"საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარა... თბილისში დასახლებას აპირებს. შეყვარებულია აქაურობაზე" - ბეგბედერის ახალი გეგმები ცნობილია

begbederi

მართალია, ფრანგი მწერლისა და კრიტიკოსის, ფრედერიკ ბეგბედერის ვიზიტის სამიზნე, ამჯერად, ფოტოკონკურსი "ქოლგა" გახლდათ, სადაც მისი ფოტოხელოვანი მეუღლე ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, თუმცა სამომავლოდ, საქართველოში დასახლების სურვილი ჰქონია. 

ამიტომაც იყო, რომ ჯერ ხაჭაპურის სიყვარული შეგვაპარა და სამყაროს ჭეშმარიტება, ჩვენი ამ კერძის კონტექსტში გაშალა. მერე, ალბათ, ჩამოვა და ქართული ღვინის ბოკალით ხელში, ერთ ბოჰემურ რომანს, ჩვენს მიწაზე, უკვე საკუთარ ჭერქვეშაც დაწერს. 

თეონა დოლენჯაშვილი გვიყვება, რომ ბეგბედერთან 2016 წელს, მწერლის პირველი ვიზიტის დროს დამეგობრდა. სწორედ მისგან შევიტყვეთ ფრანგი მწერლის ქართული მიწისა და ღვინისადმი ლტოლვის შესახებ.

თეონა დოლენჯაშვილი: კაფე, კლუბი და მოლხენა რომ უყვარს, 2016 წელს გავიგე. ცოცხალი, ენერგიული მხიარული, კომპანიის სული და გულია. შოუმენია. ის არ არის მხოლოდ მწერალი. ამიტომაც არის ასეთი პოპულარული. მისი წიგნები ადასტურებს, თუ როგორი მომლხენი და ბოჰემურია. 

ამჯერად ცოლთან ერთად სტუმრობდა თბილისს. ლარა საინტერესო ფოტოგრაფია. პირველ ვიზიტზე მახსოვს, ფრედერიკმა კაფეში კაშნე დაკარგა და ნერვიულობდა, ჩემი გელფრენდის ნაჩუქარიაო და ყველანი ვეძებდით. უკვე ცოლქმარნი არიან და ძალიან კარგი წყვილია.

გარდა იმისა, რომ ხაჭაპურზე გიჟდება და ყველანაირი - მეგრული, იმერული თუ აჭარული დაგემოვნებული აქვს, ძალიან მოეწონა ქართული სიმღერა. სცადა ემღერა. უშუალო და თავისუფალი ტიპია. ჭაჭა მისი სუსტი წერტილია. თუმცა ქართული ღვინის სადღეგრძელოში თქვა ასეთი რამ: ღვინის სამშობლო საქართველოა და 8 ათასი წლის წინ, ქართველმა აღმოაჩინა ღვინოო. ფრანგი რომ აღიარებს, ღვინის სამშობლო საქართველოაო და ყველაზე მაგარი ღვინო სწორედ აქ არისო, ცალკე სიამაყის საგანია.

კაჭრეთში ვუმასპინძლეთ და იქიდან ჩამოსული კლუბში წავიდა.  იქ უცხოელების ჯგუფი დაგვხვდა და ბეგბედერმა ცოტა ხანი იდიჯეა კიდეც. მშვენივრად გაერთო და გაართო ყველა იქ დამსწრე. გარდა იმისა, რომ კალამს ფლობს კარგად, აღმოჩნდა, რომ ელექტრონული მუსიკის "კეთებაც" ხელეწიფება.

შეყვარებულია საქართველოზე. ბინის ყიდვას და თბილისში დასახლებას აპირებს. 

შეიძლება ითქვას, ჩემი კოლეგა ქართველი მწერლებივით, ისიც ასეთივე ახლობელი გახდება.

დაღვინებულ ასაკშია, თუმცა ეს ხელს არ უშლის იყოს ბოჰემური, მხიარული, უშუალო და არტისტული.