მოსკოვში აცხადებენ, რომ მიიღეს ცხრა ქვეყნის დასტური, რომ მათ BRICS-ის პარტნიორობა სურთ

მოსკოვი

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, რამდენიმე ქვეყანა 2025 წლის პირველი იანვრიდან BRICS-ის პარტნიორის სტატუსს ოფიციალურად მიიღებს.

„ყაზანის სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო BRICS-ის პარტნიორი ქვეყნების კატეგორიის დაფუძნება და 13 სახელმწიფოს სიის შეთანხმება. ამ სახელმწიფოებს გაეგზავნათ შესაბამისი მოსაწვევები. დღეისათვის BRICS-ის პარტნიორ სახელმწიფოს სტატუსის მიღების მზაობის დადასტურება მიღებულია ბელარუსის, ბოლივიის, ინდონეზიის, ყაზახეთის, კუბის, მალაიზიის, ტაილანდის, უგანდისა და უზბეკეთისგან“, – განაცხადა უშაკოვმა.

უშაკოვის განმარტებით, „2025 წლის პირველი იანვრიდან ისინი ოფიციალურად მიიღებენ BRICS-ის პარტნიორი სახელმწიფოების სტატუსს“.

„თუმცა, ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში პასუხები მივიღოთ კიდევ ოთხი ქვეყნისგან, რომლებსაც ასევე გაეგზავნათ მოწვევები“, – თქვა უშაკოვმა.

ამ ქვეყნების წარმომადგენლები მიწვეულნი იქნებიან BRICS-ის სამიტების ფარგლებში ცალკეულ სხდომებზე და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებზე.

„ჩვენ ასევე მიგვაჩნია სწორად პარტნიორების ჩართვა უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი წარმომადგენლების სხდომებში, საპარლამენტო ფორუმსა და სხვა ღონისძიებებში“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.