1749217709
ჯერ შეიფარა, მერე დაქორწინდა - გაიცანით ტელეწამყვანი შაინინას ამერიკელი მეუღლე

ტელეწამყვანი, ნინო ბარათაშვილი დაქორწინდა. შაინინა „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ მარიუს მიშელი, რომელიც დღეს 65 წლის გახდა, ამერიკაში პანდემიის პერიოდში გაიცნო.
ტელეწამყვანი მეუღლესთან შეხვედრის ისტორიას „პრაიმტაიმთან“ იხსენებს.
მისი თქმით, ისტორიის დასაწყისი ნამდვილად არ იყო მარტივი, თუმცა ახლა თავს ბედნიერად გრძნობს.
„ჩამოსვლისთანავე მოვხვდი ჩემი მეგობრების ოჯახში, სადაც ცოტა ხანს უნდა ვყოფილიყავი, შემიფარებდნენ და ვცხოვრობდი მათთან ერთად. ძალიან საინტერესო ქალბატონია, ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი - რუმინელი ებრაელი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკში იყო გარკვეული ხანი. ნიუ იორკში ძალიან ცნობილი ქალი არის ებრაელთა საზოგადოებაში, რადგან მასზე რამდენიმე ფილმია გადაღებული. საოცრად კეთილშობილი და კეთილი ქალი იყო, სწორედ მისგან გავიცანი მარიუსი, მისი მეგობარია. როდესაც პანდემია დაიწყო, ეს ქალბატონი გარდაიცვალა, ზუსტად იმ დღეს, როდესაც ჩაკეტეს მთლიანი ნიუ იორკი, წითელ ზონად გამოცხადდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აიკრძალა.
როდესაც მარიუსმა დარეკა და იკითხა, როგორ ვიყავით, ვუთხარი, რომ რეიჩელი გარდაიცვალა საავადმყოფოში და სამწუხაროდ, ვეღარ შეხვდებოდა ის მას. მაშინ მითხრა მარიუსმა - ნინო, ვიცი, რომ წასასვლელი არსად გაქვს, არავის იცნობ და გთავაზობ, გადმოხვიდე ჩემთან საცხოვრებლად, გექნება შენი ადგილი და იქნები მშვიდად“, - იხსენებს შაინინა.
მისი თქმით, თავიდან გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდა, თუმცა იმ დროს სხვა გამოსავალიც არ არსებობდა.
„ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ რეიჩელის სახელმა მომცა ის შვება და ძალა, რომ ამ ადამიანის ნდობა შეიძლებოდა. სიმართლე რომ გითხრათ, გამოსავალიც არც იყო, ამიტომ დავთანხმდი მის წინადადებას, გადავედი მასთან სახლში საცხოვრებლად. პანდემიის პერიოდი იყო ჩემი ადაპტაცია, ამერიკასთან შეგუების. მერე დავინახე, როგორი მზრუნველი იყო ჩემ მიმართ, როგორ მმფარველობდა, რამდენი რამ გააკეთა ჩემ გამო და ჩემთვის.
რომ ჩამოვედი, ინგლისურად სადღაც 100 სიტყვა ვიცოდი. შემდეგ მარიუსმა დაიწყო „იძულებით ინგლისურის თავზე მოხვევა“, ყველა ოთახში, ტელევიზორებში სხვადასხვა გადაცემა გადიოდა ინგლისურად, სუბტიტრებით. მაიძულებდა, რომ ყოველდღიური გეგმები დღიურში ინგლისურად მეწერა. თავიდან მეგონა, რომ ეს კონტროლის ერთ-ერთი საშუალება იყო, რადგან გაეგო, რას ვაკეთებდი და როგორ ვაკეთებდი. ბუნებრივია, ძალიან რთულია, ენდო უცხო ადამიანს, რომელსაც სახლში შემოუშვებ. ამაზე თავიდან მქონდა პროტესტი, ვჩხუბობდი, ჩემს საზღვრებს ვიცავდი. ძალიან რთულია, როდესაც ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრობ უცხო ადამიანთან, რომელთანაც არ გაქვს დაცულობის მომენტი, რომელიც შეიძლება გქონდეს უცხო ქვეყანაში, შენს სანაცნობო წრეში, მაგრამ თავისი საქციელით ამ ადამიანმა მალევე დაიმსახურა ჩემი ნდობა, თუმცა მისი მხრიდან ცოტა გაჭიანურდა, რადგან ასაკიდან გამომდინარე, მეტი სიბრძნე, მეტი გამოცდილება აქვს, კარგად იცის არალეგალური მოქალაქეები რას აკეთებენ იმისათვის, რომ ლეგალიზაცია მიიღონ და ფრთხილად მიყურებდა, შორიდან. თავიდანვე მქონდა ნათქვამი მისთვის, რომ მე არ მჭირდება არანაირი დახმარება ამ საქმეში, რადგან პროცესი მქონდა დაწყებული, როგორც პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელს, რადგან ჩემი აქ ჩამოსვლის საწყისი ძალიან ტრაგიკული და გამოქცევის ტოლფასი იყო, საქართველოდან.
მას შემდეგ ორი წელი გავიდა, წელს 31 მარტი იყო, როდესაც მითხრა - ნინო, გაიღვიძე, მივდივართ რომელიღაც ქალაქში... ვკითხე, რა გვინდოდა ამ ქალაქში და მითხრა, ხელი უნდა მოვაწეროთო.
ჩვენი ურთიერთობა მაშინვე არ დაწყებულა, როგორც კი მასთან გადმოვედი, არამედ - თანდათანობით, როდესაც ჩვენ შორის ნდობა გაჩნდა და ძალიან ლამაზი სიტუაციები წარმოიშვა. ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ სიყვარულით შეიცვალა და არა მხოლოდ მადლიერებით, რადგან მე ნამდვილად მადლიერი ვიყავი იმ პერიოდში. როგორც თვითონ ამბობს ხოლმე, - პატარა ბარტყივით თავის ბუდეში შემიფარა და ცდილობდა, დავეფრთიანებინე იმისთვის, რომ მერე უკვე ლაღად მესწავლა ფრენა ამერიკის ამ უკიდეგანო სივრცეზე. შეიძლება ითქვას, რომ მან ეს შეძლო და ასე სიყვარულით დავქორწინდით“, - ამბობს ტელეწამყვანი.
მისი თქმით, ორ წელზე მეტია, რაც ამერიკაში ცხოვრობს და მის გარშემო ყველაფერი შეიცვალა.
„ორ-წელ-ნახევარი ხდება, რაც ამერიკაში ვარ ჩამოსული, შევეჩვიე ყველაფერს, უკვე ადაპტირებული ვარ და რაც მთავარია, თვალი არ მეცეს, ძალიან ბედნიერი ვარ. როდესაც ყოველ დღე უყურებ შენს მფარველ ანგელოზს, როგორ შეიძლება იყო?! ღმერთს ვთხოვ, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს დაცულობის ის შეგრძნება, რომელიც ამ ქვეყანაში მოვიპოვე მე და რომლის გამოც ასე თავისუფლად ვგრძნობ თავს“, - ამბობ შაინინა „პრაიმტაიმთან“ საუბარში.