ბავშვებში კორონავირუსის გადატანის შემდეგ დიაბეტის ალბათობა ძალიან მაღალია - ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე

ბავშვებში კორონავირუსის გადატანის შემდეგ დიაბეტის ალბათობა ძალიან მაღალია. - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი,  პედიატრი ივანე ჩხაიძე აცხადებს. 

„კორონავირუსის ერთ-ერთ ძირითად საფრთხეს იმ დაავადებების გაჩენა წარმოადგენს, რომლებიც ადრე არ არსებობდა. ერთ-ერთი ასეთი სწორედ დიაბეტია. ბავშვებში კორონავირუსის გადატანის შემდეგ დიაბეტის ალბათობა ძალიან მაღალია. ასევე, შესაძლებელია კორონავირუსის მსუბუქმა ფორმამაც კი ხანგრძლივი დროის განმავლობაში დატოვოს ცხოვრების ხარისხზე მოქმედი ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: ძილის დარღვევა, დეპრესია, მახსოვრობის პრობლემა, ხასიათის ცვლილება, ქრონიკული ხველა, ძლიერი სისუსტე, სუნთქვის გაძნელება, თმის ცვენა. მსგავსი სიმპტომების ჩამონათვალი ძალიან ბევრია და სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ბავშვებში ვაქცინაცია აუცილებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან დავიცვათ, არამედ იმიტომ, რომ დავიცვათ ხანგრძლივი კოვიდისგანაც, რომელიც შეიძლება ძალიან შემაწუხებელი იყოს. აღწერილია შემთხვევები, როდესაც პაციენტს კორონავირუსის გადატანის შემდეგ 7-8 თვის განმავლობაში არ დაუბრუნდა ყნოსვისა და გემოვნების შეგრძნება. კორონავირუსმა შეიძლება ნებისმიერი ქრონიკული დაავადება დაამძიმოს, ასევე შეიძლება გულის მწვავე დაზიანება გამოიწვიოს, განსაკუთრებით საყურადღებოა კოვიდ-19-ის გადატანის შემდეგ ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომის, რომელიც ბავშვებში ვითარდება და მას გულის დაავადებების გამოწვევა შეუძლია“, - განაცხადა ჩხაიძემ.