1732172400
„მისი საქართველოდან წასვლა, დიდი შეცდომა იყო...“ - რას გვიყვება იუბილარ ლევან უჩანეიშვილზე ქეთი დოლიძე
ლევან უჩანეიშვილი 64 წლის გახდა. მსახიობი წლებია ამერიკაში ცხოვრობს. ქეთი დოლიძე მიიჩნევს, რომ მან საქართველოდან წასვლით შეცდომა დაუშვა. რეჟისორის აზრით, სამშობლოში გაცილებით მეტს მიაღწევდა.
არის როლები, რომელიც ბოლომდე მიჰყვებათ მსახიობებს. მიუხედავად იმისა, რომ მის შემოქმედებაში "სპირალში" შესრულებულ როლს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, უჩანეიშვილი მაინც, მაყურებლის მეხსიერებაში კუკარაჩად დარჩა...
ქეთი დოლიძე "პრაიმტაიმთან" თავის სავიზიტო ბარათად ქცეული ფილმს იხსენებს და იუბილარს დაბადების დღეს ულოცავს.
ქეთი დოლიძე: ლევანს იმ დროს უკვე დამთავრებული ჰქონდა თეატრალური ინსტიტუტი. და უკვე პრაქტიკულად, ჩვენთან იყო თეატრში. მე ზუსტად ვიცოდი, რომ ლევანის დამტკიცება მინდოდა კუკარაჩას როლზე. სამხატვრო საბჭო შემეწინააღმდეგა - გარეგნულად არ ესადაგება დუმბაძის გმირს, კუკარაჩა შავგრემანია, უჩანეიშვილი კი ცისფერთვალება და თეთრიო. არჩევანში მხარს მხოლოდ რეზო ჩხეიძე და ირაკლი კვირიკაძე მიჭერდნენ.
სინჯები რომ გადავიღე და მამაჩემს და ნოდარ დუმბაძეს ვაჩვენე, ორივემ მითხრა, სწორი არჩევანი გაქვს გაკეთებულიო. შეკრული ორ საათიანი მასალა, დამონტაჟებამდეც მათ ვაჩვენე. ნოდარმა მითხრა, ეს არის ჩემი კუკარაჩაო! რა თქმა უნდა, ეს იყო ყველაზე დიდი შეფასება.
ვალდებული ვიყავი, რომ სხვებიც გამესინჯა როლზე, ბევრი გავსინჯე როგორც ინგას, ასევე კუკარაჩას როლზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ნინელი ჭანკვეტაძე და ლევან უჩანეიშვილი უკონკურენტოები იყვნენ, ისევე როგორც ზაზა კოლელიშვილი და მარინა ჯანაშია.
მიუხედავად ამ მსახიობების მდიდარი ბიოგრაფიისა, ბევრი ნათამაშები როლებისა, მათ სწორედ ამ ფილმის გმირები მოჰყვებათ. ისევე როგორც მე მომყვება მთელი ცხოვრება "კუკარაჩა" და იმედი მაქვს, "მარტოხელა მონადირე". ამ დროს შვიდი ფილმი მაქვს გადაღებული.
იყო ასეთი რუსული "ლიტერატურული გაზეთი", რომელსაც პრაქტიკულად, 200 მილიონი ადამიანი კითხულობდა. იქ გამოქვეყნდა ნოდარ დუმბაძის ინტერვიუ. ის ამბობს, რომ ჩემი ყველა ნაწარმოები ეკრანიზებული იყო, დიდ პატივს ვცემ და მადლობას ვეუბნები ყველა რეჟისორს, მაგრამ თუ მკითხავთ, ამ ეკრანიზაციებს შორის, რომელია ნოდარ დუმბაძე, გეტყვით, ეს არის ქეთი დოლიძის "კუკარაჩა" და ლეილა გორდელაძის "ძაღლი"-ო.
- რას მიაწერთ ამ წარმატებას?
- ყველაფერს ერთად, მთელ ანსამბლს, მსახიობებს, რეჟისორს, სცენარის ავტორებს. ბატონი ნოდარი სცენარს თვითონ არასდროს წერდა. რეჟისორებს ანდობდა. მე არ ვარ სცენარისტი, აიღეთ ჩემი ნაწარმოებები და მოუარეთო, ამბობდა. ჩემთვისაც აქვს ნათქვამი და ბოლომდე ვერ ეგუებოდა იმას, რომ "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", გურიაში არ იყო გადაღებული. პირტიტველა, ხრიოკზე გადაღებული ფილმია. ნოდარ დუმბაძის გმირები არ შეიძლება აღმოსავლეთ საქართველოში იყვნენ დაბადებულნი.
როგორც რეჟისორი იხსენებს ლევანმა პირველი გადასაღები დღე ლამის ჩაშალა. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ლევანმა თმა შეიღება.
ქეთი დოლიძე: პირველი დღეა და ლევანმა გადასაღებ მოედანზე დააგვიანა. ანიკო დეიდას სახლში გვაქვს გადაღება. მოვიდა და ვუყურებთ მე, მარინა ჯანაშია და ოპერატორი, რაღაც უცნაურად გვეჩვენება. თურმე დილიდან წასულა საპარიკმახეროში და კუნაპეტი შავი საღებავით შეუღებავს თმა. იმ კადრებში ეტყობა კიდეც, რომ არანორმალურად შავი თმა აქვს, არაბუნებრივად. არავის გვკითხა, წავიდა და თმა შეიღება. როგორ შეიძლება ასეთი შავი თმა გქონდეს, როცა ასეთი ღია ცისფერი თვალები და ღია წაბლისფერი თმა გაქვს-მეთქი. კინაღამ გავგიჟდით! სხვა ეპიზოდებში სხვა ფერი აქვს, საღებავი გადაუვიდა.
მე ძალიან მიყვარს ის ეპიზოდი, მურტალო რომ კლავს. კარგად თამაშობს.
ყველა ფილმზე მყავდა არაჩვეულებრივი ოპერატორი მიხეილ მელნიკოვი. ის იყო მხატვარიც. ძნელი იყო ლევანის ღია ფერის თვალების გადაღება. მიშა ქვევიდან აყენებდა განათებას, რომ მისი თვალის ღია ფერი ოდნავ ჩაექრო. სწორედ მიშას დამსახურებაა, რომ ლევანის თვალის ფერი არაჩვეულებრივად ჩანს "კუკარაჩაში". სხვა ფილმებში არ არის ასეთი გარეგნობის ლევანი.
ფილმის მსახიობებმა მეორე დღეს ვარსკვლავებმა გაიღვიძეს. ძალიან პოპულარულები იყვნენ.
ლევანის ბრალია ის, რომ უფრო მეტ წარმატებას ვერ მიაღწია. დაბადების დღეა მაგრამ ვიტყვი, რომ მისი საქართველოდან წასვლა დიდი შეცდომა იყო. აქ ბევრად მეტს გააკეთებდა კინოშიც და თეატრშიც. თუმცა ეს მისი გადაწყვეტილება იყო და ღმერთმა კარგად ამყოფოს.
დღესაც ვურთიერთობ ლევანთან. ლევანს მივულოცავ. ახლა ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. ახლა რას აკეთებს ნამდვილად არ ვიცი. გასაიდუმლოებული აქვს ყველაფერი.
ჯანმრთელობას და სიხარულს ვუსურვებ...