ექნება თუ არა, საწვავის ფასის მკვეთრ მატებას ინფლაციაზე გავლენა - ეროვნული ბანკის განმარტება

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, რუსეთის მიერ, უკრაინაში დაწყებული ომი საქართველოსთვის ახალ შოკს წარმოადგენს.

მათივე თქმით, ქვეყანაში თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.7 პროცენტი შეადგინა.

„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და საომარმა მოქმედებებმა, ჯერ კიდევ პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი მსოფლიო ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ახალი შოკის ფონზე გამძაფრებულმა ინფლაციურმა რისკებმა უკვე გაზრდილი ინფლაციის შემცირების პროგნოზირებული ტემპები გლობალური მასშტაბით შეანელა. საქართველოში თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.7 პროცენტი შეადგინა. მარტიდან ინფლაციის შემცირებაა მოსალოდნელი, რაც, ძირითადად, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საბაზო ეფექტის მილევას უკავშირდება. თუმცა, რომ არა ზემოხსენებული ახალი შოკი, ეს შემცირება გაცილებით სწრაფი იქნებოდა.

საყურადღებოა, რომ, საომარი მოქმედებების გამო, რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეზღუდვებმა, მსოფლიო ბაზრებზე საქონლის გარკვეული კატეგორიების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ნავთობის გაძვირების ფონზე, საწვავის ფასების მკვეთრი მატება, რომელსაც, მოსალოდნელია, რომ ინფლაციის მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა ექნება. ეს ფაქტი, უკვე ხანგრძლივად მაღალი ინფლაციის ფონზე, შესაძლებელია, ინფლაციის მოლოდინების ზრდაში აისახოს.

გარდა ამისა, საგარეო შემოდინებების შემცირების რისკების ზრდის ფონზე, სავალუტო ბაზრებზე მერყეობა მომატებულია, რაც ინფლაციური მოლოდინების კუთხით დამატებით რისკებს შეიცავს,“ - ნათქვამია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში.