"ალყის ქვეშ მყოფი ქალაქის კათედრალში, შეჰყავთ დაღუპული ჯარისკაცი..." - რატი ამაღლობელის ემოციური ლექსი დაღუპულ ჯარისკაცებს

ukraine

პოეტი რატი ამაღლობელი უკრაინაში დაღუპულ ჯარისკაცებს ლექსს უძღვნის. პოეტი სოციალურ ქსელში წერს: ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამაზე და ასე დავწერდი.

უკრაინისთვის დაცემულ გმირებს

მცირე ხნით განგაშის-ხმა დადუმდა გარიჟრაჟზე,

სიკვდილი რომ არ გახდეს ჩალის ფასი -

ალყის ქვეშ მყოფი ქალაქის კათედრალში

შეჰყავთ დაღუპული ჯარისკაცი.

გზა დროშებ-დახრილი, და თვალებ-დახრილი

ტაძრისკენ მიუძღვის ჯარისკაცს,

სიკვდილი მყუდროა ბავშვობის სახლივით,

იქ ლურჯი ზღვაა და ქარის ხმა...

იყუჩე ჯარისკაცო, მიენდე სიმაღლეებს,

სივრცეებს მიენდე გადაშლილს,

იქ მეტი სინათლეა, იქ მეტი სილაღეა,

არ აღწევს ელდა და განგაში.

დნეპრივით დიდი და ვეება მდინარება

გიპყრობს, გეუფლება, გიუნჯებს.

ის მუდამ ტანჯვის უკან იმალება -

მედინი უკვდავების სილურჯე.