ბავშვებმა, რომლებსაც ინგლისის მუზეუმში პასტელები დაურიგეს, ისტორიული ქანდაკებები დაჯღაბნეს

ქანდაკებები

მუზეუმები ბავშვებისთვის შეიძლება მოსაწყენიც აღმოჩნდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, მაშინ არა, როცა თავშესაქცევად სახატავი მასალები აქვთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს

ინგლისში, ვუსტერშირის საგრაფოში, კრუმის მუზეუმის საკუთრებაში მყოფ ექსპონატებს აპრილის დასაწყისში საეჭვო წარმომავლობის ლურჯი ხაზები გაუჩნდათ. დაზიანებული ნივთებიდან ერთ-ერთი 230 წლის წინ შექმნილი ქანდაკებაა, რომელსაც ლურჯი პასტელით სახე, მხრები და წელი ჰქონდა მოხატული.

მალევე გაირკვა, რომ პასტელები სულ ცოტა ხნით ადრე მუზეუმის დამთვალიერებელ ბავშვებს დაურიგდათ; სახატავი მასალების მოზარდებისთვის გადაცემა აქტივობის ნაწილი ყოფილა.

"მომხდარით შეშფოთებულები ვართ, კრუმის მუზეუმის თანამშრომლები კი, გასაგებია, რომ მეტად გაბრაზებულები არიან", - წერს მუზეუმების ასოციაცია გავრცელებულ განცხადებაში, - "ინციდენტის გამოსწორებას დრო და მუზეუმის მცველებთან კონსულტაცია დასჭირდა, ასევე სხვა თანამშრომლებთან, რომლებმაც ქანდაკება და მემორიალური დაფა გაასუფთავეს. საბედნიეროდ, ქანდაკებაზე პასტელის მოშორება დამატებითი და ძვირად ღირებული მასალების გარეშე გახდა შესაძლებელი". 

დაზიანებული ქანდაკება, რომელიც რომაული მითოლოგიის პერსონაჟ საბრინას გამოსახავს, მე-19 საუკუნის დასაწყისით თარიღდება და სკულპტორ ჯონ ბეიკონს ეკუთვნის.

როგორც მუზეუმების გაერთიანება დასძენს, "მსგავსი ინციდენტები სამწუხარო, თუმცა, იშვიათია", რადგან მათი დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტების მილიონობით სტუმარი ადგილებს პატივს სცემს.