„თქვენით ვამაყობ“ - რა კადრებს აქვეყნებს ავარიაში დაშავებული დების დედა
1732259677
ვახტანგ ფანჩულიძე, რომელიც მაყურებელმა ბურნუთას როლით შეიყვარა, 67 წლის გახდა. სამსახიობო განათლება არ მიუღია,თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სახასიათო როლები ცამეტ ფილმში ეთამაშა და სამუდამოდ დარჩენილიყო მაყურებლის მახსოვრობაში.
აი, როგორ ემადლიერება მსახიობი მაყურებელს და თანამემამულეებს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ვახტანგ ფანჩულიძე: ჩემო საყვარელო ქართველებო! ჩემო ძვირფასო მეგობრებო! ჩემო ლამაზო, კეთილო ადამიანებო!
ძალიან დიდ მადლობას გიხდით ჩემი დაბადების დღის მოლოცვისათვის! მინდა იცოდეთ, რომ ძალიან მიყვარხართ და აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მადლობის გრძნობით ვარ თქვენდამი განწყობილი, რადგან ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ მე, ჩემი საყვარელი ქართველი ერის გარეშე, ჩემი ლამაზი, კეთილი, უნიჭიერესი, უსაყვარლესი ქართველი ხალხის წიაღისაგან განცალკევებით, ღმერთი არასოდეს მომცემდა შესაძლებლობას, რომ ჩემი კინო გმირების განსახიერებითა და კინო როლების შესრულებით, სიხარული მიმენიჭებინა საყვარელი ქართველი ხალხისათვის და ჩემი ქართველი ერისაგან გაზიარებული დიდი სიყვარულის გარეშე, ვერც ვერაფერს მივაღწევდი ღირებულს! ამიტომ ყველაფერი, რაც კარგი გამიკეთებია ჩემი ცხოვრების მანძილზე, ეს მხოლოდ თქვენი, ჩემი საყვარელი ქართველი ხალხის დამსახურებაა და დიდი მადლობა თქვენ ამისათვის!
შარშან მარტში დედა გარდაეცვალა...
"ინტერვიუსთვის არ მაქვს შინაგანი ძალა. განადგურებული ვარ...", - მითხრა მსახიობმა.
დედას ასაკი არ აქვს. გვგონია, რომ სულ უნდა იყვნენ, ჩვენს იმედად. მსახიობის ამ გულწრფელ ნათქვამშიც ზუსტად ეს ჩანს. უკანასკნელ გზაზე 94 წლის დედა გააცილა და ასე მძაფრად განიცდის.
მერე ძალა მოიკრიბა და მისთვის ძვირფასი ადამიანი "პრაიმტაიმთან" გაიხსენა.
ვახტანგ ფანჩულიძე: დედა, ალექსანდრა შურა კახიძე, ხანდაზმული კი იყო, მაგრამ თავისი ასაკით არ შევუწუხებივართ. ერთი წლის წინ ინფარქტი გადაიტანა. არ უყვარდა, რომ მის მიმართ მზრუნველობას ვიჩენდით. მორიდებული იყო. არ გვაწუხებდა. ღმერთმაც ხელი შეუწყო და ამ ასაკამდე ჯანმრთელად მივიდა.
ბოლო ექვსი თვის მანძილზე, საწოლზე ჩამოჯდებოდა ან ოთახში დადიოდა.
მთელი ბავშვობა მისგან განსაკუთრებული და გადაჭარბებული ყურადღება მახსოვს. მისი ეს გადამეტებული ყურადღება ხანდახან დისკომფორტს მიქმნიდა. უნდოდა, სულ მხედველობის არეალში ვყოლოდი. მერე ეს ჩემდამი მზრუნველობა მთელი ცხოვრება გამოჰყვა.
სახლში ვერ მნახავდით. სულ ქუჩაში ვთამაშობდი, ვიდექით, ვხუმრობდით. ზაფხულობით ფულს ვაგროვებდით ბიჭები და სოჭში მივდიოდით დასასვენებლად. ხშირად გავპარულვართ კიდეც.
სულ ჩხუბებში ვიყავი. უბნებში დავდიოდით ბიჭები საჩხუბრად, ხუთი ხუთზე, ათი ათზე და სახლშიც ხშირად ვბრუნდებოდი "შელამაზებული".
ერთხელ ავარიაში მოვყევი და საავადმყოფოში აღმოვჩნდი.
მოკლედ, ჩემგან გამომდინარე იყო დედა რომ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ.
ახლა რომ ჩემი ახალგაზრდული შეცდომები და მის მიმართ ჩემი უხეში რეაქციები მახსენდება, გული მტკივა და განვიცდი... არ უნდა გავღიზიანებულიყავი, თავი უნდა შემეკავებინა.
ქუჩაში მნახა რეზო ესაძემ და კინოსტუდიაში დამიბარა. შემდეგ, ორ კვირაში პეტერბურგში უნდა ჩამოხვიდეო, მითხრა. იქ იღებდა თავის ფილმს "სიყვარული ერთი ნახვით".
დედას რომ ვუთხარი, რეჟისორი მიბარებს, პეტერბურგში უნდა წავიდე-მეთქი, არ დამიჯერა, შენ მეგობრებთან ერთად სადღაც გინდა გაპარვა დასასვენებლადო. მაშინ 18 წლის ვიყავი.
ბატონ რეზოს ვუთხარი, ვერ მოვდივარ, დედა არ მიჯერებს- მეთქი.
ტელეფონით დამალაპარაკეო. წავედით მთავარ ფოსტაში, მივეცით ზარის შეკვეთა პეტერბურგში. და დავალაპარაკე დედა. ნახევარი საათი დასჭირდა ბატონ რეზოს, რომ დედა ძლივს დაერწმუნებინა, რომ ნამდვილად გადასაღებ მოედანზე მიწვევდა. მერე მაინც მარტო არ გამიშვა, ჩემზე უფროსი სიძე გამომაყოლა. მერე, მოგვიანებით მაინც ჩამომაკითხა და ნახა, რა გარემოში ვიყავი და რას ვაკეთებდი.
ამგვარად კინოში ჩემი ნათლობა შედგა ფილმით "სიყვარული ერთი ნახვით". მსახიობობაზე მანამდე არც ვფიქრობდი. თუმცა ფილმები ძალიან მიყვარდა. ერთხელ შატალოთი კინოთეატრში წავედით და "შესანიშნავი შვიდეულის" ექვსი სეანსი ზედიზედ ვნახეთ.
დედას ძალიან უყვარდა ჩემი ფილმების ყურება. ყველას უყვებოდა ჩემს ფილმებზე.
"ხარება და გოგია" დიდ ეკრანზე რომ ნახა, ჩემი გმირის მკვლელობის სცენაზე, წამოხტა და ვაიმე, შვილოო, დაიყვირა. ტელევიზიითაც როცა ამ მომენტს ნახავდა, ყოველთვის განიცდიდა.
"სიყვარული ყველას უნდა" ძალიან უყვარდა. ბატონ გიორგი შენგელაიას იცნობდა. კახეთშიც იყო ჩამოსული. ბურნუთას როლში რომ არ მკლავენ, უხაროდა, მაგრამ უკმაყოფილო იყო იმით, ბირჟაზე მდგომი ტიპი რომ მარტყამს და მაფრთხილებს, იმ გოგოს თავი უნდა დაანებოო. ამ მომენტზე თვალებს ხუჭავდა. ამ დროს, მე ხომ ჩხუბს და ჩალურჯებული თვალებით სიარულს, მიჩვეული ვიყავი.
გოგლიკა ამილახვრიშვილი, ვინც მე მირტყამს ფილმში, ევროპის ჩემპიონი იყო ძიუდოში. გიორგი შენგელაიამ უთხრა, ძლიერად დაარტყი, ეფექტურად რომ ჩანდესო. მე კიდე მითხრა, შეიმჩნიე, თითქოს მაგრად დაგარტყაო. გოგლიკამ ისე დამარტყა, მართლა მქონდა "სინიაკი."
ერთოთხიან "ხრუშჩოვკაში" ვცხოვრობ. ნახალოვკაში კერძო კომპანიამ სახლი დაანგრია და ვერ ააშენა და წლებია მოლოდინში ვართ.
შვიდი წელია მუშტაიდის ბაღში ვმუშაობ, კარუსელებზე. მყავს ერთი ვაჟი.
თუ კინოგადაღებაზე დამიძახებენ, მივდივარ და ვთამაშობ. სამი წლის წინ სანდრო კობერიძემ გადამიღო ფილმში "რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ". ფილმმა გერმანიაში პრიზი აიღო. შარშან რუსუდან ჭყონიამ გადამიღო ფილმში "ვენეცია". ახლა პოსტპროდაქშენის პროცესშია.
ადრე, 70-იან-80-იან წლებში შეგეძლო დაგეწუნებია ფილმი, როლი. იყო ამის ფუფუნება. კინოსტუდია წელიწადში 12 სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, 150 მოკლემეტრაჟიანს და სატელევიზიო ფილმებს იღებდა. მსახიობს სამუშაო ჰქონდა. ახლა არ არის სამუშაო და თუ რეჟისორი როლს შემოგთავაზებს, აუცილებლად თანხმდები.
მე არც იმ დროს მითქვამს როლებზე უარი. ერთხელ ერთ ფილმში შემომთავაზეს მხოლოდ ფოტოს გადაღება, ვითომ ბოქსიორი ვიყავი და ეს ფოტო უნდა გამოეყებინათ ფილმში, თითქოს დაღუპული იყო ჩემი პერსონაჟი. მერე ამ ფილმის რეჟისორმა მკითხა, ბოქსზე დადიოდიო? არა-მეთქი. ფილმისთვის სპორტსმენები კონსულტაციას გვიწევდნენ და შენი ფოტო რომ ნახეს, იკითხეს, ეს პროფესიონალი ბოქსიორიაო? ისეთი ნაჩხუბარი ვარ, ამ "სტოიკის" დაჭერა არ გამჭირვებია.
რაზე მწყდება, იცით, გული, პრაგმატული ადამიანი არ ვარ. შეცდომებს ვუშვებდი. პრაქტიკულობა მაკლდა, ამიტომ რაღაცები წავაგე.
კარიერით კმაყოფილი ვარ. თავიდან რომ დამეწყო ცხოვრება, ისევ მსახიობის კარიერას ავირჩევდი.
ასევე დაგაინტერესებთ: ,,მსგავსად სიყვარულის გამცემი ადამიანი, არ ვიცი... უკანასკნელი 15 წელი ვიცხოვრე მასთან..." - კახი კავსაძე 88 წლის გახდებოდა