ტრაგედია ყაზახეთში - ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, გადარჩენილია 25
1735115797
16 წლის მოზარდის დედამ „კურიერთან“, შვილის დაჭრის დეტალები გაიხსენა. მშობელი, რომელიც უკვე მეორე დღეა კლინიკაში შვილის გამოჯანმრთელებას ელოდება, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს.
დედამ, როგორც თავად ამბობს, კარგად იცის, ვინ მიაყენა დანით მის შვილს მრავლობითი ჭრილობები. გავრცელებული ინფორმაციით, ის 14 წლის მოზარდია. მშობელი ჰყვება რომ შვილის თანასკოლელი ერთ-ერთი კონკრეტულ დაჯგუფებაშია გაწევრიანებული, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. ჯგუფის წევრები გადაადგილდებიან ნიღბებით რათა, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მათი ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდეს.
დაჭრილი მოზარდის დედა, „კურიერთან“ დანაშაულის მოტივზეც საუბრობს. ქალი ჰყვება, რომ სავარაუდო დამნაშავემ, მისი შვილის მოკვლა რამდენიმე თვის წინ განიზრახა და დახურულ ჯგუფში სტატუსიც დაწერა. განზრახვის სისრულეში მოყვანას კი გუშინ შეეცადა, მაშინ როდესაც სკოლის მოსწავლე ძმასთან ერთად ქუჩაში სეირნობდა.
„რაღაც დაჯგუფებაა... სამი წლის წინ, შეხლა-შემოხლა მოხდა და სკოლაში მოაყენა ნიღბიანი ბიჭები, მერე, თითქოს ჩაწყნარდა ყველაფერი.
სულ ემუქრებოდა, ოღონდ დიდი ბიჭებით, მაგრამ როგორც ვხვდები, ბიძამ ყველაფერი იცოდა. ჩემს შვილთან რა უნდოდა, არ ვიცი, იმიტომ, რომ ეს ბავშვი გადავიდა ამ სკოლიდან. მერე, თურმე დაუწერია სტატუსი, უნდა მოვკლაო. როცა გაიგო, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია მოგვივიდა, უცებ აიღო სტატუსი“, - განაცხადა დაჭრილის დედამ.
მოზარდებს შორის მომხდარ კონფლიქტზე კარგად იციან დაჭრილი არასრულწლოვნის მეგობრებმაც. ისინი "კურიერთან" დამატებით დეტალებს ჰყვებიან.
16 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე ინტენსიურად მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილას პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. 14 წლის მოზარდის დაკავება ცხელ კვალზე მოხდა.
ზესტაფონის ქუჩაზე სისხლიან ანგარიშსწორებას ბევრი თვითმხილველი ჰყავდა. ადგილობრივები იხსენებენ, რომ სკოლის მოსწავლეს დანით ჭრილობები მოულოდნელად მიაყენეს. სისხლის კვალი შემთხვევის ადგილას ახლაც ეტყობა.
დაჭრილი სკოლის მოსწავლე ამ დრომდე კლინიკაში, უგონო მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
"კურიერმა" დაკავებული მოზარდის მშობელთან გასაუბრებაც სცადა, თუმცა საცხოვრებელ მისამართზე არავინ იმყოფებოდა.