზე ხელს მხვევს… წამოდი… ვბრუნდებით. შევდივართ იმ ცხელ ოთახში. იქექება მაგიდის სიღრმეში, გამოაქვს დიდი კოლოფი, სავსე ფოტოებით…
– აჰაა, ,,კავჟარაძე’’… ა, კიდე, მეორე… არ იტირო, გოგო… კიდე მოვნახავ. არ მისცე არავის, იცოდე.
მეოთხე სურათსაც ვლანდავ საგანძურში. მყოფნის თავხედობა და თავად ვიღებ.
– ესეც მინდა, – ვეუბნები გულამომჯდარი. მუჭებით ვიმშალებ თვალებს. მერე უცებ ვტრიალდები და ისევ გამოვრბივარ… ვტოვებ ყველაფერს, მოპოვებულ სურათებს, ჩანთას, ქურთუკს…. ქოშინით ავრბივარგოგებაშვილზე, ის გზის ფული უნდა ავიღო… ამოვქექე ჩემოდნის შიდა ჯიბიდან ,,ხელშეუხებელი’’… მახსენდება, ფოთიდან ლიმონები გამომატანეს… ვიყრი ამ ლიმონებს– ამობრუნებული ჯემპრის კიდე ცალი ხელით მიჭირავს… იწელება, მძიმდება… აივსო… ვფიქრობ, მეტი რა გამაჩნია? ან ჩემი სამგზავრო ფულით რა უნდა ვუყიდო, ამ ოქროსგულიან კაცს ამ სიკეთის საპირწონედ?
ჩამოვასკდი უკან, საღამოვდება უკვე, არ დამაგვიანდეს… არ დაიკეტოს… ფულს ვერ შევკადრებ და რომ არ ვიცი, რა უნდა ვუყიდო? ზუსტად იმ ვიტრინამდე, წიგნების დიდი მაღაზიაა, მგონი ,,კოსმოსი’’ ერქვა, შევდივარ ლიმონებიანად, ალბათ, ლიმონის გამყიდველი მოზარდი ვგონივარ ყველას… მე არ ვიმჩნევ… ვეძებ რას, თავად არ ვიცი… ვყიდულობ ჩემი აზრით, ყველაზე ძვირფასს – გუდიაშვილის ალბომს და გულზეალბომლიმონებმიხუტებული შევრბივარ ეზოში, იქედან – ატელიეში, ბნელ და ცხელ ოთახში…
მაგიდაზე ვყრი ლიმონებს, ვუწვდი ალბომს, მერე არ ვეპუები ულვაშებს, ვკოცნი ამ ბიძიას ორივე ლოყაზე, ვეხუტები გულზე, ვპირდები, რომ არასოდეს დამავიწყდება…
… ეს სურათები ჩემი მოსწავლეობისდროიდნელი საწერი მაგიდის უჯრიდანაა, როგორც ძვირფასი ჰერბარიუმის ფოთლები – ჩემი ბავშვობის ნატვრის ხიდან…”
წყარო: „არტინფო“