რა კავშირშია თვალის მოძრაობა დემენციასთან - ახალი კვლევა

თვალი

მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ უმნიშვნელოვანესი კვლევა ჩაატარეს, რომლის მთავარი თემაც კოგნიტიური უნარების დაქვეითებასა და თვალის პრობლემებს შორის კავშირი იყო. აღმოჩნდა, რომ თვალებს ტვინის შესახებ ბევრი რამის გამოვლენა შეუძლია, მათ შორის ოფიციალურ დიაგნოზამდე დემენციის 12 წლით ადრე პროგნოზირება.

კვლევა ნორფოლკში, ინგლისში, მცხოვრები 8 623 ადამიანის მონაცემებს ეფუძნება. მათ მეცნიერები მრავალი წელი აკვირდებოდნენ. ამ ხნის განმავლობაში დემენცია 537 ინდივიდს განუვითარდა, რამაც სპეციალისტებს საშუალება მისცა, ამის გამომწვევი ფაქტორები გამოეკვლიათ.

თავდაპირველად მონაწილეებს მხედველობის ტესტი ჩაუტარდათ, რომლის ფარგლებშიც მათ ეკრანზე მოძრავ წერტილებს შორის სამკუთხედი უნდა ეპოვათ და ამის ნიშნად ღილაკზე თითი დაეჭირათ. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც შემდეგ დემენცია განუვითარდათ, ფიგურის შემჩნევა დანარჩენებზე უფრო გვიან მოახერხეს.

მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა, კოგნიტიური უნარების დაქვეითების ადრეული ინდიკატორი იყოს. ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული ტოქსიკური ამილოიდური ფოლაქები პირველ რიგში ტვინის იმ უბნებს აზიანებს, რომლებიც მხედველობას აკონტროლებს. ამის შემდეგ მეხსიერებასთან ასოცირებულ უბნებსაც ექმნება პრობლემა. შესაბამისად, მხედველობის ტესტს მოსალოდნელი დაავადების ნიშნების გამოვლენა უფრო ადრე შეუძლია, ვიდრე მეხსიერების ტესტს.

ალცჰაიმერის დაავადება გავლენას მხედველობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ისეთ ასპექტზე ახდენს, როგორიცაა ობიექტის კონტურების აღქმა (კონტრასტული მგრძნობელობა) და ფერების გარჩევა (დემენციის ადრეულ სტადიაზე განსაკუთრებით ლურჯი და მწვანე ფერების აღქმა რთულდება). შესაძლოა, ეს ცვლილებები ისე განვითარდეს, რომ ადამიანმა მაშინვე ვერ გააცნობიეროს.

კიდევ ერთი დარღვევა თვალის მოძრაობის კონტროლს უკავშირდება: ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანს ყურადღება მარტივად ეფანტება და უმნიშვნელო ობიექტებს აკვირდება. შესაძლებელია, ამან ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი გაიზარდოს, რა საკითხსაც მეცნიერები ლაფბოროს უნივერსიტეტში იკვლევენ.

სახეების ამოცნობა
არსებობს მტკიცებულება, რომ დემენციით დაავადებულებს ახალი სახეების დამახსოვრება უჭირთ, რადგან ჩვეულ მეთოდს არ მიჰყვებიან. კერძოდ, ჯანმრთელ ადამიანებში სახის დასამახსოვრებლად ყურადღება ჯერ თვალებზე მახვილდება, შემდეგ ცხვირზე და იქიდან პირზე. ასე ჩვენ მას მეხსიერებაში "ვიბეჭდავთ", რათა შემდეგ გავიხსენოთ. ზოგჯერ ადამიანები გრძნობენ, როცა თანამოსაუბრე ამ მეთოდს არ იყენებს.

დემენციის მკურნალი ექიმები დიაგნოზს ხშირად შეხედვისთანავე ხვდებიან. ამის მიზეზი პაციენტების დაბნეულობაა: ისინი გარემოსა და ახლად გაცნობილ ადამიანებს მიზანმიმართულად აღარ აკვირდებიან. შედეგად, მათ უკვე ნანახი ადამიანების ამოცნობა უფრო უჭირთ, რადგან ეს სახეები მეხსიერებაში არ "ჩაუბეჭდავთ".

ამრიგად, ახლად გაცნობილი ადამიანების ვერ ცნობა არა მეხსიერებასთან, არამედ თვალის მოძრაობის პრობლემასთანაა დაკავშირებული. 

შეუძლია თვალის მოძრაობას მეხსიერების გაუმჯობესება?
მეცნიერები იკვლევენ, შეუძლია თუ არა თვალის აქტიურ მოძრაობებს მახსოვრობის გაუმჯობესება, რადგან მხედველობითი მგრძნობელობა მეხსიერების ფუნქციონირებასთანაა დაკავშირებული.

წინა კვლევები ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა პასუხს გვაძლევს. ზოგიერთზე დაყრდნობით, თვალის მოძრაობა მეხსიერებას მართლაც აუმჯობესებს. ეს შეიძლება ხსნიდეს, კარგი მახსოვრობის უნარით ის ადამიანები რატომ გამოირჩევიან, რომლებიც ტელევიზორს ხშირად უყურებენ ან წიგნებს კითხულობენ. ასეთ ინდივიდებს დემენციის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც კითხულობენ, განათლებას უფრო დიდ დროს უთმობენ. ეს ტვინის რესურსს ზრდის, შესაბამისად, როდესაც ამ ორგანოში კავშირები ზიანდება, უარყოფითი შედეგი შედარებით მსუბუქია.

სხვა კვლევები იმასაც აჩვენებს, რომ თვალის სწრაფი მოძრაობა მარცხნიდან მარჯვნივ და პირიქით (ორი მოძრაობა წამში), ავტობიოგრაფიულ მეხსიერებას აუმჯობესებს. ასე ადამიანები ცხოვრებისეულ მოვლენებს მარტივად იხსენებენ. საინტერესოა, რომ იგივე შედეგი ცაცია ადამიანებში არ ფიქსირდება, რისი მიზეზიც ჯერ კიდევ უცნობია.

ამ აღმოჩენების მიუხედავად, ასაკოვან ადამიანებში თვალის მოძრაობით მეხსიერების გაუმჯობესების მცდელობები ჯერ არ დაწყებულა. ასევე თვალის მოძრაობის პრობლემა დიაგნოზი არაა, მიუხედავად იმისა, რომ ამის აღმოსაფხვრელად მრავალი შესაძლებლობა არსებობს.

იქამდე, სანამ სათანადო სადიაგნოსტიკო მოწყობილობები უფრო ხელმისაწვდომი და მარტივად გამოსაყენებელი არ გახდება, თვალის მოძრაობაზე დაკვირვებით ალცჰაიმერის გამოვლენა ლაბორატორიის გარეთ შეუძლებელია.