საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732477853
ცირა ხოშტარია კახი კავსაძის დეიდაშვილია, რომელმაც ლეგენდარულ მსახიობთან, ერთ ჭერქვეშ, უკანასკნელი თხუთმეტი წელი გაატარა.
ბავშვობიდან მოყოლებული, მთელი ცხოვრება ერთად გამოიარეს. ჰოდა, სულაც არ იყო გასაკვირი, რომ მსახიობმა, როცა მარტო დარჩა, ცირას გარდა სხვა არავინ ისურვა, რომ მასზე ეზრუნა...
ლეგენდარული არტისტის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა...
არქიტექტორი ცირა ხოშტარია "პრაიმტაიმთან" სწორედ კახისთან გატარებულ სხვადასხვა პერიოდებს იხსენებს.
ცირა ხოშტარია: - რაც თავი მახსოვს, მახსოვს კახიც... მთელი ცხოვრება, ბავშვობიდან მოყოლებული. მე, ჩემი და და კახი და მისი ძმა იმერი, ერთად ვიზრდებოდით. ჩვენს დედებს განსაკუთრებული დედმამიშვილობა ჰქონდათ, განუყრელები იყვნენ. ჩვენი მამები ომში რომ წავიდნენ, რახან მე და ჩემი და პატარები ვიყავით, დეიდამ შეგვიფარა. ის ექიმი იყო და ავად თუ გავხდებოდით, ყოველმხრივ გვპატრონობდა. დეიდა, კახის და იმერის დედა, არაჩვეულებრივი ქალი იყო, საოცრება...
ბოლოს ბავშვობას რომ ვიხსენებდით, კახი მეუბნებოდა, დედაშენი შენს თავს რომ დამიტოვებდა, მე ფანჯარასთან ვიჯექი და ვუყურებდი, ბავშვები ბურთს როგორ თამაშობდნენ, ეზოში ვერ ჩავდიოდი, ორი წლის ბავშვს მარტო ხომ ვერ დავტოვებდიო? უფროსი ძმის თვისება ბოლომდე შერჩა. არავინ ავალებდა, მაგრამ თვითონ იჩენდა მზრუნველობას. ბოლოს მე აღმოვჩნდი მის მომვლელად...
მერე მამა დაბრუნდა ომიდან და ცალკე გადავედით, თუმცა ზაფხულობით დეიდაშვილები სულ ერთად ვიყავით, აგარაკსა თუ ზღვაზე... კახი ყველაფერში ჩვენი მეთაურში იყო. სადაც არ უნდა ჩავსულიყავით, ბავშვებში მაშინვე ლიდერად იქცეოდა. ყოველთვის გამორჩეული იყო. სულ პატივისცემას იმსახურებდა. ყველა მისკენ ისწრაფვოდა. ქარიზმა ბავშვობიდან ჰქონდა, ყველას მასთან უნდოდა ურთიერთობა. სპექტაკლებს დგამდნენ, ჩვენ მაყურებლები ვიყავით.
რომ გავიზარდეთ, მე და ჩემს დას გვაკონტროლებდა, სად მიდიხართ, ვისთან მიდიხართო და ჩვენ ამაზე საშინლად ვბრაზობდით. მაგრამ რომ გაგვიჭირდებოდა, ისევ კახი იყო ყველაფერში ჩვენი მშველელი. ასეთი თვისება ჰქონდა სულ - მასთან საშველად მისულ ადამიანს უარით არასდროს გაისტუმრებდა, ყველგან დაჰყვებოდა.
ბავშვობიდანვე ემპათიური იყო. თუმცა კახიც და იმერიც რთული ბავშვები იყვნენ. დეიდაჩემი ამბობდა, ირინა ბუგრიმოვა ვარო (საბჭოთა კავშირში ცნობილი ვეფხვების მომთვინიერებელი). ხან ტრამვაიდან ჩამოხტებოდნენ, ხან ცუდი წრის ბიჭები უტრიალებდნენ... ცელქები იყვნენ, ანგრევდნენ სახლს. მათთან ორომტრიალი იყო. დედა დაერეოდა ორივეს. დედის წარმოუდგენელი ხათრი და სიყვარული ჰქონდათ. იცით, რას ამბობდა, დედას რომ მოერტყა, ეს ჩემთვის დამცირება არ იყო, რადგან ის ყოველთვის სამართლიანი იყოო... მამის სიყვარულს უნერგავდა. ჩვენც კი ველოდით დათაშკას ჩამოსვლას. ეს მოლოდინი სულ იყო, რადგან გამუდმებით გვესმოდა, დათაშკა ჩამოვაო... გარდაცვალების შემდეგაც მამა, მისი ბიჭებისთვის, ცოცხალი იყო.
სკოლაშიც კარგად სწავლობდა. სპორტშიც წარმატებული იყო. ყველაფერი გამოსდიოდა.
კახის და ბელას სიყვარულზე ახალს ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი ითქვა...
მახსოვს, ერთხელ მოვიდა ჩვენთან, დიდი ბაღი გვქონდა და ნუშის რტოები დატეხა, დიდი გაშლილი ყვავილები დაკრიფა... სად მიგაქვს ეგ თაიგული-მეთქი, ვკითხე. ეგ შენი საქმე არ არისო, მითხრა და წაიღო. არ ვიცოდით, ბელასთან მის ურთიერთობაზე. ნუშის ყვავილებიც თურმე ბელასთვის მიურთმევია. მაშინ დაიწყო მათი სიყვარულის ამბავი...
რომანტიკულობას არ ამჟღავნებდა. ზოგჯერ, მკაცრიც იყო, მაგრამ ბელას მიმართ მზრუნველი და მოყვარული იყო, ყოველთვის სინაზე ჰქონდა... როდესაც ბელას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა, კახი უფრო და უფრო მზრუნველი ხდებოდა. ყოველთვის მიკვირდა, რატომ არ იღლება ეს კაცი ამ ყველაფრით-მეთქი. პირიქით, მისთვის სიყვარულით აკეთებდა ყველაფერს. და თითქოს სიამოვნებდა. დეიდა მეტყოდა, კახისთვის ეს ტვირთი არ არის, ეს მისი მოთხოვნილებაა, რომ რაღაცით შეეხიდოს ცოლს ავადმყოფობაშიო.
ბოლოს, სიბერეში, როდესაც მეგონა, რომ ნაკლებად განიცდიდა ბელას არ ყოფნას, ერთხელ, გურანდა გაბუნიას სტუმრობის შემდეგ მითხრა: რა იქნებოდა ბელაც ცოცხალი ყოფილიყო. ჩვენ ხომ ცოცხლები ვართ და ისიც ჩვენს გვერდით ყოფილიყოო. გულდაწყვეტილი თქვა. წარმოიდგინეთ, 30 წლის შემდეგ კიდევ მას ნატრობდა...
ამერიკაში გულის ოპერაცია რომ გაიკეთა და ჩამოვიდა, მასთან მორიგი ვიზიტის დროს, რაღაც არ მომეწონა, გამხდარი მომეჩვენა. დამხმარე ქალი კი ჰყავდა სახლში, რომელიც ულაგებდა და ურეცხავდა, მაგრამ შევატყვე, კვების პრობლემა ჰქონდა. თვითონ არაფერს მეუბნებოდა. ამიტომ დავურეკე მისი ბავშვობის მეგობარს, გივი გადელიას: რა ხდება კახის თავს-მეთქი? შენ ვერ გეუბნება და ისეთი დიეტა აქვს დანიშნული, საზოგადოებრივი კვების ადგილებში ვეღარ იკვებება, ამიტომ პრაქტიკულად მშიერიაო. გამისკდა გული! მე ვიყავი ისეთი ადამიანი, ვისაც შეეძლო, რომ ამ საქმეში დახმარებოდა. თვითონ აბსოლუტურად უმწეო იყო მზადების ამბავში. ვუთხარი, ხომ არ გინდა შენთან გადმოვიდე საცხოვრებლად და საჭმელი მოგიმზადო-მეთქი? როგორ არ მინდა, მაგრამ ვერ გეუბნებიო... ავდექი და გადავედი. მაშინ დიდი ჯაფა არ დამდგომია, დამხმარე ქალბატონი ალაგებდა და რეცხავდა, მე დიეტურ, უცხიმო, უმარილო სადილებს ვუმზადებდი. თან ვცდილობდი გემრიელი ყოფილიყო. მოკლედ, კახი მოვასულიერე და მოიკეთა კიდეც...
გამოვიდა ისე, რომ 15 წელი ვიცხოვრე მასთან. ისეთი ადამიანი იყო, რომ უცხოს სახლში ვერც აიტანდა. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო უმწეო გახდა. მახსოვრობა დაუსუსტდა. ვერ მივატოვებდი.
კორონა მან მოიტანა სახლში. კახის სახლში ყოფნა ხომ არ შეეძლო. ვთხოვდი, ნუ დადიხარ, გადაგედება-მეთქი. ვერ გავაჩერე, ხალხთან ურთირეთობა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ვირუსი მოიტანა კიდეც და გადაგვედო მეც, მის მომვლელსაც, იმერის და მის ოჯახს. მე საავადმყოფოში დავწექი. მერე უფრო და უფრო გაურთულდა, გაურთულდა და... პატარაც არ იყო, თუმცა შეიძლებოდა კიდევ ეცოცხლა.
ჩემი 11 წლის შვილიშვილი ძალიან მეგობრობდა კახისთან. ფეხბურთელია და როგორი ბედნიერი იყო კახი... ის ხომ ფეხბურთის ფანატი იყო მთელი სიცოცხლე. დადიოდა თამაშებზე... ახლა ჩემი შვილიშვილი ისეთი გულისტკივილით და სიყვარულით იხსენებს... მასზეც ასეთი კვალი დატოვა.
ჩემთვის ხომ სულერთი იყო სხვები რას ფიქრობდნენ მასზე. თუმცა, სხვათა შორის, სანამ ცოცხალი იყო, არასდროს მიფიქრია, რა ნიჭიერი იყო. ახლა რომ ვუყურებ ნაწყვეტებს მისი მონაწილეობით, ვხვდები, რომ მართლა გამორჩეული იყო, აბსოლუტურად სხვანაირი. მახსოვს, მისი ნათქვამი სადღეგრძელოები, ან როგორ მოიფიქრებდა, საიდან მოდიოდა ასეთი სიტყვები... უცნაურად გამოთქვამდა სათქმელს.
ძალიან ენატრებოდა შვილიშვილები. ბევრსაც ვერ ელაპარაკებოდა. როდესაც დარეკავდნენ, ბაბუშკოო, ეტყოდა. ისე ეფერებოდა, რომ უკვე სიტყვები აღარ ჰყოფნიდა. ოღონდ იმათი ხმა გაეგონა... გიჟდებოდა ნანუკაზე და მის შვილსა და შვილიშვილზე.
მსგავსად სიყვარულის გამცემი ადამიანი, მე იშვიათად მეგულება. დედამისიც ასეთი იყო. კახისაც ბევრი ადამიანისთვის ჰქონდა სიკეთე გაკეთებული. ქუჩაში რომ ვეღარც დადიოდა უკვე, მაინც არ გაუშვებდა ბავშვს ისე, რომ არ მოფერებოდა. სახელს ეკითხებოდა, რას თამაშობო, გამოელაპარაკებოდა. ასეთი იყო.
ჩვენს ოჯახში ყველასთვის მაგალითია კახი, ნამდვილად. იმერიზეც გიჟდებიან ჩემი შვილები და შვილიშვილი. მაგრამ კახი გამორჩეული იყო. ალბათ, სხვებისთვისაც ასეთად ჩანდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამხელა სიყვარული და პოპულარობა ისე არ მოვიდოდა მასთან.