1756184460
ის, რასაც ჩვენ ვახორციელებდით ამ აქციების დროს, მონიტორინგი იქნებოდა, იურიდიული დახმარება, თუ ა.შ. იყოს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში - ნინო დოლიძე

რამდენიმე წუთში საქალაქო სასამართლოში IDFI-ის ხელმძღვანელს, გიორგი კლდიაშვილს ელოდებიან. ის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება, რადგან მან პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა.
მანამდე სასამართლოში იმყოფებოდა "სამართლიანი არჩევნების" ყოფილი ხელმძღვანელი. ნინო დოლიძემ გამოძიების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა.
მისი განცხადებით, კითხვები ძირითადად საპროტესტო აქციებსა და იმ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციის შესყიდვებს ეხებოდა.
"კითხვები, ძირითადად, შეეხებოდა აქციების მიმდინარეობას, როგორც გაზაფხულის დროს, გასულ წელს, ასევე ნოემბერ-დეკემბერთან დაკავშირებით. აინტერესებდათ, იყო თუ არა ორგანიზაცია ჩართული ამ აქციების ორგანიზებაში და გვქონდა თუ არა რაიმე კავშირი ძალადობასთან და ა.შ.
ცხადია, კითხვები არის შესყიდვასთან და ჩემს განცხადებებთან დაკავშირებით, რაც იყო. პასუხი, რა თქმა უნდა, იყო ის, რაც არის სიმართლე. ის, რასაც ჩვენ ვახორციელებდით ამ აქციების დროს, მონიტორინგი იქნებოდა, იურიდიული დახმარება, თუ ა.შ. აბსოლუტურად ჯდებოდა ჩვენს საქმიანობაში, იყოს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და ვახორციელებდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის, დემოკრატიისთვის, შესაბამისად ამ შეკითხვებს ვუპასუხე", - განაცხადა ნინო დოლიძემ.