კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
ჩვენი ქვეყნის ყველაზე პოპულარული და პოზიტიური ტყუპები - არველაძეები დღეს 50 წლის გახდნენ. შოთის და აჩის რომ იუმორისტული შოუ ჰქონდეთ, რა რეიტინგს დაწერდნენ, დაახლოებით მაინც ხომ წარმოგიდგენიათ?! მღერიან, ცეკვავენ, ხუმრობენ, პოზიტივს აფრქვევენ - შოუს მეტი რა უნდა? მაყურებლის სიმპათია დიდი ხანია მოპოვებული აქვთ. რამე "საღლიცინო" ვიდეოს დადებენ თუ არა, სოციალური ქსელები მაშინვე გადაჭრელდება არველაძეებით...
იმას, რომ პროფესიაში შემდგარი ადამიანები არიან და ამავდროულად, პიროვნულად ეძვირფასებიან ერს, ხერხემალს ის ფაქტიც უმაგრებს, რომ ჰუმანურები და მართლები არიან.
მოკლედ, ჩემი რესპონდენტი, რეჟისორი ქეთი დოლიძე ტყუპების დედის ბიძაშვილია. თამრიკო და ქეთი ერთ სახლში გაზრდილან. რეჟისორი "პრაიმტაიმს" ძმებზე უყვება.
ქეთი დოლიძე: კეთილები, თბილები, მოსიყვარულეები, ადამიანურები, ქველმოქმედები არიან. საოცრად უყვართ თავისი ქვეყანა და სადაც არ უნდა იყვნენ, ამას ყოველთვის, ყველგან ამტკიცებენ.
არაჩვეულებრივად ცეკვავენ. ცეკვის ნიჭი ბაგრატიონებისგან მოჰყვებათ. მათი დედის – თამრიკოს დედა, ჯანო ბაგრატიონის ბიძაშვილია. არველაძეების ბაბუა, ბორისი და მამაჩემი, სიკო – ძმები არიან. მე და თამრიკო, ბიჭების დედა, ერთ სახლში გავიზარდეთ, ბაზალეთის 7 ნომერში. თამრიკო ჩემთვის ნომერ პირველი ადამიანია, ჩვენ განუყრელები ვართ.. ჩვენ ერთად გავზარდეთ შვილები.
ბიჭებს ნიჭიერი მამა ჰყავთ, "კიჭა". მხოლოდ დედისგან არ მოდის მათი ნიჭიერება. იუმორით სავსეა "კიჭა". მასთან ერთად ჯდომა და დროის გატარება დიდი ხალისია.
ერთი სასაცილო მომენტი მახსენდება ტყუპების ბავშობიდან. მაშინ "ტილიანობა" რომ იყო, თავი ჰქონდათ გადაპარსული, ძალიან ხალისობდნენ ამით. სხედან სამზარეულოში, ადგათ თავზე ძიძა ჟენია. ზაფხულია და შემოფრინდა ბუზი. იფრინა ბუზმა და შოთის დააჯდა. აიქნია ხელი, ბუზმა იფრინა და ისევ შოთის დააჯდა. ისევ აიქნია ხელი. და მერე აჩის დააფრინდა. ჟენია, რა სულელია ეს ბუზი, მაგას ჰგონია აჩი მე ვარო, იხალისა შოთიმ. ახლობლებს მათი გარჩევა არასდროს უჭირდათ, მაგრამ ისე, სკოლაში თუ გუნდში, ამასთან დაკავშირებით თვითონ ბევრ კურიოზს ჰყვებიან.
არაჩვეულებრივი, კეთილშობილი და ძალიან მზრუნველი ბიჭები არიან. ჩემი ცხოვრების დიდი იმედია სამივე. რამე თუ გამიჭირდება ბიჭებისკენ – რეზიკოსკენ და ტყუპებისკენ მაქვს მთელი გული და სული მიმართული. ვიცი, რომ არ გამწირავენ და ყოველთვის გვერდზე მეყოლებიან.
მე სამივეს ვულოცავ დაბადების დღეს. სამი წლითაა უფროსი რეზი. ძმები განუყოფელნი არიან.
ბევრ ადამიანს და ოჯახს ეხმარებიან, სიკეთეს ჩუმად სთესენ. გაბრაზდებიან ახლა რომ ამას ვამბობ მათზე. არ უყვართ ამის აფიშირება. მაგრამ ეს ფაქტია, ძალიან კეთილშობილები არიან.
50 წელი აბსოლუტურად არ ეტყობათ. ჩვენ ოჯახში წლოვანებას ვერ ვიმჩნევთ ვერც ერთი.
ვულოცავ თქვენი მეშვეობით და მინდა დიდხანს გვყავდნენ კარგად. მინდა ბედნიერები იყვნენ, შვილებით ეხაროთ. მინდა დიდხანს ვუყურო ჩემს სიცოცხლე ბიჭებს.